№ას-1875-2018 29 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – მ.ი.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.თ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან ბავშვის დედა) და მ.ი. (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან ბავშვის მამა) 2012 წლიდან 2013 წლის მარტამდე არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
2. 2013 წლის 3 იანვარს მხარეებს შეეძინათ შვილი - ნ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი), (იხ. დაბადების მოწმობა, ს.ფ. 15, ტ.1), რომელიც ცხოვრობს დედასთან.
3. მოპასუხე შრომისუნარიანია, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისი შემოსავალი - 750 ლარია.
4. მოპასუხე არ ასრულებს შვილის რჩენის მოვალეობას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1212-ე მუხლი).
5. 2017 წლის 17 ოქტომბერს, მოსარჩელემ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაჰკისრებოდა ალიმენტის - 300 ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე (სსკ-ის 1212-ე მუხლი).
6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის 80 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის, 100 ლარის, გადახდა ყოველთვიურად 2017 წლის 9 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა.
7.1. იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტი ის გარანტირებული მინიმუმია, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სიმტკიცე, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 100 ლარი მიიჩნია.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრვ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, 200 ლარის, გადახდა 2017 წლის 9 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
9.1. ვინაიდან ბავშვი დედასთან ცხოვრობდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მშობლებს შორის არასრულწლოვნის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა განაწილდეს, დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, აღზრდისათვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. პალატის დასკვნით, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინება რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და ვინ უფრო მეტს ხარჯავს.
9.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარსა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობა არ უნდა განისაზღვროს ფორმალურად და იგი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროება, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ალიმენტი - 200 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც მცირეწლოვანი ბავშვისათვის აუცილებელია საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორის მითითებით, მისი სამი თვის დასაბეგრი შემოსავალი - 750 ლარია, ანუ ყოველთვიური შემოსავალი - 250 ლარი, იმ პირობებში, როცა საქმეში წარდგენილია და გადაწყვეტილებაშიც მითითებულია, რომ კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მისთვის 200 ლარის ალიმენტის დაკისრება არასამართლიანია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
18. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-495-469-2015). „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
19. კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, რომ კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს კმაყოფაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს.
20. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს/კასატორს წარდგენილ შესაგებელში არც ამ ფაქტზე მიუთითებია და არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის/აპელანტის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილის ყოლის ფაქტი, ორივე მშობლის მატერიალური შესაძლებლობა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, გონივრულად და სამართლიანიად განსაზღვრა ალიმენტი - 200 ლარი, რომლის წინააღმდეგაც, კასატორს დასაბუთებული შედავება არ შემოუთავაზებია საკასაციო სასამართლოსათვის.
21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
22. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
23. „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს
გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ)(სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (მაგ: იხ. სუსგ №ას-204-191-2014, 20 .10. 2014 წ, №ას-529-502-2015, 10.09.2015წ, №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ).
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.ი–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.01.2018) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი