საქმე №ას-1662-2018 25 მარტი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „G.C.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით , შპს „G.C“ -ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ.ქ–ის (შემდეგში: შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მოპასუხე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე და შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და საჩივრის ავტორს დაევალა 7 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა:
3.1. სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
3.2. სააპელაციო საჩივრის ნაბეჭდი სახით შესრულებული ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. დასახელებული განჩინება, გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 6 ივლისს ჩაჰბარდა წარმომადგენლის - ი.გ–ძის მეუღლეს მ.მ–ძეს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - შემდეგში: სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
5. აპელანტი კომპანიის დირექტორმა 2018 წლის 16 ივლისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ხარვეზის აღმოფხვრისათვის 7 დღიანი ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 7 ივლისს და ამოეწურა იმავე წლის 13 ივლისს, პარასკევს, 24:00 საათზე, ხოლო, ხარვეზის აღმოფხვრის განცხადება წარდგენილია ვადის დარღვევით, 2018 წლის 16 ივლისს (სსსკ-ის 59-ე, 61.2-ე, 63-ე მუხლები).
8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ხარვეზი შევსებულია 7 დღიან ვადაში, ხოლო აღნიშნულის დასტური სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 16 ივლისს.
8.2. ზემოაღნიშნული განაპირობა იმ ფაქტმა, რომ უწყება ჩაბარდა არა უშუალოდ წარმომადგენელს არამედ მის მეუღლეს, რომელმაც დაგვიანებით გადასცა უწყება ადრესატს.
8.3. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მეუღლე მუშაობს იმერეთის პრობაციის ეროვნულ ბიუროში მისამართზე ქ. ქუთაისი, ..... ხოლო მისი იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ...... უშუალოდ კომპანიის იურიდიული მისამართი კი - ქ. ქუთაისი, .....
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად ჩააბარა გზავნილი მხარის წარმომადგენლის მეუღლეს, ამასთან ხარვეზი ვადაში აღმოიფხვრა, ხოლო დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს 2018 წლის 16 ივლის წარედგინა.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით“ და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა“.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარში მითითებული აქვს მისამართი - ქ. ქუთაისი, ....., ხოლო წარმომადგენლის მისამართი - ქ. ქუთაისი, ....... საქმეში არსებული გზავნილით (ტ.1,ს.ფ. 173) ირკვევა, რომ ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინება მხარეს გაეგზავნა წარმომადგენლის მისამართზე (აღნიშნული მისამართებია მითითებული სხვა საპროცესო დოკუმენტებშიც, მაგ: სარჩელი ტ.1,ს.ფ.1; მინდობილობა ტ.1,ს.ფ. 63; შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე ტ.1,ს.ფ. 111) და ჩაჰბარდა წარმომადგენლის მეუღლეს.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4-7 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე და, სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, განმარტავს რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადა დაიწყო 2018 წლის 7 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 13 ივლისს. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ დასახელებულ ვადაში სასამართლოსათვის ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "G.C"-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე