საქმე №ას-423-2019 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ბ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის – 1216,11 ლარისა და პროცენტის – 102,69 ლარის, სულ – 1318,8 ლარის გადახდა, ასევე, 2013 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის – 607,9 აშშ დოლარისა და პროცენტის – 51,33 აშშ დოლარის, სულ – 659,23 აშშ დოლარის ანაზღაურება, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის – 3408,14 ლარისა და პროცენტის – 287,79 ლარის, სულ – 3695,93 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ფულადი ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ.
3. მოსარჩელის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ საკრედიტო თანხა დროულად არ დააბრუნა და ხელშეკრულების პირობები დაარღვია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მის მიერ ათვისებული საკრედიტო ლიმიტის – 1000 ლარის, 500 აშშ დოლარისა და 2800 ლარის ნაწილში. რაც შეეხება პროცენტს, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებები შეიცავს კაბალურ პირობებს, არის შეუსაბამოდ მაღალი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მის მიერ აშშ დოლარში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა მოხდეს ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული კურსით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 389-ე მუხლის შესაბამისად. მოპასუხემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მძიმე ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გამო გადაწყვეტილების აღსრულების ერთ წელზე განაწილვადების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხეს გაუნაწილვადდა ერთი წლის ვადით ყოველთვიური თანაბარი ოდენობის თანხით, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისფლების მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა.
8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 დღით. განჩინება ჩაბარდა აპელანტს.
9. 2019 წლის 4 თებერვალს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ამასთან, აპელნტმა განცხადებას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მოპასუხემ სხვა შპს-ს სასარგებლოდ აიღო ვალდებულება, დაეფარა დავალიანება 1200 ლარი. ასევე, დაურთო ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომ მისი უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.
12. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის შუამდგომლობა არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სასამართლომ განმარტა, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობა.
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე და მეშვიდე პუნქტების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება მხარის მიერ სადავო ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. მას არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, არჩინოს დიდი ოჯახი და დაფაროს სხვა ხარჯი. ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა თავისი შვილების დაბადების მოწმობები, საიდანაც დასტურდება, რომ მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე, გრძელვადიანი საბანკო კრედიტის შესახებ საბუთები. სესხის აღების მომენტში მოპასუხეს გააჩნდა სამი სამუშაო ადგილი, თუმცა დოლარის კურსის უეცარი ზრდის შედეგად მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სულ ცოტა 800 ლარით გაზარდა. მან დაკარგა ორი სამუშაო და მხარე იძულებული გახდა, თანხა სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციიდან ესესხა, რათა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის პირობები არ დაერღვია და ოჯახი უბინაოდ არ დარჩენილიყო.
16. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატას მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან ორი სესხი მოპასუხეს დაუფარა „ფონდმა ქართუმ“. შესაბამისად, სადავო დავალიანების გადაანგარიშების შედეგად სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს 3696 ლარიდან, რაც 150 ლარს შეადგენს.
17. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისფლების მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა.
23. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მან ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კიდევ 7 დღით გაუგრძელდა.
24. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორის სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ აპელანტს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 24 იანვარს.
25. 2019 წლის 4 თებერვალს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ამასთან, აპელნტმა განცხადებას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მოპასუხემ სხვა შპს-ს სასარგებლოდ აიღო ვალდებულება, დაეფარა დავალიანება 1200 ლარი. ასევე, დაურთო ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომ მისი უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს თანხის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.
27. სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. სასამართლო სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები.
28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით მრავალ საქმეზე და, მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ, იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ, გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და ა. შ. განმარტა შემდეგი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას, სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები.
29. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება „სასამართლოს უფლების“ მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული კომპონენტი კონვენციის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის გარანტიაა. „სასამართლოს უფლება“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი აძლევს რა მხარეებს თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად „სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას“, სახელმწიფოს ამავე დროს აღნიშნული უფლების შეზღუდვის იმ საშუალებათა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ანიჭებს, რომელთა მეშვეობითაც “სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება“ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ამავე დროს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
30. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგიერთ საქმეზე დასაშვებად მიიჩნია ფიზიკურ პირთათვის სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული სახის, მათ შორის, ფინანსური შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ საქმეებს ეხება, სადაც საჩივრის დასაშვებობაზეა საუბარი ან სადაც მართლმსაჯულება მომჩივნისაგან იმ ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, რომლებიც მეორე მხარემ გასწია. სარჩელის ან საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაგებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად, თუმცა სასამართლოს მიერ გამოყენებულმა შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება იმ გზით ან იმ ფარგლებში, რაც თვით აღნიშნული უფლების (სასამართლო ხელმისაწვდომობის) არსს ხელყოფს: სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობის ჩათვლით; ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალწარმოების ეტაპი, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული.
31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი არ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოების შექმნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, მაშინ აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, თუმცა მოცემულ უფლებათა დაცვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული ინსტანციის სასამართლოების თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს; 2. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მოსარჩელისა ან განმცხადებლისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება; 3. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში; 4. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა; 5 .თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად; 6. შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის; 7. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული.
33. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მასზე მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დადგენილი შეღავათები ვერ გავრცელდება.
35. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ წარადგინა თავისი შვილების დაბადების მოწმობები, საიდანაც დასტურდება, რომ მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი (ტომი 1, ს.ფ. 77-79), მას გააჩნია ფულადი ვალდებულებები სხვა საკრედიტო დაწესებულებების მიმართ (80-94) და საცხოვრებელი ბინა დატვირთული აქვს იპოთეკით.
36. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხეს გაუნაწილვადდა ერთი წლის ვადით ყოველთვიური თანაბარი ოდენობის თანხით. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ, მოპასუხის განმარტებით, მას აქვს დიდი საბანკო ვალდებულებები, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ საფუძვლებს.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია. სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები. ასევე, მნიშვნელოვანია კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული იმ გარემოების შეფასება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ორი სესხი ამ მომენტისათვის დაფარულია და აღნიშნულს შეიძლება გავლენა ჰქონდეს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.
38. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე