Facebook Twitter

საქმე №ას-778-778-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ვ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ო-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ჭ. ქ#..-.-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ წარმოადგენს ნივთის მართლზომიერ მფლობელს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აპრილის განჩინებით (საოქმო), სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის უხეში დარღვევით: სააპელაციო სასამართლომ განმეორებით დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რაც არასწორია, განჩინების თანახმად, მხარეს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა, იგი არ გამოცხადდა სხდომაზე, ხოლო გამოცხადებულ წარმომადგენელს კი, არ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილოების უფლება. სასამართლოს ამ მსჯელობას აქარწყლებს ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილია ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა გამოცხადებული პირის მიმართ, რომელსაც მარწმუნებელმა მიანდო საქმის განხილვა, ხოლო ის გარემოება, ამ პირს ჰქონდა თუ არა საქმის განხილვაში მოანწილეობის უფლება, არ შეიძლებოდა სცოდნოდა მარწმუნებელს, უფრო მეტიც, თუკი ეს წინაპირობა სავალდებულო იყო, მაშინ სასამართლოს სხვა დროისათვის უნდა გადაედო საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ე. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2018 წლის 17 აპრილს, 17:00 საათზე. საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უწყება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაბარდა 2018 წლის 28 მარტს;

1.2.2. განსაზღვრულ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რაიმე შუამდგომლობა ან განცხადება სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება, მის ნაცვლად სხდომაზე გამოცხადდა წარმომადგენელი ნესტორ ედიბერიძე;

1.2.3. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, ნ.ედიბერიძეს აპელანტმა მიანდო საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვა, რწმუნებულება გაცემულია 2020 წლის 17 სექტემბრამდე, თუმცა უდავოა, რომ წარმომადგენელი არ არის ადვოკატთა ერთიან სიაში რეგისტრირებული;

1.2.4. გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ მიმართულებით აცხადებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი წარმომადგენელს შეეძლო თუ არა მარწმუნებლის ინეტერსების დაცვა ზემდგომ სასამართლოში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე მხარეს არ მიუთითებია, რაც შეეხება ნესტორ ედიბერიძის გამოცხადებას, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე (პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, – ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე) იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ამგვარი საპროცესო მოქმედება არ ჩაითვლება არც მხარის სასამართლოში გამოცხადებად და არც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობად საპატიო მიზეზის კონტექსტში (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სსსკ-ის 241-ე მუხლი) თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).

1.6. პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ მსგავს ვითარებაში სასამართლოს უნდა გადაედო საქმის განხილვა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. არც ერთი საპროცესო დანაწესი განსახილველ შემთხვევაში, საქმის განხილვის გადადების აუცილებლობას არ ითვალისწინებს.

1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი