Facebook Twitter

საქმე №ას-440-2019 25 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-მა“, რომლის უფლებამონაცვლეა სს „ლ-ი“ (შემდგომ – მოსარჩელე), სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული №-... ხელშეკრულების შეწყვეტა, 9287.96 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი – 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №-... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი წლიური 42%-ის დარიცხვით 36 თვის ვადით.

3. სესხის უზრუნველსაყოფად კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს სარგებელი არ გადაუხდია. დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი – 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა – 662.97 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ძირი თანხის – 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ დიდი, რადგან სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გავიდა ხუთი თვე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს შემდგომი დროის სარგებელს და პირგასამტეხლოს, რაც წინააღმდეგობაშია კანონთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 6287.95 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხაა 4926.13 აშშ დოლარი, პროცენტი – 949.32 აშშ დოლარი, ჯარიმა – 412.5 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ, აპელანტს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. შესაბამისად, 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომელიც თავისივე განცხადების საფუძველზე აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით არასწორად განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა და 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელ თანხად განესაზღვრა 150 ლარი. ხარვეზის შესავსებად მიეცა 10-დღიანი ვადა. განჩინების ასლი 2018 წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, შვილს.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დაცვით აპელანტმა სააპელაციო პალატას წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 2671 ლარის დაკისრების ნაწილში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობად 70 ლარის განსაზღვრა მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

10. სსსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ ნორმაზე მითითებით აპელანტს განემარტა, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მაგისტრატი მოსამართლის განსახილველი, ვინაიდან დავის საგნის ფასი აღემატება 5000 ლარს. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა. განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, მეუღლეს 2018 წლის 27 დეკემბერს.

12. სსსკ-ის 368-ე მუხლით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ვინაიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა და აპელანტს არც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 48-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა აპელანტის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, ის გარემოება, რომ აპელანტის ერთადერთი სახლი დაყადაღებულია. მისი ოჯახი შედგება არასრულწლოვანი შვილებისა და სიმსივნით დაავადებული მეუღლისაგან, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას. თავად აპელანტი უმუშევარია, ფიზიკური შრომის შედეგად მოპოვებული მისი ელემენტარული შემოსავალი ოჯახს საკვების თანხად ყოფნის. მხარის ანგარიშები სამი წელია დაყადაღებულია და არანაირი ბრუნვა არ ფიქსირდება. ამდენად, მან მიიჩნია, რომ იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, შესაბამისად, 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომელიც თავისივე განცხადების საფუძველზე დამატებით 10 დღით გაუგრძელდა.

20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით არასწორად განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა და 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, ხოლო ხარვეზის შესავსებად მიეცა კიდევ 10 დღე.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დაცვით აპელანტმა სააპელაციო პალატას წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 2671 ლარის დაკისრების ნაწილში და სსსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობად 70 ლარის განსაზღვრა.

22. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით. ამ განჩინების ასლი გაეგზავნა მხარეს და ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, მეუღლეს 2018 წლის 27 დეკემბერს, რაც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

23. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას მის მიმართ უნდა გაევრცელებინა სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, ასევე, გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

24. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხემ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ გააჩნია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, მისი ერთადერთი სახლი დაყადაღებულია. ოჯახი შედგება არასრულწლოვანი შვილებისა და სიმსივნით დაავადებული მეუღლისაგან, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას. მხარის ანგარიშები სამი წელია დაყადაღებულია და არანაირი ბრუნვა არ ფიქსირდება.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა ან გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა.

26. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

27. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესებით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

29. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

32. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).

35. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (გარდა მისი მეუღლის ავადმყოფობის ამსახველი ცნობისა) სასამართლოს ვერ წარუდგინა და ვერ დაადასტურა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მარტოოდენ აღნიშნული დოკუმენტი და მხარის განმარტება კი, კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

36. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე