Facebook Twitter

საქმე №ას-421-2019 25 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. (ო.) კ–ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ–ი (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათლად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 07 ნოემბრს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე მდებარე, სიღნაღის რაიონი სოფელი ბ. საკადასტრო კოდი: N56.10... და სიღნაღის რაიონი სოფელი ბ. საკადასტრო კოდი: N56.10...

2. 2017 წლის 06 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ო. კ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი ან მომჩივანი) მოპასუხე ჯ. კ–ის (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მასსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 7 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის დაბადებით პირველი ჯგუფის ინვალიდი, უნარშეზღუდული და მას არ შეეძლო თავისი გამოვლენილი ნების სწორად აღქმა, მას დაადებინეს ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად კი მოპასუხისგან მიიღო სესხი. იგი მოატყუეს და ხელი მოაწერინეს ორ ხელშეკრულებაზე, რომლებშიც ცალ-ცალკე იყო მითითებული თანხა. რეალურად კი, მან სესხის სახით მიიღო მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაწილი 17 700 ლარი. ამ ხელშეკრულების დადებით მას მიადგა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში და ერთერთი უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალებაში.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგების დადების მომენტში მოსარჩელე სრულად აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების არსს. სხვადასხვა დროს ქონდა დადებული არაერთი გარიგება, იყო საწარმოს დირექტორი. არც მოტყუებას და არც უნარის შეზღუდვას ადგილი არ ქონია შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 07.11.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე ს/კ 56.10... და უძრავ ქონებაზე ს/კ 56.10.... მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ 1.1.; მე-2; მე-3 და მე-4 პუნქტების ნაწილში და სარჩელი დარჩა განუხილველი. ასევე, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებით შემოწმებამდე უნდა ემსჯელა რამდენად დასაშვებია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ო. კ–სა და ჯ. კ–ს შორის 07.11.2016 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 56.10.54... 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და 2) ს/კ 56.10... 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 388 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე. მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანი 50 000 ლარი. ამასთან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

8. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც განმარტა, მისი მოთხოვნაა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ, საპელაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შემოწმებამდე, პირველ რიგში, შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა (იხ. სუსგ საქმე №ას- 121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

9. პალატამ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების/საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, საქმე # ას121-117-2016; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. (სუსგ Nას-50-50-2018).

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 07.11.2016 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 56.10... 11 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და 2) ს/კ 56.10.... 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 388 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე. მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). (სუსგ ას-50-50-2018).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებსი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

13. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან თვალთმაქცური გარიგებით დარღვეული უფლებების აღსადგენად 06.03.2017 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს.

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგებით დარღვეული უფლებების გამო მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაზეც ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 07.05.2018 წელს ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №002998618 დასკვნით დაუდგინდა, მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში... (კასატორი ციტირებს ტ.4 ს.ფ. 79-87 ფურცელზე წარმოდგენილი დასკვნიდან).

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის 1-ლი მუხლით განსაზღვრული დანაწესი და ციტირებს აღნიშნულ მუხლს. ის ასევე ციტირებს კონვენციის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-13 მუხლის 1-ელ პუნქტს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სარჩელის ხელმეორედ აღძვრის შემდეგ ისევ ორ წლიანი სასამართლო პროცედურა უნდა გაიაროს, რაც მისი მდგომარეობის გათვალისწინებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, უნდა დახარჯოს ერთადერთი შემოსავალი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია - 200 ლარი, გადაადგილდეს ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, მაშინ, როცა სასამართლოს შეეძლო სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დადგენის საფუძვლით დაებრუნებინა ხელახლა განსახილველად. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2015 წლს განმარტება საქმეზე №ას-1058-1013-2014).

16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პროცესის მონაწილეთათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

17. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი სარჩელის განუხილველად დატოვებისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმის ფაქტს, რითაც უხეშად დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა“ ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

22. თბილისის სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისას დაემყარა მსგავს საკითხზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, სახელდობრ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის 2016 წლის 7 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. თუმცა, ამ სახის მოთხოვნა, როგორც საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აისახა და შემდგომ დიდი პალატის გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა, როგორც უფლებადამდგენი სარჩელის დასაშვებობა მკაცრ საპროცესო წინაპირობებს ექვემდებარება (შდრ: დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი; №ას- 782-782-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-609-609-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი და ა.შ), რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. აღნიშნული ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს იურდიულ ინტერესზე წარმოდგენილ სარჩელში (იხ., ტ.1. ს.ფ. 6,7), სარჩელში მითითებულია მხოლოდ სადავო გარიგებათა ბათილობის ფაქტობრივი საფუძვლები და მოსარჩელის მიერ მოძიებული სამართლებრივი საფუძვლები (სსკ-ის 81-84-ე მუხლები). შესაბამისად, რომც დავუშვათ ვარაუდი ამ სახით სარჩელის წარმატების თაობაზე, იგი მატერიალური სარგებლის მომტანი მოსარჩელისთვის მაინც ვერ იქნება. მაშასადამე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის იურიდული ინტერესის აუცილებლობის შესახებ.

23. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლომ ამგვარი შეხედულებით მას მოუსპო მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უფლება, მით უფრო, ყურადსაღები გარემოება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხედველობაში არ მიიღო (იხ., კერძო საჩივრის საფუძვლები - ამ განჩინების - პ-17), აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია - კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი) და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იმავდროულად აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შემთხვევა უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი (იხ.სსსკ-ის 180-ე მუხლი) და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. სახელდობრ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ., №ას- 782-782-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი და ა.შ).

24. მით უმეტეს, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ განუხილევლად დატოვა სარჩელი, რაც არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ აღძრას (სსკ-ის 278-ე მუხლი - იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით), ხოლო სარჩელის ხელხალი აღძვრისას გაითვალისწინოს სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკლებელი გარემოებები (სსსკ-ის 186-ე და 180-ე მუხლები).

25. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ შესაძლებელი იყო საქმის ხელახლა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრის დამაბრკოლებელ გარემოებად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია აღიარებითი სარჩელის აღძვრისადმი მოსარჩელის იურიდული ინტერესის არარასებობა. დადგენილია, რომ სარჩელის საგანს გარიგებათა ბათილად ცნობა წარმოადგენდა. მაშასადამე, აღიარებითი სარჩელის აღძვრის (განხილვის) დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრა დამოკიდებულია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის უფლების გამოყენებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელეს მაინც ვერ ექნებოდა მოთხოვნის გაზრდის საპროცესო შესაძლებლობა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რომლის დანაწესით მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფძველი ან საგანი... ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ იმსჯელა მოთხოვნის დაზუსტების პროცედურულ საკითხზე და აღნიშნა, რომ: „..მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მას შემდეგ წარუდგინა, რაც საქმე სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების შედეგად განსახილველად უკან დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. შესაბამისად, მოსარჩელე სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდული იყო საპროცესო უფლებით გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა“ (შდრ: სუსგ №ას-1052-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმა სარჩელის განუხილველად დატოვებისას. ამასთან, სსსკ-ი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“], ხოლო აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მიუთითოს იურიდიულ ინტერესზე ან აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი, თუკი მოსარჩელისათვის იურიდული შედეგის მომტანი მიკუთვნებითი სარჩელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. (ო.) კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები:

ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე