Facebook Twitter

№ას-1941-2018 29 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ჯ.ე.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ხ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ ქობულეთში, ......., მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) 2018 წლის 10 იანვრიდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 14-15, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. 2018 წლის 13 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ჯ.ე–ას (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.

5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ 14.08.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 62), შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რომლის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

5.2. მოპასუხის წარმომადგენელმა მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება 2018 წლის 31 აგვისტოს ჩაიბარა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 01.09.2018 წელს დაიწყო და 14.09.2018 წელს ამოიწურა.

5.3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ნათესავის გარდაცვალების გამო ქალაქში არ იმყოფებოდა, არ აქვს მობილური ტელეფონი, რის გამოც წარმომადგენელმაც ვერ შეძლო მასთან დაკავშირება, ამ უკანასკნელმა გასაჩივრების თაობაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო, თავად კი, ვადებში ვერ ერკვევა, შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრების 14 დღიანი ვადის აღდგენას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ მისმა წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან მე-17 დღეს, 2018 წლის 31 აგვისტოს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 74), აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 01.09.2018 წელს (წარმომადგენლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღეს) დაიწყო და 14.09.2018 წელს ამოიწურა.

12. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 17 სექტემბერს წარადგინა (იხ. ს.ფ.76). სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

13. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადა გაშვებულია თუ არა საპატიო მიზეზით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ე–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი