საქმე №ას-450-2019 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ს-ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სადგომი იყიდა ჯერ კიდევ მისმა ბაბუამ. იქვე დაიბადა და ცხოვრობდა მოსარჩელის მამა, ამჟამად კი ცხოვრობს თავად მოსარჩელე.
3. საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე. აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომში მოსარჩელე რეგისტრირებულია 1951 წლის 21 ნოემბრიდან, ხოლო მისი დედა ამავე მისამართზე მუდმივად იყო ჩაწერილი 1935 წლიდან. მოსარჩელის, როგორც კანონიერი მოსარგებლის სტატუსი დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, თუმცა ქონების მესაკუთრესთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე პირს, ცხოვრობს სხვა მისამართზე და ფაქტობრივად არ ფლობს საცხოვრებელ სადგომს. სადავო ფართი რეალურად აღარ არსებობს, ხოლო ამჟამად არსებული ბინა აღდგენილია ახალი მესაკუთრის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 4925 ლარის გადახდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა და დაევალა: განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საჩივრის წარდგენის დროს არსებული ფასის გათვალისწინებით); გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობით, არაუმეტეს 5000 ლარისა, და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინების ასლი აპელანტს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის თანახმად, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 თებერვლიდან და ამოიწურა 2019 წლის 15 თებერვალს.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლისა 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მას არ ჩაბარებია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დაუშვებდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
15. მხარემ მიიჩნია, რომ აპელანტი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის საფუძველზე, რადგან წინამდებარე დავა შეეხება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და 7 დღის ვადაში დაევალა, განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საჩივრის წარდგენის დროს არსებული ფასის გათვალისწინებით); გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობით, არაუმეტეს 5000 ლარისა, და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
21. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით მხარის მოთხოვნის საფუძველზე აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით და აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მხარეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ს.ფ 142).
22. საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი აპელანტს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს, რაც დასტურდება მხარის ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით (ს.ფ 166).
23. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჩაბარებია.
24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებლად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 თებერვლიდან და ამოიწურა 2019 წლის 15 თებერვალს, თუმცა მოპასუხეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აპელანტი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის საფუძველზე, რადგან წინამდებარე დავა შეეხება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობას.
27. მითითებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
28. კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებულია იმ პირთა კონკრეტული წრე, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან. ეს პირები არიან საქმეში მოსარჩელის საპროცესო სტატუსით ჩართული მხარეები, ხოლო მოპასუხეებზე მითითებული შეღავათი არ ვრცელდება.
29. განსახილველ საქმეში კერძო საჩივრის ავტორი სარგებლობს მოპასუხის სტატუსით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან დასახელებული საფუძვლით ვერ გათავისუფლდებოდა.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე