Facebook Twitter

25 აპრილი, 2019 წელი

№ას-375-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “დ.ფ.ჯ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.კ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა.ქ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, საკუთრების უფლების ჩამორთმევა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც შპს “დ.ფ.ჯ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) მოითხოვდა შ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვას მისთვის კუთვნილი 25%-იანი წილის ჩამორთმევასა და დარჩენილი პარტნიორი - ა.ქ–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) გადაცემას, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება) მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, იმ მიზეზით, რომ იგი წარმოადგენდა მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და მას არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება. ხოლო მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლებითა და სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 25 მარტს ჩაჰბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 25 მარტს კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 1 აპრილს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “დ.ფ.ჯ–ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა