Facebook Twitter

საქმე №ას-1712-2018 22 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „მ-მ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 3305, 94 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2015 წლის 14 მარტს დაიდო ფინანსური ლიზინგის №-... ხელშეკრულება, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარის ოდენობით. აღნიშნულს დაემატა სახელშეკრულებო საკომისიო 150 ლარი და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი.

3. ლიზინგის მიმღებმა – მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე შემოიტანა 2320 ლარი, შესაბამისად, 7600 ლარი გამოაკლდა 2320 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი. მოპასუხემ აიღო ვალდებულება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.

4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სატრანსპორტო საშუალება, ხოლო, გაფრთხილების მიუხედავად, ვალდებულების თანხა მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში არ გადაუხდია.

5. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე იმ პირობებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია სრული უფლება, გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, რადგან მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, დაფაროს დარჩენილი სხვაობა ვალდებულებასთან, რომელიც საკმარისი არ იქნებოდა მანქანის რეალიზაციის შედეგად.

6. მოსარჩელემ არსებულ ძირითად დავალიანებას – 5280 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა – 1974.06 ლარი და მოპასუხის არსებული დავალიანება დარჩა 3305, 94 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რითაც ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო მოსარჩელეს მიეცა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად გასხვისების უფლება, თუმცა ლიზინგის მიმღებს არ აუღია ვალდებულება, დაეფარა დარჩენილი სხვაობა, რომელიც საკმარისი არ იქნებოდა მანქანის რეალიზაციის შემდეგ.

8. მართალია, მოსარჩელემ მოიპოვა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის უფლება, თუმცა, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, არ იყო უფლებამოსილი, რეალურ ფასზე მკვეთრად ნაკლებ ფასად გაესხვისებინა ის. მოსარჩელისვე განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინეს 7450 ლარად. შეუძლებელია მანქანის ღირებულება შემცირებულიყო 1500 ლარამდე ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელემ ავტომანქანა გაასხვისა რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო ფასად. ასევე გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მითითებული დამატებითი ხარჯი.

9. მოპასუხის მითითებით, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელეს გადაუხადა 2320 ლარი, გადასახდელი დარჩა 5280 ლარი, რომელიც უნდა დაეფარა 3 წლის განმავლობაში პროცენტთან ერთად. სარგებლის ოდენობა არათანაზომიერად მაღალია და ყოველთვიურად 4.57%-ს, ანუ წლიურ 54.84%-ს შეადგენს. აღნიშნულის მიუხედავად, 12 თვის განმავლობაში გადაიხადა 3863 ლარი, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო თანხის გადახდა და მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, წინამდებარე შეთანხმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელისთვის გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მხარეთა შორის არსებული ვალდებულება, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად.

10. მოპასუხის განმარტებით, შეთანხმების მე-2 პუნქტი არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მოპასუხე სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ფასად გასხვისებას დათანხმდა იმ იმედით, რომ მას სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემდეგ დარჩენილი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ აღარ ექნებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3305,94 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2842,94 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 14 მარტს მოსარჩელეს, მოპასუხესა და სხვა ფიზიკურ პირს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ აღნიშნულ ფიზიკურ პირს გადაურიცხა 7450 ლარი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით.

14. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. თავის მხრივ, მოსარჩელემ ავტომობილი გადასცა მოპასუხეს, რომელსაც ამავე ხელშეკრულებით განუსაზღვრა ავტომობილის საფასურის პერიოდული გადახდა, რაც აისახა მხარეთა შეთანხმებით შედგენილ გადახდის გრაფიკში.

15. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა ანუიტეტური მეთოდით, თვეში – 4,57%-ით.

16. ყოველთვიურად შეტანილი თანხით ხდებოდა ავტომანქანის საფასურის ნაწილის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წლით – 2018 წლის 14 მარტამდე, ხოლო საერთო ღირებულება – 10864,44 ლარით.

18. 2015 წლის 14 მარტის ე.წ. „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების თანახმად: ლიზინგის მიმღები (მოპასუხე) კისრულობს ვალდებულებას, შეიტანოს სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის შენატანები და დარიცხული სარგებელი იმ ვადაში, ოდენობით და ვალუტით, რაც დადგენილია გრაფიკით. მოსარჩელე ადგენს და წარუდგენს ლიზინგის მიმღებს სახელშეკრულებო გადასახდელების ანგარიშებს, რომელიც შესაძლებელია შეტანილ იქნეს გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაში (სტანდარტულა ხელშეკრულების 7.1.პუნქტი).

19. ლიზინგის მიმღებს გააჩნია უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის ვადის დასრულებამდე მოსარჩელისათვის, სულ მცირე, სამი დღით ადრე შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, გადაუხადოს მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი და დაგროვილი საპროცენტო სარგებელი (სტანდარტული პირობების 7.5.პუნქტი).

20. ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევებში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, გადასცეს მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალება თავდაპირველი კომპლექტაციით. მას არ უნდა გააჩნდეს დეფექტი ან ნაკლი, რაც არ უკავშირდება ჩვეულებრივ ცვეთას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, მოსარჩელის პირველივე მოთხოვნისთანავე დაფაროს სარემონტო სამუშოებისა და მასალების ხარჯები, რაც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების იმ მდგომარეობამდე მიყვანისათვის, რომელშიც იგი იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდის დღეს (სტანდარტული პირობების 11.12.პუნქტი).

21. თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება... მოსარჩელეს გააჩნია სრული უფლება, გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანებისა და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან... (სტანდარტული პირობების 15.7. პუნქტი).

22. ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე წინასწარ შეიტანა 2320 ლარი, როგორც გამოსყიდვის საფასურის ნაწილი, ხოლო შემდეგში, პერიოდულად, 2016 წლის 23 მარტამდე, გრაფიკის შესაბამისად, მის ანგარიშზე ჩარიცხა 3863 ლარი, რაც მოიცავდა, როგორც ავტომანქანაში გადახდილი საფასურის ნაწილს, ისე საპროცენტო სარგებელს. მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის ანგარიშზე სულ შეიტანა 6183 ლარი (2320+3863=6183).

23. ამასთან, 2016 წლის აპრილის მდგომარეობით, გრაფიკით გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობამ შეადგინა 4342,94 ლარი.

24. 2016 წლის აპრილში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ №-... ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

25. „შეთანხმების“ მიხედვით, მოპასუხე არ არის თანახმა, გააგრძელოს ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება და თანახმაა დაფაროს საკუთარი ვალდებულება, მოსარჩელემ საკუთრებაში შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი.

26. აღნიშნული შეთანხმების მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა, ნებისმიერ ფასად გაესხვისებია სატრანსპორტო საშუალება. გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა „ლიზინგის მიმღების“ დავალიანებისა და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებული იყო სატრანსპორტო საშუალების დანაკლისის ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.

27. ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან, ხუთი დღის განმავლობაში დაეფარა განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობას... და იმ ფასს შორის, რა ოდენობითაც მოსარჩელე თანახმაა, გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე.

28. აღნიშნული შეთანხმების მე-3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელისათვის გადაცემის შემდეგ (რაზედაც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი), მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად.

29. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მოპასუხემ სატრანსპორტო საშუალება გადასცა მოსარჩელეს, რომელმაც 2018 წლის 2 ივნისს ავტომანქანა გაყიდა 1500 ლარად.

30. მყიდველმა ავტომანქანა ჩაიბარა არამუშა მდგომარეობაში 2018 წლის 2 ივნისს.

31. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ გადაიხადა სითი პარკის ჯარიმები სულ – 70 ლარი, საპატრულო ჯარიმა – 50 ლარი და ევაკუატორის ხარჯი – 40 ლარი, სულ –160 ლარი, თუმცა ჯარიმების გადახდის დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯარიმა დარიცხულია მოპასუხისათვის გადაცემული ავტომობილით გამოწვეული დარღვევისათვის.

32. მოსარჩელის მიერ შედგენილ დავალიანების ცნობაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 2 ივნისის მდგომარეობით რეალიზებული ავტომანქანის საფასურის (1500 ლარი) ჩათვლით, მოპასუხემ გადაიხადა 5363 ლარი, საიდანაც ძირი არის 1974,06 ლარი, პროცენტი – 2960,58, გადახდილი ჯარიმა – 268,36 ლარი, სხვა ხარჯი – 160 ლარი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა – 3305,94 ლარი.

33. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ფულადი თანხის დაკისრება, რაც, მოსარჩელის მითითებით, გამომდინარეობს ლიზინგის ხელშეკრულებიდან. დავალიანება მოიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ავტომანქანის გამოსყიდვის საფასურის გადაუხდელ ნაწილს – 3305,94 ლარს.

34. მოპასუხემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში, ლიზინგის საგნის გამოსყიდვისათვის მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 6183 ლარი, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელეს გადასცა ავტომობილი, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულიად საკმარისი იყო ვალდებულების შესრულებისთვის, თუმცა მოსარჩელემ ავტომობილი არ გაყიდა შეძენის დროისათვის არსებული ფასით და გაურკვეველ ვითარებაში დაზიანების გამო (არამუშა მდგომარეობაში) გაასხვისა რეალურ ფასზე ნაკლებად – 1500 ლარად და თავისი ბრალით სრულად ვერ აინაზღაურა ავტომანქანის ღირებულება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის წინაშე დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულებას.

35. სააპელაციო სასამართლომ, სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა რა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის იმგვარი დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.

36. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.

37. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

38. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ №ას-15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; საქმე №ას-973-1208-04; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 187-ე პუნქტი).

39. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა, ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში.

40. შესაბამისად, სადავოობისას სამართლებრივი შედეგების მოწესრიგება საჭიროებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების შინაარსის განმარტებას.

41. თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს არა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, არამედ იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი.

42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 52-ე მუხლის თანახმად, განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ე.წ. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებაში და მის სტანდართულ პირობებში დაფიქსირებული შეთანხმების შინაარსზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რათა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას.

43. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის, 5804 მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ – ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს.

44. ლიზინგისაგან განსხვავებით, ფული, როგორც ხელშეკრულების საგანი სასესხო ურთიერთობაში გამოიყენება.

45. სსკ-ის 623-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი ფული ან სხვა გვაროვნული ნივთია. ამ ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს საკუთრებაში და მსესხებელმა მას, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი უნდა დაუბრუნოს.

46. სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

47. სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისაგან ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა ავტომანქანის შესაძენად, რაც მოსარჩელემ თავად გადაურიცხა გამყიდველს და, სწორედ, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად.

48. ამ მსჯელობას ადასტურებს თავად ხელშეკრულების პირველი პუნქტი (მნიშვნელოვანი პირობები), სადაც ლიზინგის თანხა განმარტებულია კრედიტად, ხოლო გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეს უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ – სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური, მასზედ დარიცხული პროცენტით, ხოლო თანხის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებისათვის – ჯარიმა (პირგასამტეხლო).

49. სააპელაციო პალატის აზრით, 2015 წლის 14 მარტის №-... ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს დგას სამომხმარებლო კრედიტთან, რომლის განმარტებაც მოცემულია სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილში. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა.

50. სამომხმარებლო კრედიტისაგან განსხვავებით, ლიზინგის მიმღებს, მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან შეწყვეტის შემთხვევაში გააჩნია ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა ვალდებულება, როგორც ეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.1. პუნქტშია დაფიქსირებული.

51. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ამ მიზნით თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგება ლიზინგის ხელშეკრულების არსს, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა სარგებლობის მიზნით ქონების გადაცემაში მდგომარეობს.

52. ამგვარად, ნათელია, რომ, სინამდვილეში, მოპასუხეს ავტომობილით სარგებლობისათვის ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით უნდა დაეფარა ავტომობილის შეძენის მიზნით აღებული სესხი, რაც მითითებულია კიდეც ხელშეკრულების მე-4 პუნქტში.

53. საყურადღებოა, რომ ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსაზღვრის მიზნით. თუკი ხელშეკრულება ლიზინგად იქნებოდა მიჩნეული, ან განვადებით ნასყიდობად, ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, კრედიტორს, ე.ი. მოსარჩელეს ფულის მოთხოვნის უფლება არ ექნებოდა, პირიქით, ნივთის დაბრუნების შემდეგ ნივთის გამოსყიდვისათვის გადახდილი საზღაური მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა. ვინაიდან ხელშეკრულებით მხარეები მოპასუხის ფინანსურ ვალდებულებაზე (და არა უფლებაზე) შეთანხმდნენ და ამ ვალდებულებას მოპასუხე სადავოდ არც ხდის, უბრალოდ აცხადებს, რომ შეწყვეტილი აქვს შესრულებით, ეს ყველაზე ნათლად ამტკიცებს, რომ, სინამდვილეში, მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულება არ დადებულა.

54. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 14 მარტის „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულება, რეალურად უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს ავტომობილის შესაძენად სამი წლის ვადით ასესხა 7450 ლარი, აღნიშნული თანხა თავად გადაურიცხა გამყიდველს, ხოლო მოპასუხეს სესხით სარგებლობისათვის განუსაზღვრა სარგებელი, ყოველთვიურად – 4,57%, ამასთან, სესხის უზრუნველყოფა მოახდინა შეძენილი ავტომობილით, რაზედაც, გირავნობის უფლების რეგისტრაციის ნაცვლად, თანხის სრულად გადახდამდე ავტომობილი თავის საკუთრებაში აღირიცხა.

55. შესაბამისად, ამ ურთიერთობის ფარგლებში წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება უნდა მოხდეს სესხისა და გირავნობის მარეგულირებელი ნორმებით.

56. სსკ-ის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

57. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის აპრილში, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, სესხის ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 4342,94 ლარი.

58. დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხემ გირავნობის საგანი გადასცა მოსარჩელეს, რომლის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი, რაც მიმართულ იქნა მოპასუხის სესხის გადაუხდელი ნაწილის დასაფარად, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა და სხვაობამ შეადგინა 2842,94 ლარი (4342,94 - 1500).

59. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, დაეფარა მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების ის სხვაობა, რაც დარჩებოდა უზრუნველყოფის საგნის – სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხის არასაკმარისად აღმოჩენის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 624-ე, 276-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სესხის დარჩენილი ნაწილის – 2842,94 გადახდევინების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

60. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეს მოთხოვნა დამატებითი ხარჯების – 160 ლარის გადახდევინების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა მის მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის ამ ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელი იქნება იდენტიფიცირება, რომ დამატებითი ხარჯები გაწეულია უშუალოდ მოპასუხისათვის გადაცემული ავტომობილით გამოწვეული დარღვევისათვის.

61. ამდენად, ამ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით მინიჭებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

62. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის ვალი დამატებითი ხარჯების ჩათვლით განისაზღვრა 3305,04 ლარით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

63. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ დავალიანების განსაზღვრის მიზნით შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტს უზრუნველყოფის საგნის დაბალ ფასად რეალიზაცია გამოწვეულია თავად მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით, კერძოდ, არამუშა მდგომარეობაში მყოფი, დაზიანებული ავტომობილის რეალიზაციით თუ არა.

64. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიუხედავად, იმისათვის, რომ სასამართლომ შეაფასოს მოგირავნის მოქმედების მართლზომიერება და მისი დაუცველობით დამგირავებლისათვის მიყენებულ ზიანი, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და დამგირავებლისათვის მიყენებული ზიანის ურთიერთგაქვითვისა, უნდა არსებობდეს დამგირევებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის წარდგენის გზით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ამ უფლებით არ უსარგებლია, მის მიერ მითითებული ფაქტის კვლევას სასამართლო ამ სარჩელის ფარგლებში ვერ მოახდენს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

65. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

66. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატას მსჯელობა, რომ 2015 წლის 14 მარტის „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულება რეალურად უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებაა, რომლიც საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ავტომობილის შესაძენად სამი წლის ვადით ასესხა თანხა.

67. 2015 წლის 14 მარტს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც შეესაბამება სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს. ლიზინგის გამცემმა მოსარჩელემ გამყიდველი ფიზიკური პირისაგან სატრანსპორტო საშუალება შეიძინა ლიზინგის მიმღებთან – მოპასუხესთან შეთანხმებით. ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო და თანხმობა გამოთქვა, მოსარჩელეს კონკრეტულად მისი მოწონებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეეძინა. აღნიშნულის შემდეგ ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება 3 წლის ვადით მისი გამოსყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღებმა ვალდებულება იკისრა, გადაეხადა საზღაური ყოველთვიურად ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით.

68. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებას, სსკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია. გარკვეული რაოდენობის თანხა მოსარჩელემ გადაურიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რათა ლიზინგის გამცემს გაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება და ლიზინგის საგნის მესაკუთრე გამხდარიყო. იმ შემთხვევაში თუ დაიდებოდა სესხის ხელშეკრულება, თანხას მოსარჩელისაგან მიიღებდა არა მესაკუთრე, არამედ მოპასუხე და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებას იყიდდა თავისი სურვილის შესაბამისად და არა ლიზინგის გამცემთან შეთანხმებით. ნაყიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ დარეგისტრირდებოდა არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის იარსებებდა სესხის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ აღრიცხული მოპასუხე არ იქნებოდა ვალდებული მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ავტოსატრანსპორტო საშუალება (ლიზინგის საგანი) და მოსარჩელეს მხოლოდ სესხის გადახდის მოთხოვნის ვალდებულება ექნებოდა.

69. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2016 წელს შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისად შეწყდა 2015 წლის 14 მარტის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ისე, რომ მოსარჩელემ შეინარჩუნა საკუთრების უფლება ლიზინგის საგანზე – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს შეეძლო ავტოსატრანსპორტო საშუალება გაესხვისებინა ნებისმიერ ფასად. გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაეცემოდა მოსარჩელეს, რაზეც შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდგომაც ფინანსური ლიზინგის 2015 წლის 14 მარტის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შეწყვეტილად.

70. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია ლიზინგის მიმღებმა გადასცა თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელეს და რა მდგომარეობაში იყო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელისათვის მისი გადაცემისას, შედგა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ შეწყვეტილიყო მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 14 მარტის ხელშეკრულება. ასევე პალატას უნდა დაედგინა ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ რატომ გაასხვისა მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუსაბამოდ დაბალ ფასში, რატომ იყო ავტოსატრანსპორტო საშუალება გასხვისების დროს არამუშა მდგომარეობაში და რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა.

71. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 576-ე და 5804 მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.

72. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემული საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2019 წლის 18 აპრილის.

73. 2019 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

74. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

75. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის განცხადება მოპასუხის საკასაციო საჩივრის ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

76. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

77. მითითებული ნორებმი შესაძლებლობას აძლევს საკასაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ საკასაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

78. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობებს, რომლებიც მითითებულია სსსკ-ის 272-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის ძალით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

79. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. მეტიც, 378-ე მუხლის ძალით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით (21.09.2018წ. საქმე №ას-958-2018).

80. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3305,94 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

81. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2842,94 ლარის ანაზღაურება.

82. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

83. 2019 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

84. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ცნობით მოპასუხემ ფაქტობრივად უარი განაცხადა საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც საქმის წარმოების შეწყვეტისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს. მხარეებს განემარტოთ, რომ სსსკ-ის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

86. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მეოთხე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

87. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. მ-ის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ს“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „მ-ს“ სარჩელის გამო ა. ს-ის მიმართ 3305, 94 ლარის ანაზღაურების შესახებ;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. კასატორ ა. ს-ეს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. მ-ის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე