Facebook Twitter

საქმე №ას-693-693-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ღ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.-მ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზრაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ტრანზიტ-მ“-მ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ღის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნასყიდობის საგნის ღირებულების _ 2 048 ლარის, თანხის დროულად გადაუხდელობის გამო ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის _ 655 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 365 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს, შესაბამისად, არც თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობია მხარეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 048 ლარის ანაზრაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ აპელანტს დაავალა ხარვეზის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები, უსახსრობის გამო ვერ შეძლო ბაჟის გადახდა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას დაედო საფუძვლად. მხარის განმარტებით, ის ამჟამად მზადაა, გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული სხელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ს. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო საჩივრის შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ მიზნით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ;

1.2.2. სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მას არც შუამდგომლობის ფაქტობრივი დასაბუთება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის და არც ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენია;

1.2.3. 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რა აპელანტის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა იგი და სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფიო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსიისა და იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მხარეც მონაწილეობდა პროცესში. საპროცესო ვადა მხარეს განუსაზღვრა 7 დღით. ამავე განჩინების შესწავლით ირკვევა სასამართლოს მხრიდან აპელანტისათვის საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიურ შედეგებზე გაფრთხილების ფაქტი;

1.2.4. ხსენებული განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩააბარა 2018 წლის 16 მარტს.

1.2.5. არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ხარვეზის გამოსწორება და ამჟამად მზადაა გადაიხადოს ბაჟი. პალატა ამ განმარტებას არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს:

1.4.1. სასამართლო ხელმისაწვდომობის ფართო უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ გამოუსწორებია რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შუამდგომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი