№ას-1836-2018 29 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ც.მ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ე.კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 17 დეკემბერს ე.კ–სა (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და ც.მ–ს (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 13-17, ტ.1), შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 2 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 2014 წლის 17 მარტი, სარგებელი - 5% თვეში, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული, გურჯაანის რაიონში, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. 2014 წლის 20 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის თანხა განისაზღვრა 3100 ლარით, სარგებელი 3%-ით, ხოლო სესხის დაბრუნების ვადა - 2014 წლის 20 აგვისტოთი (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 18, ტ.1).
3. 2014 წლის 25 სექტემბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის ვადა, 2015 წლის 25 თებერვლამდე გაიზარდა, სარგებელი კი, 3,68%-ით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 19, ტ.1).
4. 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, მსესხებელმა სარგებელი სრულად გადაიხადა.
5. მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცლის დამოწმებული ასლი (დუბლიკატი), (იხ. ს.ფ. 20-25, ტ.1). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირი თანხა - 3100 ლარით, სამი თვისა და 18 დღის სარგებელი და 2014 წლის 20 აპრილიდან დარიცხული პირგასამტეხლო - 334,80 ლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 128.49 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
7. 2017 წლის 22 თებერვალს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული #170046808 სააღსრულებო ფურცელის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ის ამტკიცებდა, რომ სასესხო ვალდებულება სრულად შეასრულა, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მოთხოვნა უკანონო იყო.
8. მოპასუხემ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა ძირითადი თანხისა და სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურებაა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის 3100 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯით - 128,49 ლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 623-ე მუხლი გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს მხოლოდ კრედიტორის მიერ სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის მიღების შესახებ წერილობითი დოკუმენტით, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება საკმარისი არ იყო სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული სასესხო ვალდებულება, რის გამოც არ არსებობდა სადავო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი.
11.2. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების) თანახმად, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა პოზიციას სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე, ჯამში მოსარჩელისა და ა. ს–ის მიერ გადახდილია 1780 ლარი (რაც მოპასუხემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა ხუთი თვის სარგებელსა და პირგასამტეხლოს), ხოლო ნ.ს–ის (შემდეგში - მესამე პირი) მიერ 2185 ლარი, ეს უკანასკნელი კი, მოპასუხის განმარტებით, პირადად მის მიერ ნასესხები ფულია და გადახდაც პირადი ვალდებულების და არა მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ანგარიშშია მიმართული.
11.3. პალატის დასკვნით, ვინაიდან, მოსარჩელემ უარი განაცხადა მოწმის/მესამე პირის დაკითხვაზე, არ არსებობდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხის მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ანგარიშში ჩათვლის საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
12.1. კასატორის მტკიცებით, 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით სარგებელი სრულად იყო გადახდილი, ამ პერიოდისათვის სესხი 3100 ლარი იყო და ჯამში 5165 ლარი გადაიხადა, რაც ფარავს, როგორც ძირითად თანხას, ასევე - პროცენტს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემულ #170046808 სააღსრულებო ფურცელის ბათილად ცნობაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
19. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
20. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2014 წლის 20 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის თანხა განისაზღვრა 3100 ლარით, ხოლო 2014 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით - სესხის ვადა, 2015 წლის 25 თებერვლამდე გაიზარდა, სარგებელი კი, 3,68%-ით განისაზღვრა, ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, სარგებელი სრულად იქნა გადახდილი. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა გადასახდელი თანხის ოდენობას - 3100 ლარს, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე.
21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის 3100 ლარის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 102-ე მუხლი). აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორს არ წარმოუდგენია.
22. რაც შეეხება მოსარჩელის/კასატორის მიერ სასესხო ვალდებულების შერულების დასადასტურებლად, მესამე პირის მიერ თანხის (2185 ლარი) გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებს (გადახდის ქვითრებს), მოპასუხის განმარტებით, ეს პირადად ამ უკანასკნელის მიერ ნასესხები თანხაა და გადახდაც მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენაა მიმართული. კასატორი არც სარჩელში და არც საკასაციო საჩივარში არ უთითებს, რომ მესამე პირმა, კრედიტორს მისი ვალის ნაწილი, სწორედ მისი დავალებით გადაუხადა, ამასთან, თავადვე განაცხადა უარი ამ უკანასკნელის მოწმედ დაკითხვის თაობაზეც, რაც გამორიცხავს მესამე პირის მიერ გადახდილი თანხის კასატორის ვალდებულების შესრულების ანგარიშში ჩათვლის შესაძლებლობას.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-28-28-2018, 19.05.2018წ).
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი