საქმე №ას-785-785-2018 18 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ. ხ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მატერიალური ზიანის _ 26 433,30 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 21 მაისს ხარაგაულის რაიონ სოფელ ვ–აში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი „კრაზის“ მარკის ავტომანქანა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, მოპასუხის ბრალეულობით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 26 000 ლარის ზიანი, ხოლო ავტომანქანიდან დაღვრილი 235 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება შეადგენს 433,30 ლარს. მიყენებული ქონებრივი დანაკლისი მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2014 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გამოიძახა ქ.ქუთაისის უზრუნველყოფის ბატალიონის მორიგემ და უბრძანა სასწრაფოდ წასულიყო ქ.გორში, სადაც ავარიულად საგზაო მაგისტრალზე გაჩერებული იყო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სხვა ავტომანქანა. მოპასუხეს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება უნდა წაეყვანა ქ.ქუთაისში. ვინაიდან ბატალიონის ავტოფარეხში სხვა საბუქსირე მექანიზმი არ იყო, აიღო ხისტი საბუქსირე მექანიზმი, რომლის ვარგისიანობა არ შეუმოწმებია, დადო ავტომანქანის ძარაზე და გაემგზავრა ქ.გორისკენ, სადაც ჩავიდა დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ჩაუბა დაზიანებული ავტომანქანა მასზე განპირობებულ ავტომანქანას და დაიძრა ქ.ქუთაისის მიმართულებით. ხარაგაულის რაიონის სოფელ ვ–ასთან, დაახლოებით 03:00 საათზე, ავტომანქანის მოძრაობისას, გატყდა საბუქსირე მექანიზმი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაბამისად, მას ბრალი არ მიუძღვის, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 216,65 ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე აპელანტმა _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ავტომანქანა „კრაზი“ (სახ. #N-... მოსარჩელის საკუთრებაა, რომელზეც 2014 წლის 1 აპრილის #161 ბრძანებით, სათადარიგო მძღოლად მიმაგრებული იყო მოპასუხე;
1.2.2. 2014 წლის 21 მაისს ბატალიონის მორიგისაგან მოპასუხემ მიიღო დავალება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, დაზიანებული ავტომანქანა „კრაზის“ (სახ. #N-...) ქ.გორიდან ქ.ქუთაისში წაყვანის შესახებ. ა/მანქანის გადაყვანისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად დაზიანდა მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფი „კრაზის“ მარკის ავტომანქანაზე (სახ. #N-... ხისტი საბუქსირე საშუალებით მიმაგრებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა „კრაზი“ (სახ. #N-...);
1.2.3. 2014 წლის 21 მაისის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითრის თანახმად, 2014 წლის 21 მაისის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა ავტომანქანა „კრაზის“ (სახ. #N-... მძღოლი პ. ხ-ე. ჯარიმის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 და მე-10 ნაწილები (მძღოლის მიერ ბუქსირების წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება);
1.2.4. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2014 წლის 20 აგვისტოს გაცემული #ს-61-94/ატრ დასკვნის თანახმად, ხისტი საბუქსირე მექანიზმი, რომელიც 2014 წლის 21 მაისს გამოიყენა მოპასუხემ, იყო ქარხნულად დამზადებული, თუმცა მას სამ ადგილზე აღენიშნებოდა კუსტარულად გადაკეთების (დაგრძელების) კვალი;
1.2.5. ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „კრაზის“ მარკის ავტომანქანა (სახ. #N-...) დაზიანდა, არ ყოფილა გამოწვეული მოპასუხის ბრალეულობით (მოპასუხე დაზიანებული ავტომანქანის სათადარიგო მძღოლი იყო და მისი სხვაგვარი ფუნქციური ვალდებულების შესახებ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხისტი საბუქსირე მექანიზმი, რომელიც მოპასუხემ გამოიყენა, იყო ქარხნულად დამზადებული, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას სამ ადგილას აღენიშნებოდა კუსტარულად გადაკეთების კვლები და მიუხედავად მისი გადაკეთებისა, იგი კვლავ რჩებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექსპლუატაციაში. მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, ხისტი საბუქსირე საშუალება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სპეციალურ საწყობში (გარაჟში) ინახებოდა, რომელიც ილუქებოდა და მასზე მხოლოდ ზედამხედველ თანამშრომელს – „ტექნიკის უფროსს“ მიუწვდებოდა ხელი. გარაჟის პლომბიც და გასაღებიც სწორედ მას ჰქონდა. მოპასუხეს, როგორც მძღოლს, მხოლოდ ა/მანქანის მართვა ევალებოდა და გამოძახებაზე მარტო არასოდეს გადიოდა. ყველა მანქანას, როგორც წესი, მიყვებოდა „ტექნიკის უფროსი“, რომელიც პასუხისმგებელი იყო მანქანის გამართულობაზე. მძღოლს საბუქსირე საშუალების ტექნიკურად შემოწმება არ ევალებოდა. თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი ერთეული ხისტი საბუქსირე საშუალება გააჩნდა და ყველა მას იყენებდა, შესაბამისად, მანაც გამოიყენა ის, რაც იყო, ვინაიდან სხვა არჩევანი არ ჰქონია. სხნებულ ახსნა-განმარტებაში მითითებული არც ერთი გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, მან დაადასტურა, რომ მანქანისა და სხვა საშუალებების ტექნიკურ გამართულობაზე ზედამხედველობა მძღოლს არ ევალებოდა, რაც გამორიცხავს მძღოლის ბრალეულობას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მოვალეობები ასახულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლში, რომელიც მოიცავს მხოლოდ ისეთ მოქმედებებს, რომელიც მძღოლმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის მომენტიდან უნდა განახორციელოს. იგი არ მოიცავს მითითებებს მძღოლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ, შესაბამისად, პ. ხ-ის მიერ აღნიშნული მუხლით დადგენილი რაიმე მოვალეობის დარღვევაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე აპელირებას [აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება...], იგი მძღოლის ბრალეულობას ვერ ადასტურებს, რადგანაც ნორმის წინაპირობების არსებობა უარყოფილია მეორე აპელანტის განმარტებით, ხოლო სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სხვა რელევანტური მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რითაც დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭე სისტემის უმოქმედობა დადასტურდებოდა, მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის. რაც შეეხება, საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, იგი ადმინისტრირების მიზნებს ემსახურება და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ხისტი საბუქსირე მოწყობილობა ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს, რაც საპატრულო პოლიციას არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საჯარიმო ქვითრის გამოწერისას), ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანში პ. ხ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას და დელიქტური ვალდებულების დაკისრების წინაპირობების არარსებობის ფაქტის დაუდგენლობას უკავშირდება, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მასზე დაკისრებული ფაქტების დადასტურების ვალდებულება. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ვლინდება მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ნივთის დაზიანება, ამასთანავე, დაზიანება გამოწვეულია კასატორის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ნივთის (ხისტი საბუქსირე საშუალება, რომლის ვარგისიანობაზე პასუხისმგებელი თავად მოსარჩელეა) გამოყენების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება _ ზიანის დადგომა დაუძლეველი ძალის შედეგად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი