Facebook Twitter

საქმე №ას-987-919-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.ს.ე.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ.პ.ე.ფ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ს.ე–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, საწარმო ან შემკვეთი) და შპს „ჯ.პ.ე.ფ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მენარდე) შორის 2013 წლის 20 ივნისს აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (№60-7-113-532) გაფორმდა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს საწარმოს ბალანსზე რიცხული დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება უნდა დაედგინა. აუდიტორული დასკვნა მომზადდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში 2013 წლის 20 სექტემბერს და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, დასკვნის მიხედვით 13 ცალი დემონტირებული და უვარგისი საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“-ის საბაზრო ღირებულება 1 430 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს/ფ 16-43).

2. მოსარჩელესა და შპს „ე.მ–ს“ (შემდეგში: მყიდველი) შორის 2014 წლის 19 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით 2014 წლის 2 მაისს ჩატარებულ აუქციონზე გასაყიდად გატანილი მოსარჩელის ბალანსზე რიცხული დემონტირებული ძირითადი საშუალებები მყიდველს საკუთრებაში გადაეცა. ნასყიდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4 041 198 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, განისაზღვრა. გასხვისებულ დემონტირებულ საშუალებებს შორის იყო მოპასუხის დასკვნის შესაბამისად 1 430 ლარად შეფასებული 13 ერთეული საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“ (ტ. 1, ს/ფ 52-59).

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 6 იანვარს აუდიტორული მომსახურების შესახებ ახალი ხელშეკრულება (№60-7-115-001) დაიდო, რომლის საფუძველზე მენარდეს დემონტირებული ამომრთველების საკონტაქტო ელემენტების საბაზრო ღირებულება უნდა დაედგინა. მენარდის 2015 წლის 12 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად საჰაერო ამომრთველის „ВВБ-110“-ის საკონტაქტო ელემენტების (3 ცალი) საბაზრო ღირებულება 2 850 ლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს/ფ 60-68; 78).

4. შემკვეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მარნეულის საწყობში 2015 წლის 12 ოქტომბერს განხორციელდა 110 კვ-ის დემონტირებული ,,ВВБ-110” ტიპის საჰაერო ამომრთველის საკონტაქტო სისტემის ერთი ფაზის კამერისა და მასში არსებული ფერადი ლითონის კომისიური აწონვა. კომისიური აწონვის შედეგების მიხედვით საჰაერო ამომრთველი ,,ВВБ-110”-ის 3 ცალი საკონტაქტო ელემენტის საბაზრო ღირებულებამ 2 850 ლარი შეადგინა (ტ.1, ს/ფ 72).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. მოსარჩელემ 2016 წლის 18 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და #60-7-113-532 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის, 2 850 ლარის, ანაზღაურება მოითხოვა.

5.2. მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 20 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების შესახებ (№60-7-113-532), რომლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაედგინა საწარმოს ბალანსზე რიცხული დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება. 2013 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. დასკვნის მიხედვით 13 ერთეული საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“-ის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 430 ლარით და შეფასდა როგორც 13 ცალი კამერა. მითითებული ამომრთველებიდან ცარიელი იყო 10, ხოლო 3 იყო დაკომპლექტებული. დემონტირებული მასალების რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა აუქციონი, რომელზეც საჰაერო ამომრთველების საწყისი ღირებულება, შეფასების საფუძველზე, 1 430 ლარით განისაზღვრა და გასხვისდა. 2015 წლის 6 იანვარს მოპასუხესთან დაიდო ახალი ხელშეკრულება აუდიტორული შეფასების მომსახურების გაწევის შესახებ, მოპასუხემ 3 ცალი საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“-ის საკონტაქტო ელემენტი 2 850 ლარად შეაფასა. მოსარჩელის მითითებით ერთი და იგივე სახის საჰაერო ამომრთველების ღირებულება განისაზღვრა პირველ შემთხვევაში - 10 ცალის 1 430 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 3 ცალი საჰაერო ამომრთველის საკონტაქტო ელემენტების ღირებულება - 2 850 ლარით, რის გამოც მოსარჩელემ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობთი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე შემოწმებული იყო საჰაერო ამომრთველის „ВВБ-110“-ის რკინის კამერები, რომელიც საკონტაქტო ელემენტებს არ შეიცავდა და შესაბამისად განსაზღვრული იყო საბაზრო ღირებულება, ხოლო 2015 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე შემოწმებული იქნა დემონტირებული ამომრთველის საკონტაქტო ელემენტები, რომლებიც 2013 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ 13 ერთეულ ამომრთველს ფიზიკურად არ გააჩნდა და თავისთავად ვერ შეფასდა. საწარმოს მიერ გამოყოფილ პირებს აღნიშნული მოწყობილობები დაკომპლექტებულ მდგომარეობაში არ უჩვენებიათ, რაც ფონდების ინჟინრებისა და ქვესადგურის უფროსების მიერ ხელმოწერილი სამუშაო ცხრილებით და ელექტრონული მიმოწერით დასტურდება. მოსარჩელისათვის აღნიშნული გარემოებები დასკვნის მიღებამდე იყო ცნობილი, დასკვნის მიღების შემდეგ შემკვეთს ხელშეკრულებით და კანონით დადგენილ ვადაში არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია. სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი 2013 წლის 20 სექტემბერს შედგა, ხარვეზის შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო, დროულად წერილობით შეეტყობინებინა მოპასუხისთვის, მაგრამ დღემდე პრეტენზიის სახით ხარვეზის არსებობის ან მის გამოსწორებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუმართავს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 137-ე, 144-ე, 629-ე, 642-ე, 655-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, იგი ხანდაზმულია, რის გამოც მისი დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

8. შემკვეთის სააპელაციო საჩივარი

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ 2013 წლის 20 ივნისს ხელშეკრულების საფუძველზე შემოწმებული 13 საჰაერო ამომრთველიდან 3 საჰაერო ამომრთველი იყო დაკომპლექტებული, ვინაიდან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა. მენარდის მიერ შემოწმებული და შემკვეთის მიერ სადავოდ გამხდარი ,,ВВБ-110” ტიპის 13 ცალი საჰაერო ამომრთველი, 19.06.2014 წლის N60-7-114-393 ნასყიდობის ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელმა ერთი ლოტის შემადგენელ ნაწილად მიჰყიდა მყიდველს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), ხოლო 2015 წლის 12 ოქტომბერს აპელანტის (შემკვეთის) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მარნეულის საწყობში განხორციელდა არა სადავოდ გამხდარი, არამედ მსგავსი 110 კვ-ის დემონტირებული ,,ВВБ-110” ტიპის საჰაერო ამომრთველის საკონტაქტო სისტემის ერთი ფაზის კამერისა და მასში არსებული ფერადი ლითონის კომისიური აწონვა და აღნიშნულის მიხედვით 3 ცალი საკონტაქტო ელემენტის საბაზრო ღირებულების დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, ის გარემოება, რომ საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მარნეულის საწყობში სადავო ნივთის მსგავსი 110 კვ-ის დემონტირებული ,,ВВБ-110” ტიპის საჰაერო ამომრთველის კამერიდან ამოვიდა შავი და ფერადი ლითონები, არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 20 სექტემბრის დასკვნით შეფასებული საჰაერო ამომრთველებიც (,,ВВБ-110”) ამგვარ ელემენტებს შეიცავდა. ასევე არ დასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი. სამუშაოს მიღების დროს მოსარჩელისათვის ცნობილი იყო საჰაერო ამომრთველი ,,ВВБ-110”-ის მდგომარეობა და შესაბამისი ღირებულება, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელეს, ასევე, შეეძლო მითითებულ ფასზე მაღალ ფასად გაესხვისებინა აღნიშნული საჰაერო ამომრთველი, ის გარემოება, რომ პირველ შემთხვევაში ნაკლებ ფასად გასხვისდა აუქციონზე საჰაერო ამომრთველი მეორე აუქციონზე გასხვისებულ იდენტურ საჰაერო ამომრთველთან შედარებით, მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10.2. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება საკმარის დასაბუთებას არ შეიცავს, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს, რადგან სსსკ-ის 390-ე მუხლის დანაწესი სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას აპელანტის პრეტენზიები სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვოს.

10.3. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 20 ივნისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება; №60-7-113-532 ხელშეკრულება არა ნარდობის, არამედ „მომსახურების შესყიდვის“ ხელშეკრულებაა.

10.4. შემკვეთის მითითებით, სასამართლო არასწორად უთითებს ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე. გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მომსახურების შესყიდვის №60-7-113-532 ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულება არაა, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგენისას არ უნდა გამოეყენებინა ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნისათვის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 129-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. მოსარჩელის მიერ არ არის გაშვებული მომსახურების ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კანონმდებლობით დადგენილი ვადა. ამასთან, მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობაზე არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ განუცხადებია.

10.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ნარდობის ხელშეკრულების არსი არასწორად განმარტა. მართალია, თავისი შინაარსით, ნარდობასა და მომსახურების ხელშეკრულებებს გააჩნიათ გარკვეული მსგავსება, თუმცა მათ შორის განსხვავება არის ხელშეკრულების საგანი. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ამასთანავე მენარდის შრომა მიმართული უნდა იქნეს კონკრეტული ნივთის შექმნისაკენ ან შეცვლა/აღდგენისაკენ, ხოლო მომსახურების ხელშეკრულების საგანს კი ძირითადადუშუალოდ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს. აპელანტსა და მოპასუხეს შორის დადებული №60-7-113-532 ხელშეკრულების სათაურშივე არის მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ტიპი, ეს არის ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე. მართალია, ხელშეკრულების სახის დადგენისას, უპირველესად, გასათვალისწინებელია არა ამ ხელშეკრულების სათაური, არამედ ის არსებული უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა მხოლოდ სათაური, არამედ ხელშეკრულების დებულებები და შედეგი, ნათლად მიუთითებენ, რომ სახეზეა მომსახურების და არა ნარდობის ხელშეკრულება და სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული სსკ-ის 629-ე მუხლი.

10.6. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 642-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნულ მუხლში საუბარია ნაკლის მქონე ნაკეთობის დამზადების შემთხვევაზე. აუდიტორული დასკვნა კი არ წარმოადგენს ნაკეთობას და მას არ გააჩნია მატერიალური ფასეულობა, იგი არის შემფასებლის ცოდნის ნაყოფი და მომზადებულია მხოლოდ შეფასებული ქონების ღირებულების განსაზღვრისთვის. სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 655-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვინაიდან, მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებაა, მასზე ვრცელდება არა სსკ-ის 655-ე მუხლი, არამედ ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მოპასუხე (მენარდე)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდება სსკ-ის 144-ე მუხლზე მითითებით.

10.7. კასატორი აღნიშნავს, რომ 2014 წელს აუდიტის მიერ შეფასებული საქონლის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული აუქციონის ჩატარების პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები და უზუსტობები, მოპასუხის მიერ მიწოდებულ დასკვნასა და ფაქტობრივად არსებულ მოწყობილობებს შორის. მოსარჩელემ 18.11.2014 წ. წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დანართში მითითებულ პოზიციებზე დამატებითი განმარტების მიწოდება. კერძოდ: წერილის დანართად მოცემულ ცხრილებში ჩამოთვლილი ძირითადი საშუალებების რა რაოდენობა შეფასდა, ძირითადი საშუალებების განზომილების ერთეულის გაშიფვრა, გამთიშველების შემთხვევაში იყო თუ არა შეფასებული დანები გამთიშველთან ერთად. მითითებული დანართის 041597 საინვენტარო ნორმის ქვეშ განთავსებული 13 ცალი 220 კვ საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“-ის შემთხვევაში, აუდიტორს დამატებით განემარტა, რომ 13 კამერიდან 10 ცალს ჰქონდა მხოლოდ კორპუსი, ხოლო 3 ცალი იყო კომპლექტში და ეთხოვა დაეკონკრეტებინა, რა შეფასდა და რა რაოდენობით. მოთხოვნის პასუხად 26.11.2014 წ. №ფა-068 წერილით აუდიტორებმა დააზუსტეს და განმარტეს აპელანტის მიერ დასმული საკითხები. სხვა პოზიციებზე განთავსებულ ძირითად საშუალებებთან ერთად აუდიტორმა დააზუსტა ინფორმაცია №041597 საინვენტარო ნომრის ქვეშ არსებული 13 ცალი 220 კვ საჰაერო ამომრთველი „ВВБ-110“- ის თაობაზე. „აუდიტის კომენტარის“ გრაფაში მითითებულია - „შეფასებულია 13 ცალი რკინის კამერა“. არაფერია ნათქვამი 3 კამერის შემადგენელი კომპლექტის (საკონტაქტო ელემენტები) შეფასებისა და ღირებულების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის განმარტებით, სასამართლო პროცესზე მხარემ დასმულ შეკითხვაზე - მათ მიერ მოხდა თუ არა თითოეული შესამოწმებელი ობიექტის შიგთავსის უშუალოდ დათვალიერება, უპასუხა, რომ მათ არ დაუთვალიერებიათ თითოეული შესამოწმებელი ობიექტის შიგთავსი და შესაბამისად, არ შეუფასებიათ სამი ამომრთველის საკონტაქტო ელემენტები. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს (მენარდეს) შესაფასებელი ობიექტების უშუალოდ დათვალიერების ვალდებულება გააჩნდა. ხელშეკრულების 4.6 მუხლის თანახმად, „მიმწოდებელი“ (ფინანსაუდიტი) ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურება განახორციელოს ხარისხიანად და არსებული სტანდარტების შესაბამისად. იგი პასუხს აგებს მოსარჩელის ბალანსზე რიცხული დემონტირებული და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულების დასადგენად აუდიტორული მომსახურების (შეფასების) სისწორეზე.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. ამავე განჩინებით, კასატორს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

14. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მენარდეს ნაკეთობის დამზადება არ ევალებოდა, არამედ მას დასკვნა უნდა მოემზადებინა, რის გამოც ურთიერთობის ნარდობად დაკვალიფიცირება კანონს არ შეესაბამება. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლი სამი ნაწილისაგან შედგება, შემკვეთი ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნაკეთობის დამზადების შემთხვევას განიხილავს, მაშინ როცა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში განმარტებულია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე სამუშაოს ასრულებს და შემკვეთი შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს. ის, რაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა არის სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამუშაო.

15. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც საწარმოს ზიანი მიაყენა და იგი ვალდებულია ზიანი აანაზღაუროს. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სარჩელის საფუძვლიანობა დაემტკიცებინა (სსკ-ის 642-ე და 644-ე მუხლები).

16. საკასაციო სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს (იხ. ამ განჩინების 10.6 ქვეპუნქტი) და აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებელშივე უთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 97). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 655-ე მუხლი ადგენს შემკვეთის მიერ მენარდისათვის შესრულების ნაკლის გამო პრეტენზიის ერთი წლის განმავლობაში წარდგენის ხანდაზმულობის ვადას, ხოლო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია (სსკ-ის 129.1-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტი 2013 წლის 20 სექტემბერს გააფორმეს, ე.ი. შემკვეთმა შესრულებული სამუშაო 2013 წლის 20 სექტემბერს მიიღო და მას შესრულების ნაკლის გამო პრეტენზია მენარდისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2014 წლის 20 სექტემბრამდე, უნდა წარედგინა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. რაც შეეხება, სარჩელის სასამართლოსადმი მიმართვის ვადას, შემკვეთმა სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლამდე, 2016 წლის 20 სექტემბრამდე (2016 წლის 18 აგვისტოს) წარადგინა სარჩელი სასამართლოში, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 655-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის დარღვევამ გამოაცალა საფუძველი (შდრ. სუსგ #ას-184-177-2013, 01.10.2013 წ.).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-1294-1214-2015, 27.06.2016 წ.).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდა გადავადებული, მას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30 %-ის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადახდა დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ს.ე–ას“ (ს/კ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით (საქმე № ას-987-919-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30 %-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე