Facebook Twitter

საქმე №ას-757-757-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ. კ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ბექა კუხალაშვილი, მზია კუპრავა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ქ. კ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ის, ბ. კ-ისა და მ. კ-ას (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან მფლობელები, გ.კ-ის ასევე წოდებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან #01... უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, შესაგებელში აღნიშნეს, რომ სარჩელში მითითებულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმებოდნენ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული ჩაბარდა მოსარჩელეს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა და მოითხოვეს მისი სრულად გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გიორგი კუხალაშვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის თანახმად, აპელანტებს უნდა განემარტათ, თუ რას მოითხოვდნენ სააპელაციო საჩივრით და მიეთითებინათ თუ რა საფუძვლით უნდა გაუქმებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მხარეთა მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, ხოლო გაუქმების საფუძველს _ მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობა. ეს გარემოებები კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ მიზნით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლის თანახმადაც, სააპელაციო მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაა, რაიმე ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მხარეები წარადგენენ „გასაჩივრებული გადაწყვეტილების ახალ ფაქტობრივ გარემოებებს;

1.2.2. 15.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორებს დაავალა, მიეთითებინათ: თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდნენ აპელანტები; იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ამართლებდა სააპელაციო საჩივარს; წარედგინათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ვადაში მყოფი ამონაწერი ან სახელმწიოფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 10 დღით და განემარტათ მხარეებს ამ საპროცესო მოქმედებათა შეუსრულებლობის შედეგები;

1.2.3. 07.03.2018წ. განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ზემოხსენებული საპროცესო მოქმედებების შესრულების ვადა 10 დღით;

1.2.4. დადგენილ ვადაში პალატას განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და განმარტა, რომ არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, რაც მის ოჯახს ათავისუფლების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, ითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება და წარადგინა შესაბამისი ამონაწერი;

1.2.5. 05.04.2018წ. განჩინებით პალატამ კვლავ გაუგრძელა ვადა აპელანტებს 10 დღით დარჩენილი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად;

1.2.6. დადგენილ ვადაში აპელანებმა მიმართეს სასამართლოს განცხადებთ და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმის პირველი-მე-4 ნაწილებით განსაზღვრულია ის სავალდებულო კრიტერიუმები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ წინაპირობათა დაცვა განაპირობებს სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას და აპელანტის წარმატებას, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. დასახელებული ნორმა შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულების კერძო შემთხვევაა და ადგენს, რომ სასამართლო ვერ გასცდება მხარის პრეტენზიათა ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებს იმ მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევბზე, რომლებიც მხარეს არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ აღიარებს ინკვიზიციურობის პრინციპს, იგი წარმოუშობს მხარეს ვალდებულებას, დაასაბუთოს კონკრეტული პრეტენზია. კანონმდებლობის ამგვარი პოლიტიკა სრულად გამორიცხავს ფორმალიზმს და სამართალწარმოებაში მხარის წარმატებას მისი მხრიდან პრეტენზიის დასაბუთებულობას უკავშირებს.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არარეთხელ გაუგრძელა აპელანტებს საპროცესო ვადა და არაერთხელ განუმარტა ამომწურავად, როგორც დადგენილი ხარვეზის საფუძვლები, ისე _ მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები, პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებულ იქნა სრული საპროცესო რესურსი იმისათვის, რათა მფლობელებს ესარგებლათ სასამართლოს ხელმისაწვდომობით, თუმცა მათ თავად არ განკარგეს საკუთარი საპროცესო შესაძლებლობები და კვლავ ზოგადი, აბსტრაქტული შედავებით შემოიფარგლენ, ასეთ ვითარებაში კი, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ მხარეებს დადგენილი საპროცესო მოქმედება ჯეროვნად არ განუხორციელებით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

1.5. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი