Facebook Twitter

საქმე №ას-786-786-2018 13 ივლისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის საფუძვლები

1.1. ნ.კ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) 2015 წლის 26 მარტს სარჩელი აღძრა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ცენტრი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ და მოითხოვა:

1.1.1. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 2 მარტის N12-2 ბრძანების ბათილად ცნობა;

1.1.2. ადმინისტრაციული ცენტრის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა;

1.1.3. 2015 წლის 2 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხისათვის, ყოველთვიურად 2 100 ლარის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

1.2. მოსარჩელის განმარტებით, იგი 2013 წლის 14 იანვრიდან მუშაობდა ცენტრში ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 16). 2014 წლის აგვისტოში ცენტრში განხორციელდა ცვლილებები, გათავისუფლდა იმ დროს მოქმედი დირექტორი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გ.მ., რომელიც მოსარჩელეს აიძულებდა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაეწერა (იხ. ტ. 1, ს/ფ 28). დასაქმებულმა 2015 წლის 24 თებერვალს მიიღო გაფრთხილება შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 78). 2015 წლის 2 მარტს კი N12-2 ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა, რაც სხვა ობიექტური გარემოების გამო დასაქმებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს (იხ. ტ. 1, ს/ფ 79).

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა:

3.1.1. მოპასუხის 2015 წლის 2 მარტის №12-2 ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი;

3.1.2. მოსარჩელე ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგა;

3.1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 2 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 2 100 ლარის, გადახდა დაეკისრა.

3.2. აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა და მხარეები სხდომაზე მოწვეული იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხის წარმომადგენელ თ.ბ–ძეს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, 2015 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ეცნობა, რაც სასამართლო უწყებაზე (ხელწერილი) მისი ხელმოწერით დასტურდება.

3.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.უ–მა 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა, რადგან საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.

3.4. სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა და დაასკვნა, რომ სშკ-ის 31-ე, 38-ე, 32-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდნენ, ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. მოპასუხის საჩივარი

4.1. მოპასუხის წარმომადგენელმა 2016 წლის 17 თებერვალს საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

4.2. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს სხდომის დღეს, დილის 9:00 საათზე იგი გამოცხადდა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და თავს გრძნობდა შეუძლოდ. სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 10:00 საათზე, შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა დროის ამ შუალედში ცენტრის მიერ სხვა თანამშრომლებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება და სხდომაზე გამოცხადება. სამსახურიდან სასამართლოსკენ გზად მიმავალს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, სადაც დაუდგინდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და დაენიშნა ამბულატორიული რეჟიმი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და საფუძვლები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ პირის ავადმყოფობაზე, რომელიც იმჟამად ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. თავად, წარმომადგენლის განმარტებით, რაც საჩივარში და, შემდგომ სასამართლოს სხდომებზე მიუთითა, 2016 წლის 22 იანვარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ვინაიდან სხდომა დანიშნული იყო დილის 10 საათზე და სხვა წარმომადგენლის სასამართლოში გაგზავნა ვერ მოხერხდებოდა, დილით იგი გამოცხადდა სამუშაო ადგილზე (სამსახურში), საიდანაც 9-დან 10 საათამდე დროის შუალედში გაემგზავრა სასამართლოში, სხდომაში მონაწილეობის მიღების მიზნით. გზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც იძულებული გახდა, უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა. სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 10- დან 11 საათამდე დროის მონაკვეთში გამოცხადდა. ექიმთან ვიზიტის შედეგად, მწვავე ვირუსული ინფექცია დაუდგინდა და ამბულატორიული რეჟიმით მკურნალობა დაენიშნა. აღნიშნულის გამო, მან ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება და სასამართლოსა და მარწმუნებლის დროული ინფორმირება (იხ. საჩივარი, ტ. 1, ს/ფ 137; 08.04.2016 წ. სხდომის ოქმი, 13:08:03).

5.3. მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადასტურების მიზნით, საჩივრის ავტორმა შპს „ს.ჰ. 23-ის“ მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი წარადგინა, რომლის თანახმად, თ.ბ–ძეს 2016 წლის 22 იანვარს მწვავე რესპირატორული ვირუსი დაუდგინდა, ამბულატორული რეჟიმით, დროებითი შრომისუუნარობა გაგრძელდა 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს/ფ 139).

5.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს „ს.ჰ. 23-დან“ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საავადმყოფო ფურცელზე ხელმომწერი პირი, ი.გ–ი არის დაწესებულების დირექტორი, რომელიც საავადმყოფო ფურცლის გახსნაზეა პასუხისმგებელი, საავადმყოფო ფურცელი წესების დაცვითაა გახსნილი (იხ. ტ. 1, ს/ფ 215), ამავე მასალების (ამონაწერი „მედსერვისიდან“ /შიდა პროგრამა/), თანახმად, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ექიმს 2016 წლის 22 იანვარს დილის 10-დან 11 საათამდე დროის მონაკვეთში მიმართა, როდესაც სასამართლოში გზად მიმავალს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, დგინდებოდა, რომ რეალურად მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. ამ განჩინების 3.2 ქვეპუნქტი) ოჯახის ექიმთან ვიზიტის მიზნით რეგისტრაციაში 2016 წლის 22 იანვარს 16:57 საათზე გატარდა, ხოლო ექიმთან ვიზიტის დრო 17:00 საათია (იხ. ტ. 1, ს/ფ 215-219).

5.5. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 იანვრის, დილის 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოცხადებისა და აღნიშნულის თაობაზე მარწმუნებლის და/ან სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობა არ დასტურდებოდა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე, თავად წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ დილით, 9 საათზე იგი სამსახურში იმყოფებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით მოპასუხის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, მარწმუნებლისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებინა, მოპასუხე მხარის, რომელიც იურიდიული პირია, სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მონაწილეობის, ან სასამართლოს შეტყობინების მიზნით.

6. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მათი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, რომლითაც დასაქმებულის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება უცვლელად დარჩა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლი).

7.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების და პანიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო, დროულად მოეხდინა როგორც ცენტრის, ასევე, სასამართლოს ინფორმირება შემდეგ გარემოებათა გამო:

7.3.1. მოპასუხის წარმომადგენელს 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ით დადგენილი წესების დაცვით. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში არსებულ სასამართლო უწყებაზე მისი ხელმოწერით (ტ. 1, ს/ფ 127). სხდომის თარიღის კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ფაქტს არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ;

7.3.2. სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის სხდომა გაიხსნა 10:10:57 საათზე (ტ. 1, ს/ფ 129). სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და მისი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის რაიმე სახის ინფორმაცია წარდგენილი არ ყოფილა;

7.3.3. სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დამსაქმებლის მიმართ დაკმაყოფილდა.

7.4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 241-ე, 233-ე, 70-78-ე მუხლებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე სსსკ-ით დადგენილი წესით იქნა მიწვეული. დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 2016 წლის 22 იანვარს, დილით, 9 საათზე სამსახურში იმყოფებოდა, რაც თავად მისი განმარტებით დასტურდება. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მარწმუნებლისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებინა, მოპასუხე მხარის, რომელიც იურიდიული პირია, სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მონაწილეობის, ან სასამართლოს შეტყობინების მიზნით.

7.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის არსებითად განხილვის პროცესში წამოიჭრა სადავო საკითხი, რომლის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისათვის. კერძოდ შპს ,,ს.ჰ. 23’’-ის მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცელზე არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და უნდა შეფასებულიყო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შპს ,,ს.ჰ. 23’’-ისათვის მიმართვის ზუსტი დრო. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურება შეეძლო, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა.

7.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, საღამოს 17 საათზე გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელი დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, არ ადასტურდებდა 2015 წლის 22 იანვარს დილის 10:10 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ან/და მხარის ინფორმირების შეუძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

8.2. კასატორმა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინიციპთან დაკავშირებით იურიდიულ დოქტრინაში არსებულ განმარტებებზე ვრცლად მიუთითა და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, სასამართლომ უარყო სამოქალაქო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი - შეჯიბრებითობის პრინციპი და დაუბრუნდა ადრე მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რომელიც ამჟამად მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა შპს "ს.ჰ–ი 23-დან" მტკიცებულება, რითაც დაარღვია სამოქალაქო სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი შეჯიბრებითობის პრინციპი.

8.3. კასატორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ მიიჩნია საპატიო მიზეზად მხარის ავადმყოფობა. სსსკ–ის 241–ე მუხლის რედაქციიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც კანონმდებელი, მისი ნების განმარტების მიხედვით, „საპატიო მიზეზის” არსებობას უკავშირებს და გამოუცხადებელი მხარის სუბიექტური დამოკიდებულების სტანდარტს – კეთილსინდისიერებას, აღნიშნულის შესახებ დროული ანუ წინასწარი შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტს.

8.4. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი (მოპასუხის) წარმომადგენელი დროულად გამოცხადდა ამავე საქმეზე ადრე ჩატარებულ - 2015 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, რაც დადასტურებულია კიდეც სასამართლო უწყებაზე (ხელწერილზე) მისი ხელმოწერით. აგრეთვე, ცენტრი, თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთ შრომით დავას აწარმოებს, რომლებთან დაკავშირებითაც გამართულ სასამართლო სხდომებზე (როგორც მოსამზადებელზე, ისე მთავარზე) მისი (წარმომადგენლის) დაგვიანებას ან გამოუცხადებლობას (მათ შორის, საპატიო მიზეზითაც) ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება გახდა იმის მიზეზი, რომ წარმომადგენელმა სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე მიმართულება შეიცვალა, უახლოეს სააავამდყოფოს მიმართა და ამის თაობაზე ვერ შეძლო ცენტრისა თუ სასამართლოს ინფორმირება. მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადასტურებს საქმეში წარდგენილი საავადმყოფო ფურცელიც, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 22 იანვარს, მხარის წარმომადგენელს დაუდგინდა მწვავე რესპირატორული ინფექცია და ამის გამო 25 იანვრამდე ამბულატორიული რეჟიმი განესაზღვრა. სასამართლოსთვის არ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი ექიმთან მოპასუხის წარმომადგენლის ვიზიტის ზუსტი დრო, ვინაიდან, ფაქტია, რომ იმ დღეს მოპასუხის წარმომადგენელი შეუძლოდ იყო.

8.5. საქმეში წარდგენილი საავადმყოფო ფურცელი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ასეთი დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით დამტკიცებულია საავადმყოფო ფურცლის ფორმა და იგი გაიცემა მაშინ, როდესაც სახეზეა დროებითი შრომისუუნარობა. მოცემულ საქმეში მოპასუხის წარმომადგენლისათვის დასმული დიაგნოზი საკმარისი საფუძველი იყო, რომ მისთვის 4 დღით გაეხსნათ საავადმყოფო ფურცელი შრომისუუნარობის გამო. რაც შეეხება პირდაპირ მითითებას სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე Nას-419-392-2010, სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია ასეთი მითითების არარსებობა.

8.6. კასატორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსზე მიუთითა და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეამოწმოს მხარის კეთილსინდისიერების ჭრილში, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად. თუ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოპასუხე განზრახ არიდებდა თავს სასამართლოში გამოცხადებასა და საპროცესო მოქმედებების შესრულებას, მაშინ სასამართლომ მეტად კრიტიკულად უნდა შეაფასოს ისინი (მტკიცებულებები). განსახილველ შემთხვევაში, ამგვარ განზრახულ ქმედებას, სასამართლოში გამოცხადებისაგან თავის არიდების შესახებ, ადგილი არ ჰქონია.

8.7. კასატორმა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებული, ობიექტურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების საპატიო ხასიათი და მხარის კეთილსინდისიერების მხედველობაში მიღებით, მიეღო გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განხილვის განახლების შესახებ.

8.8. საავადმყოფო ფურცლის მიხედვით დადასტურებულია ავადმყოფობა, რაც გულისხმობს დროებით შრომისუუნარობას, ე.ი. საპატიო მიზეზს, არ შეიძლება ასეთი საპატიო მიზეზის ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი გამოცემულია არა დილის 10:00 საათზე, არამედ 16:57 საათზე. საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2 ქვეპუნქტი) განმარტა, რომ იგი დილიდანვე შეუძლოდ იმყოფებოდა, თუმცა ვარაუდობდა, რომ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და ცენტრის ინტერესების დაცვას, რის გამოც იგი 9:00 საათიდან 10:00 საათამდე შუალედში გაემართა კიდეც სასამართლოს მიმართულებით. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (რაც გამოხატული იყო ღებინებასა და ხველაში, მაღალ ტემპერატურაში) და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, პანიკური შიშით შეიცვალა მიმართულება და მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და არა - სასამართლოს. ცენტრის წარმომადგენლის მიერ საკმარისად არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ ვერ შეძლო მან სასამართლოსთვის ან ცენტრისთვის მისი შეუძლოდ ყოფნისა და სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეტყობინება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების მიერაც დადასტურდა მისი შრომისუუნარობა 2016 წლის 22 იანვარს, შესაბამისად გამოცემული საავადმყოფო ფურცლის კანონიერებას თავად არც სასამართლო ხდის საეჭვოდ, სასამართლო აღარ უნდა ჩაღრმავებოდა კონკრეტულ დროს - საათს. არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასა და არსებულ სასამართლო პრაქტიკაში არ გვხვდება ისეთი შემთხვევა, რომ სასამართლოს ემსჯელა საავადმყოფო ფურცლის გამოწერის ტექნიკურ მხარეზე, კონკრეტულად კი მისი გამოწერის საათზე, ან პაციენტის ექიმთან ვიზიტის დროზე. მთავარია, რომ საავადმყოფო ფურცლის გაცემით დასტურდება კონკრეტულ დღეს წარმომადგენლის ავადმყოფობა, რაც მის შრომისუუნარობას ადასტურებს და კონკრეტულად იმის აღნიშნვა, თუ რომელ საათსა და რომელ წუთზე გაუწია ექიმმა ოფიციალური კონსულტაცია პირს, რომელ საათსა და რომელ წუთზე იმყოფებოდა პირი შრომისუუნარო მდგომარეობაში, აღნიშნულის დადასტურება სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს და არარეალურია, თუ რატომ უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ტექნიკურად დოკუმენტის შედგენის დრო, როდესაც პირი იმ დღეს შეუძლოდ იმყოფებოდა. თავად საავადმყოფო ფურცელიც კი არ ითვალისწინებს რაიმე გრაფას, სადაც შეიძლება მითითებული იყოს მისი შრომისუუნარობის დადგენის ზუსტი დრო საათისა და წუთების მითითებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უნდა გამხდარიყო საქმეზე არსებითი გავლენის მომხდენი და ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო პირის შრომისუუნარობა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების საპატიო მიზეზით შეუძლებლობა.

8.9. ცენტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ცენტრის მიერ, კონკურსის წესით დანიშნულია თანამშრომელი, რომელიც მოცემული საქმისთვის წარმოადგენს მესამე პირს, რომლის შრომითი უფლებები შეილახება, თუ მის ადგილას აღდგება მოსარჩელე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის, როგორც ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისათვის, იძულებით განაცდური ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით.

8.10. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს შრომით დავებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანშეწონილობაზე.

8.11. სააპელაციო სასამართლომ (თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად) არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის ფსიქოემოციური მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი რამდენიმე თვე იყო, რაც დაოჯახდა და როგორც სხვას, ნებისმიერ ამ სტატუსში მყოფ მდედრობითი სქესის ადამიანს, მასაც წარმოეშობა ის ბუნებრივი გრძნობები და ემოციები, რომელიც დაკავშირებულია დედობის მოლოდინთან. შესაბამისად, მას შესაძლებელია მომეტებული მგრძნობელობით განეცადა ის შიში, რომელიც თან სდევს ორსულობის დროს ვირუსულ ინფექციებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის დროს რიგი დახვდა და ამის გამო მისი ვიზიტის დრო ექიმთან გაჭიანურდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის (მისი წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულება (საავადმყოფო ფურცელი, ტ. 1, ს/ფ 150-151) ვერ ადასტურებდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტს უშუალოდ 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე, ობიექტური გარემოებების გამო. კასატორი ვრცელ შედავებას წარმოადგენს და აკრიტიკებს (იხ.წინამდებარე განჩინების 8.4 და 8.8 ქვეპუნქტები) სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო დაწესებულების ცნობაში მითითებულ დროის - 16:57 საათს, შესახებ, რაც კასატორის მტკიცებით არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, რადგან ფაქტია, რომ 2016 წლის 22 იანვარს დამსაქმებლის წარმომადგენელი შეუძლოდ იყო და მას ობიექტურად არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, არც სასამართლოს ან დამსაქმებლის (მარწმუნებლის) ინფორმირება შექმნილი ვითარების თაობაზე. აღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის 215.3-ე მუხლის თანახმად სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მხარის ან მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორი, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის #ას-419-392-2010 განჩინებაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ სასამართლო ყოველთვის არ ითხოვს ამგვარ ცნობას. მოხმობილი განჩინებით მოცემული დავისგან განსხვავებული შემთხვევაა მოწესრიგებული, რადგან დასახელებულ დავაში მხარე სხდომაზე ვერ გამოცხადდა, რადგან საქმის განხილვის დროს ჰიპერტონული კრიზი ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება.

18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, რაც წინამდებარე განჩინების 7.2-7.6 ქვეპუნქტებშია ასახული და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს მისი წარმომადგენლის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას ან ამის თაობაზე სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობის ფაქტს.

18.1. კასატორი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით გამოითხოვა ინფორმაცია საავადმყოფო ფურცელზე ხელმომწერი პირის თაობაზე, თუმცა სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით მოპასუხისათვის სასარგებლო ფაქტი დადასტურდა, რომ დოკუმენტი, რომელიც დამსაქმებლის წარმომადგენლის ავადმყოფობას ადასტურებდა უფლებამოსილი პირის მიერ იყო ხელმოწერილი (იხ. ტ. 1, ს/ფ 215). საკასაციო საჩივრის ავტორს საკმარისად ვრცელი პრეტენზია აქვს წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ამ საპროცესო დარღვევას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან ქვემდგომი სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღება დაეფუძნა არა იმას, რაზეც დამსაქმებელი უთითებს, არამედ იმას, რომ საქმის განხილვა 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე იყო დანიშნული, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმთან ვიზიტზე იმყოფებოდა 2016 წლის 22 იანვარს 16:57 წთ-ზე.

18.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის წარმომადგენლისათვის, როგორც იურისტისათვის, ცნობილია, რომ ყველა გარემოებას, რაზეც მხარე მიუთითებს, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით უნდა ადასტურებდეს (სსსკ-ის 102-105 მუხლები). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს, თუ რატომ ვერ შეძლო 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა გამოცხადება ან ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსათვის სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის წარმომადგენლის ექიმთან ვიზიტის დროზე სავსებით მართებულია, რადგან ცხადია, რომ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობა ადასტურებს, რომ მოპასუხის წარმომადგენელი შეუძლოდ შეიქნა, თუმცა, ექიმთან პაციენტის ვიზიტის დროზე ყურადღების გამახვილება და ამ მიმართულებით სასამართლოს მიერ მსჯელობის განვითარება სწორედ იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ როგორც სააპელაციო სასამართლო, ისე საკასაციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდება სხდომამდე, მისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რაც საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. აღნიშნულით დაცული იქნებოდა სსსკ-ის 215.3-ე მუხლის წინაპირობა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება და ერთ-ერთი მათგანია, მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის განცხადების წარდგენის შეუძლებლობა.

18.3. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა მხარის კეთილსინდისიერებით უნდა შეფასდეს. კონკრეტული შემთხვევები, რომლებსაც სასამართლო საპატიო მიზეზად მიიჩნევს ასახულია სსსკ-ის 215.3-ე მუხლში. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ამავე საქმეზე 2015 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გამოცხადდა და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო, რის გამოც ივარაუდება, რომ მას საქმისადმი ინტერესი არ დაუკარგავს.

18.4. „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).

18.5. წინამდებარე განჩინების 18.3 ქვეპუნქტში მითითებული კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, 18.3-18.4 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქმის განხილვის განმავლობაში რამდენიმე სხდომა გაიმართება და მხარე ერთს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება, აღნიშნული მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ დააბრკოლებს. საპროცესო კანონმდებლობით მოწესრიგებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და გაუქმების წინაპირობები და შემთხვევები, მოცემულ საქმეში კი კანონის სრული დაცვით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლიანობა კასატორმა ვერ დაასაბუთა.

18.6. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება შრომით დავებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი საპროცესო ინსტიტუტია და იგი დავის კატეგორიის მიხედვით დიფერენცირებული არ არის. სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ გამართულობას ამოწმებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. დასაბუთებული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სარჩელი იურიდიულად გაუმართლებელია, კასატორს არ წარმოუდგენია.

18.7. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულის სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო (სშკ-ის 37-38 მუხლები), ამასთან, კასატორს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

21. კასატორს, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ''მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ''მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს'' (ს/კ 202374251), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3780 ლარის (საგადახდო დავალება N07652, გადახდის თარიღი 2018 წლის 21 ივნისის), 70% – 2 646 (ორი ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე