საქმე №ას-164-164-2018 25 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-იის“ (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 3 თვის ხელფასის _ 21 000 ლარის, 2013 წლის შედეგების მიხედვით კუთვნილი ბონუსის _ 26 400 ლარისა და 2014 წლის შედეგების მიხედვით _ 80 000 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის წლიური 10%-ის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 1 სექტემბრის სასამსახურო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოშლის მომენტისათვის მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 7 000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით). 2015 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან მოშლიდნენ სასამსახურო ხელშეკრულებას და კომპანია იღებდა ვალდებულებას, გაეცა მოსარჩელეზე დამატებითი ბონუსი 26 250 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და გაეუქმებინა 2013 წლის შედეგების მიხედვით მოსარჩელეზე გაცემული ფულადი ბონუსის ბლოკირებულ ნაწილზე შეზღუდვა, რაც შეადგენდა 33 000 ლარს (საშემოსავლო გადასახის ჩათვლით, ხოლო, მისი გარეშე _ 26 400 ლარს, დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით კი, 29 000 ლარს). შეთანხმების მიუხედავად, 2015 წლის 30 მარტს კომპანიის დამფუძნებელმა (სს „საქართველოს ბანკმა“) წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ 2015 წლის 1 აპრილიდან მოიშალა მასთან სამართლებრივი ურთიერთობა სასამსახურო ხელშეკრულების 7.1.; 7.4. და 7.5. პუნქტებიდან გამომდინარე, დამატებითი ანაზღაურებისა და 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ბონუსის გადახდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღებოდა კომპანიაში შემოწმების დასრულების შემდეგ გამოვლენილი ფაქტების შესაბამისად, რაიმე პრეტენზია შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ მიუღია (სასამსახურო ხელშეკრულების 6.3. პუნქტი ადგენდა დირექტორისათვის ბონუსის მიცემის წესს, რომლის თანახმადაც ბონუსის 67% საანგარიშო წლის შედეგების აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე გაიცემოდა, ხოლო, 33% _ კომპანიის მიერ ინვესტირდებოდა დეპოზიტზე 1 წლის ვადით. ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის თანახმად, გადავადებულ ბონუსზე ბლოკირება იხსნება 1 წლის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ დროისათვის დირექტორი კვლავ კომპანიაში უნდა მუშაობდეს, თუმცა, ეს უკანასკნელი პირობა ბათილია, რადგანაც ეწინააღმდეგება სკ-ის 346-ე მუხლის მოთხოვნებს). 2015 წლის 1 მაისს, 2013 წლის შედეგებზე დაყრდნობით, კომპანიამ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, მისი ანგარიშიდან გაიტანა დამატებითი ანაზღაურების 33% მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად, რაც ჯამში 29 000,27 ლარს შეადგენდა. 2015 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილობით მოითხოვა 126 250 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) ანაზღაურება (16.02.2015წ. შეთანხმებით გათვალისწინებული ერთჯერადი ბონუსი _ 26 250 ლარი; 2013 წლის შედეგების მიხედვით ასაღები ბონუსის 33% _ 33 000 ლარი და 2014 წლის შედეგების მიხედვით ასაღები ბონუსის 67% _ 67 000 ლარი). უკანასკნელ წლებში დირექტორის მიერ მიღებული წლიური ბონუსი შეადგენდა 100 000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), რომლის მიღებაც ორ ეტაპად ხორციელდებოდა: 67% _ 53 600 ლარი გაიცემოდა პირდაპირ, ხოლო, 33% _ 26 400 ლარი ირიცხებოდა სადეპოზიტო ანგარიშზე. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია 2013 წლის ფინანსური შედეგების აუდიტორული დასკვნა, რომელიც 2014 წლის 17 აპრილსაა შედგენილი და სწორედ 2014 წლის 17 აპრილს გაიცა 2013 წლის ბონუსის 67% _ 53 600 ლარი, ხოლო, მისი 33% _ 26 400 ლარი, გადავადებული ბონუსის სახით, ჩაირიცხა მოსარჩელის ანგარიშზე 2014 წლის 6 მაისს. კომპანიის 2014 წლის ფინანსური შედეგების აუდიტორული შემოწმება დასრულდა 2015 წლის 17 აპრილისათვის, ვინაიდან ამ დროისათვის გამოქვეყნდა ბანკის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში, რაც მოიცავს ასევე კომპანიის ანგარიშგების შედეგებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით კომპანიამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება არა რაიმე შეთანხმების, არამედ სასამსახურო ხელშეკრულების 7.1 პუნქტის საფუძველზე, რადგანაც მოსარჩელემ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, შესაბამისად დადგა ხელშეკრულების 7.4. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც მოპასუხე არაა ვალდებული, გადაუხადოს მას ამავე ხელშეკრულების 7.5. მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურება. მხარეთა შორის არ ყოფილა მიღწეული შეთანხმება სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლების სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის გადაცემის შესახებ. საზოგადოების დირექტორზე გასაცემი წლიური ბონუსის ოდენობა წინასწარ დადგენილი არ არის, მას საკუთარი შეხედულებისამებრ ყოველწლიურად განსაზღვრავს საზოგადოების პარტნიორი. დირექტორს მიეცემა საზოგადოების მიერ დადგენილი ყოველწლიური ბონუსი, საიდანაც თანხის 67% დირექტორს გადაეხდება საანგარიშო წლის შედეგების აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო, დარჩენილი თანხის ინვესტირებას (ბონუსის 33% _ „გადავადებული ბონუსი“) საზოგადოება დირექტორის სახელით მოახდენს სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში ან ფულად დეპოზიტზე 1 წლის ვადით. დირექტორი ვალდებულია გადავადებული ბონუსის თანხით შეძენილი ფასიანი ქაღალდები ან/და ფულად დეპოზიტზე რიცხული თანხები არ გაასხვისოს/არ განკარგოს გადავადებული ბონუსის თანხის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის აუდიტორული შემოწმების დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული ვადის გასვლამდე დირექტორთან შეწყდა შრომითი ურთიერთობები, საზოგადოება უფლებამოსილია, მოითხოვოს გადავადებული ბონუსით განხორციელებული ინვესტიციების დაუყოვნებლივი რეალიზაცია, ამონაგების დაბრუნება სზოგადოებისთვის, რაზედაც დირექტორი აცხადებს სრულ, უპირობო და გამოუთხოვად თანხმობას საზოგადოების წინაშე. 2015 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელე უკვე განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ამ დროისათვის ჯერ არ იყო გასული არც გადავადებული ბონუსის დეპოზიტზე განთავსების ერთწლიანი ვადა და არც კომპანიის 2014 წლის აუდიტორული შემოწმება იყო დასრულებული. დირექტორზე გადავადებული ბონუსის გაცემა შინაარსობრივად წარმოადგენს პირობით გარიგებას, რაც არ არის აკრძალული კანონმდებლობით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, არ არსებობს არც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძველი. გარდა ამისა, მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის პრეტენზია ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის თაობაზე ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასის _ 14 000 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით) და მიუღებელი შემოსავლის სახით 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 117 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოპასუხე) მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოსარჩელე), კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასის მიკუთვნება, ბლოკირებული ბონუსის _ 26 400 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ამ თანხის წლიური 10%-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის ხელფასის _ 21 000 ლარისა (ხელზე ასაღები) და მიუღებელი შემოსავლის სახით 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 175 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს კომპანიის ყოფილი დირექტორისათვის ბლოკირებული ბონუსის მიკუთვნების წინაპირობების არსებობა. კასატორი ძირითადად პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან სასამსახურო ხელშეკრულების ნორმების, ასევე, ამ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე გამოვლენილი ნების სამართლებრივად არასწორად შეფასების თაობაზე. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოპასუხეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად:
1.1.1. სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომ არ იყენებს მხარეთა დამატებითი შეთანხმების 1.3.1. პუნქტის დებულებას, რომლის თანახმადაც, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მოეხსნა ბლოკი გადავადებული ბონუსისათვის. სასამართლოს დასკვნით, შეთანხმების დებულება _ „ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით“ მიანიშნებს სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტზე შეთანხმებას, თუმცა, ნების ამგვარი გაგება საფუძველს აცლის მხარეთა მიერ შეთანხმებაში გაკეთებულ ჩანაწერს ბლოკირებული ბონუსის თაობაზე. მხარეთა ნამდვილი ნების დადგენის მიზნით სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-ე მულებით (სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის თანახმად, ბლოკირებულ ბონუსზე ბლოკი 2015 წლის 1 მაისს მოიხსნებოდა, ხოლო, შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება მოიშალა 2015 წლის 1 აპრილიდან, შესაბამისად, დამატებითი შეთანხმების ჩანაწერი „ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების თაობაზე“ მოიაზრებს არა სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5., არამედ იმ პუნქტებს, რომლებიც ამ შეთანხმების შემდგომაც ძალაში დარჩა, მაგ: კონკურენციის აკრძალვა, კონფიდენციალურობის დაცვა და სხვა, ეს გარემოებები შემდგომში დაზუსტდა მხარეთა ელექტრონულ მიმოწერაში);
1.1.2. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის დათქმა, რომლის თანახმადაც, ბონუსის გაცემა კრედიტორმზე უკავშირდება მის მუშაობას კომპანიაში იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულება კომპანიის მხარიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოიშლება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 92-ე და 365-ე მუხლების მოთხოვნებს და ბათილია. აპელანტის ხსენებული არგუმენტი სასამართლომ არასწორად უარყო შემდეგი ორი საფუძვლით: ამგვარი შეთანხმება გამართლებულია, რადგანაც კომპანიამ, შრომითი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, დირექტორს შეიძლება ნებისმიერ დროს მოუშალოს სასამსახურო ხელშეკრულება; საზოგადოების ხსენებული უფლება არ იწვევს ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობას. მიუხედავად ამისა, სასამართლოს იურიდიულად არ დაუსაბუთებია ხელშეკრულების ბათილობაზე უარის წინაპირობები და მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ მოსარჩელე დავობს არა კომპანიის უფლებაზე, ნებისმიერ დროს მოუშალოს დირექტორს ხელშეკრულება, არამედ, კომპანიის მიერ ამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე, რადგანაც გადავადებულ ბონუსზე ბლოკის მოხსნამდე 1 თვით ადრე ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა მიუთითებს იმაზე, რომ სასამსახურო ხელშეკრულების სადავო პუნქტი კომპანიის ნებაზე დამოკიდებული პირობაა და იგი ბათილია. რაც შეეხება სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს აქამდე სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის ბათილობა სადავო არ გაუხდია, დაუსაბუთებელია, რადგანაც, ვიდრე კომპანია ვალდებულებას ასრულებდა, მოსარჩელის მხრიდან არ არსებობდა ამ შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ დავის აუცილებლობა, ამასთანავე, ვინაიდან ნებაზე დამოკიდებული პირობა, სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ისედაც ბათილია, მას მხარის შეცილება არ ესაჭიროება (სუსგ-ებები: #ას-873-823-2015; #ას-527-493-2017; #ას-914-872-2013);
1.1.3. სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ის საკითხიც, მოსარჩელის კუთვნილი ბონუსის ბლოკირება რა ტიპის შეთანხმებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კომპანიის დირექტორს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა კომპანიის წინაშე (ემუშავა მოპასუხესთან, უზრუნველეყო გარე აუდიტის დადებითი შედეგები და სხვა), ამგვარი შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 424-ე მუხლით განსაზღვრული მოვალის გარანტია უნდა ყოფილიყო, რადგანაც ბლოკირებული თანხით მოსარჩელე თანხმობას აცხადებდა, გარკვეულ მოვლენამდე შეზღუდვოდა გარანტიის განკარგვის უფლება. ამგვარი გარანტიის ნამდვილობა, სამოქალაქო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელით მოპასუხის მიერ კრედიტორის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა, მისი უსაფუძვლოდ გათავისუფლება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლს და ზედმეტად ავალდებულებს კასატორს, რის გამოც ამგვარი გარანტია ბათილია;
1.1.4. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ესა თუ ის გარემოება მხარეთა შორის სადავო არაა, იგი დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა და ამ ფაქტით შეზღუდულია სასამართლო. ამგვარი შინაარსის ფაქტს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა მხარეთა დამატებითი შეთანხმების 1.3.1. პუნქტის პირობა ბლოკირებულ ბონუსზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ კასატორი კომპანიაში აღარ იმუშავებდა ბონუსზე ბლოკის მოხსნის დროისათვის.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის გადაწვეტილებით მოსარჩელე დაინიშნა საზოგადოების დირექტორად. 2009 წლის 1 სექტემბრიდან მასთან, როგორც საზოგადოების დირექტორთან, გაფრომდა სასამსახურო ხელშეკრულება და 2015 წელს დირექტორის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 8 750 (ხელზე ასაღები თანხა 7 000 ლარს) ლარს;
1.2.2. 2015 წლის 1 აპრილიდან დირექტორთან შეწყდა სასამსახურო ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან;
1.2.3. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დირექტორის მხრიდან სასამსახურო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რაც საფუძვლად დაედებოდა სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (საზოგადოება დირექტორს არ გადაუხდის 7.5. მუხლით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება შეწყდება იმის გამო, რომ დირექტორი ვერ ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და პარტნიორთა კრება გადაწყვეტს, რომ ასეთი სახის შეუსრულებლობა იღებს პერმანენტულ ხასიათს) საფუძველზე. 2011-2015 წლების განმავლობაში განხორციელებული სალიზინგო ოპერაციებისას, თავად ამ საზოგადოების თანამშრომელთა მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულებით;
1.2.4. 2015 წლის თებერვალში მხარეთა შორის მოპასუხისვე ინიციატივით მიმდინარეობდა მოლაპარაკება 2009 წლის პირველი სექტემბრის სასამსახურო ხელშეკრულების მოსარჩელისათვის უფრო ხელსაყრელი პირობით მოშლასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თავად სასამსახურო ხელშეკრულების 7.5. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით თავიდანვე იყო შეთანხმებული. შესაბამისად, სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება უფრო ადრე იყო საზოგადოებაში მიღებული, ვიდრე ეს მოგვიანებით გაფორმდა 2015 წლის 27 მარტს პარტნიორის გადაწყვეტილებით. არც 2015 წლის თებერვალში და არც 2015 წლის მარტში (27 მარტს), ხელშეკრულების დარღვევის მოტივაციით დირექტორთან ხელშეკრულების მოშლის საფუძველი მოპასუხეს რეალურად არ გააჩნდა;
1.2.5. სასამსახურო ხელშეკრულების 7.4. და 7.5. (7.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: საზოგადოება დირექტორს არ გადაუხდის 7.5. მუხლით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება შეწყდება იმის გამო, რომ დირექტორი ვერ ასრულებს მის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და პარტნიორთა კრება გადაწყვეტს, რომ ასეთი სახის შეუსრულებლობა იღებს პერმანენტულ ხასიათს; 7.5 პუნქტის თანახმად: თუ ხელშეკრულება შეწყდება საზოგადოების ინიციატივით, გარდა 7.4. მუხლში გათვალისწინებული შემთხვევებისა, საზოგადოება ვალდებულია გადაუხადოს დირექტორს შემდეგი სახის დამატებითი ანაზღაურება: იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება უსაფუძვლოდ შეწყვეტს ხელშეკრულებას - დამატებითი ანაზღაურება შეადგენს ორი თვის ხელფასის ოდენობას. ამავე პუნქტის ბოლო ნაწილის თანახმად, დამატებითი ანაზღურების გადახდის შემდეგ საზოგადოება არ არის ვალდებული, გადაუხადოს დირექტორს რაიმე სხვა სახის ანაზღურება) პუნქტების თანახმად, საფუძვლის გარეშე დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საზოგადოებას დირექტორის მიმართ წარმოეშობოდა 2 თვის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა ვალდებულებების დარღვევის მოტივით დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, არამედ, მისი გათავისუფლება მოხდა შესაბამისი საფუძვლის გარეშე;
1.2.6. 2015 წლის 16 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით შესთავაზა სასამსახურო ხელშეკრულების მოშლა იმაზე ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ამას თავად სასამსახურო ხელშეკრულება ითველისწინებდა. ამ შეთავაზებას კონკლუდენტურად დაეთანხმა მოსარჩელე აქტიური მოქმედებების განხორციელებით: 2015 წლის თებერვლიდანვე (2015 წლის 23 და 26 თებერვალი) განხორციელდა საზოგადოების გარკვეული დოკუმენტაციის უფლებამოსილი პირისათვის გადაბარება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, ანუ მხარეებმა ფაქტობრივად დაიწყეს იმ არსებითი პირობების განხორციელება, რაც მოპასუხის მიერ შეთავაზებული იყო მოსარჩელისათვის 2015 წლის 16 თებერვლის შეთანხმების 1.2.1 პუნქტით. ამ სახით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას ითვალისწინებს თავად სასამსახურო ხელშეკრულების 11.4 პუნქტი (ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეცვლილ იქნეს საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს ერთი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, მაგრამ ისე რომ დაქირავების პირობები არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებზე უარესი);
1.2.7. მხარეთა შორის უდავოა, რომ ბლოკირებული ბონუსის თანხა შეადგენს 26 400 ლარს (ხელზე ასაღები).
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან ბონუსის ბლოკირებული თანხის, თავად ამგვარი შეთანხმების არსისა და დამატებითი შეთანხმების პირობების არასწორად შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორის მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება იქნა წარმოდგენილი.
1.3.2. იმ საკითხის სწორად გადაჭრისათვის, ეკისრება თუ არა საზოგადოებას ყოფილი დირექტორისათვის ბლოკირებული ბონუსის გადაცემის ვალდებულება, უპირველესად უნდა შეფასდეს თუ რას წარმოადგენს მხარეთა ნება ბონუსის გარკვეული ნაწილის განკარგვის შეზღუდვაზე და ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა შეესაბამება თუ არა კანონის მოთხოვნებს. მხარეთა შორის უდავოა და საქმეში წარმოდგენილი სასამსახურო ხელშეკრულების 6.3. პუნქტის ანალიზით დგინდება, რომ კომპანია დირექტორზე გასცემდა წლიურ ბონუსს, რომლის ოდენობა დგინდებოდა დირექტორის საქმიანობის შეფასების კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. ხელშეკრულების 6.3.1. პუნქტი). ბონუსის გაცემის პროპორცია შეადგენდა 67/33-ს, საიდანაც ბონუსის თანხის 67% დირექტორს მიეცემოდა წინა წლის შედეგების აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო, 33%-ის ინვესტირება საზოგადოების დირექტორის სახელით მოხდებოდა საზოგადოების აქციებში და/ან სხვა ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში 1 წლის ვადით და/ან განთავსდებოდა ფულად დეპოზიტზე იმავე ვადით (იხ. ხელშეკრულების 6.3.2. პუნქტი). სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.3. და შემდგომი პუნქტების თანახმად, დირექტორმა იკისრა ვალდებულება 1-წლიან ვადაში არ გაესხვისებინა გადავადებული ბონუსით შეძენილი სიკეთე, ხოლო, 6.3.5. პუნქტის თანახმად, გადავადებული ბონუსის დაბრუნების წინაპირობას 1-წლიანი ვადის გასვლასთან ერთად დირექტორის ამავე კომპანიაში ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფის კომპანიაში დასაქმება წარმოადგენდა, წინაღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე თავად განკარგავდა ბლოკირებულ ბონუსს სარგებელთან ერთად. აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მიუხედავად მხარეთა შორის კორპორატიული ურთიერთობის არსებობისა, ფართო გაგებით დირექტორთან გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულება შეიცავს ასევე კერძოსამართლებრივ ელემენტებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ამ ურთიერთობის სახელშეკრულებო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას (იხ. სუსგ №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მას გააჩნია სოციალური დატვირთვაც _ დირექტორის შრომის ანაზღაურება ფართო გაგებით წარმოადგენს ხელფასს და იგი საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა (იხ. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი), თავად საკუთრების ბუნებიდან გამომდინარე კი, ამ უფლებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ელემენტის გამოყენება (ფლობა, სარგებლობა, განკარგვა) მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული (იხ. სკ-ის 170.1 მუხლი). საკუთრების სანივთო უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარობს ისიც, რომ ქონების რაიმე ფორმით განკარგვის შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ კანონის ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დირექტორზე საზოგადოებას გაცემული აქვს წლიური ბონუსი, შესაბამისად, თანხა, რომლისგანაც ამ ბონუსის 100% შედგება, გაცემის დროიდან წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, თუმცა, სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.2. პუნქტით, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეები შეთანხმდნენ ამ უფლების გარკვეულ შეზღუდვაზე (ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოების მიერ შემუშავებული საბონუსე პოლიტიკა ითვალისწინებს ბონუსის გადახდას 67/33 პროპორციით, საიდანაც გადასახდელი ბონუსის 67% დირექტორს გადაეხდება საანგარიშო წლის შედეგების აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო, ბონუსის დარჩენილი თანხის ინვესტრებას საზოგადოება დირექტორის სახელით მოახდენს საზოგადოების აქციებში და/ან სხვა ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში 1 წლის ვადით და/ან განათავსებს ფულად დეპოზიტზე იმავე ვადით, ხოლო 6.3.3. პუნქტით დირექტორმა იკისრა მისი აქტივების გადავადებული ბონუსის ანგარიშით შეძენილი ფასიანი ქაღალდების ან აქტივების საინვესტიციო მართვის ანგარიშებზე და/ან ფულად დეპოზიტზე რიცხული თანხების გაუსხვისებლობა ერთი წლის ვადით). მოხმობილი გარემოებების, ხელშეკრულებით დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკირებული თანხების გაცემა უკავშირდებოდა კომპანიის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებს, პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ სასამსახურო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოვალის გარანტიის გამოყენებაზე (სკ-ის 424-ე-426-ე მუხლები: მოცემულ შემთხვევაში, დაცულია ასევე გარანტიის ფორმა). თუმცა, ამ მხრივ სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას ამ გარანტიის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რადგანაც საკუთრების სახელშეკრულებო ბოჭვის ამგვარი პირობა არც საკუთრების უფლების არსს ეწინააღმდეგება და არც ზედმეტად ავალდებულებს მოვალეს (სკ-ის 425-ე მუხლი).
1.3.3. მოვალის გარანტიის ნამდვილობისა და საკასაციო განხილვის საგნის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეფასება მიეცეს ბლოკირებული ბონუსის დაბრუნების ზემოხსენებულ წესს, რომლის თანახმადაც ბლოკირებული თანხის მესაკუთრისათვის დაბრუნებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო 2 კუმულატიური წინაპირობა: უნდა გასულიყო 1-წლიანი ვადა (მორიგი აუდიტორული შემოწმების შედეგები) და დირექტორი კვლავ „შრომით ურთიერთობაში“ უნდა ყოფილყო საზოგადოებასთან (ანუ შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი). ამგვარი შეთანხმება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეიცავს პირობითი გარიგების ელემენტებს: სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. თავად პირობა წარმოადგენს ნეგატიურს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კანომისმიერი წინაპირობის დაუდგომლობა _ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არშეწყვეტაა დათქმული, რაც შეეხება კუმულატიურ პირობათაგან მეორეს _ აუდიტორული შემოწმების შედეგებს, იგი ასევე ნეგატიურია, რადგანაც ბლოკირებული ბონუსი გაიცემა თუ მომდევნო წლის აუდიტორული შემოწმება უარყოფითი არ იქნება.
1.3.4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი პირობით დადებული გარიგება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია, რადგანაც ეწინააღმდეგება კანონს _ სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია. მოხმობილი ნორმისა და ხელშეკრულების მოშლის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ორ საკითხზე: სასამსახურო ხელშეკრულება, როგორც ზემოთ ითქვა, გარდა კორპორატიული აქტისა, კერძოსამართლებრივ ელემენტებსაც ემყარება და ბუნებრივია, მასზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მოშლისათვის სამოქალაქო კოდექსის 352-ე და მომდევნო მუხლები (ხელშეკრულებიდან გასვლა), ასევე, 399-ე მუხლი (უარი გრძელვადიან ურთიერთობაზე), მით უფრო სასამსახურო ხელშეკრულებაზე მსჯელობისას, რომელიც, როგორც ითქვა, დავალების მარეგულირებელ ნორმებს ემყარება, გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმადაც, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის პირობა _ ბლოკის მოხსნის დროისათვის მხარეების სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის აუცილებლობის თაობაზე, წარმოადგენს სწორედ ხელშემკვრელ მხარეთა ნებაზე დამოკიდებულ პირობას და იგი ბათილია, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა არ იწვევს მთლიანად ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობას (სკ-ის 62-ე მუხლი).
1.3.5. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების სადავო დებულების ბათილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 2009 წლიდან მოყოლებული და განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო გარიგება, რომელიც სამართლაში უცილოდ ბათილი გარიგების სახელითაც მოიხსენიება, სამართლებრივი ძალის არმქონეა დადების მომენტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მხარის შეცილებისა, მას იურიდიული ძალმოსილებით არ აღჭურავს კანონი. უცილოდ ბათილი გარიგებისაგან სწორედ იმით განსხვავდება საცილო გარიგება, რომ მისი ნამდვილობა დამოკიდებული უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილ ვადაში შეცილებაზე (შდრ: სკ-ის 54-ე და 59.2 მუხლები). კანონმდებლის ამგვარი განსხვავებული მიდგომა ამ საკითხისადმი იმითაა გამართლებული, რომ უცილო გარიგების მიმართ (ნების კანონთან წინააღმდეგობრიობის გამო) არც შეცილების და არც ხანდაზმულობის ვადა არ არის დადგენილი.
1.3.6. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ბონუსის ბლოკირებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში წინააღმდეგობრივიცაა: პალატამ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით შესთავაზა სასამსახურო ხელშეკრულების მოშლა იმაზე ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ამას თავად სასამსახურო ხელშეკრულება ითვალისწინებდა და ამ საფუძვლით საზოგადოების ყოფილ დირექტორს მიაკუთვნა 2015 წლის 16 თებერვლის შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაცია 3 თვის ხელფასის ოდენობით (სასამსახურო ხელშეკრულება კი, ხელშეკრულებიდან კომპანიის უმიზეზოდ გასვლის შემთხვევაში ითვალისწინებდა კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების გაცემას), ხოლო, მეორე მხრივ, ამ შეთანხმებაში ბლოკირებული ბონუსის გაცემაზე მითითების მიუხედავად, სარჩელის უარყოფა დაუკავშირა სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.3.; 6.3.5 და 6.3.6. პუნქტების წინაპირობებს (ბლოკის მოხსნის დროისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის აუცილებლობას). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ 2015 წლის 16 თებერვლის დამატებითი შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული ბლოკირებული ბონუსის მოსარჩელისათვის გადაცემაზე, ვინაიდან სასამსახურო ხელშეკრულების 6.3.5. პუნქტის პირობა წარმოადგენს უცილოდ ბათილს, თ.გ–ის მოთხოვნა ამ თანხის მიკუთვნებაზე გამართლებულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (უდავოა, რომ შემოწმების 1-წლიანი ვადა გასულია და დირექტორის მხრიდან რაიმე გადაცდომა აუდიტორული შემოწმების შედეგებით ან სხვა რელევანტური მტკიცებულებით არ დადგენილა).
1.3.7. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ კომპანიას დირექტორთან სასამსახურო ურთიერთობის მოშლისას წარმოეშვა მათ შორის ბლოკირებული ბონუსის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც, მიუხედავად კრედიტორის წერილობითი მოთხოვნისა, არ განუხორციელებია, შესაბამისად, სახეზეა მოვალე კომპანიის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით გათვალისწინებული ვადის გადაცილება. ასეთ ვითარებაში, ამავე კოდექსის 404-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე კრედიტორს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის, მათ შორის _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოუღებელი შემოსავალი წარმოადგენს დაყოვნებული თანხის წლიურ 10%-ს. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.2 მუხლი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი), ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბლოკირებული ბონუსის წლიური 10%-ის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ასევე საფუძვლიანია.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უარყოფის ნაწილში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება ბლოკირებული ბონუსისა და ამ თანხის ანაზღაურების დაყოვნების გამო მიუღებელი შემოსავლის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხზე.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა მას დაყენებული ჰქონდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც და წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინიადან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მხარის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია. მოცემული საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, შეადგენს 34 320 ლარს (26 400+(26 400X10%X3)), შესაბამისად, სამივე ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯი მოთხოვნის ამ ნაწილის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 12%-ით _ 4 118,4 ლარით.
2.3. სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე 3 640,08 ლარის ანაზღაურება (საკასაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გადახდილ ბაჟს _ 1 320 ლარს + სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან აუნაზღაურებელი 1 373,28 ლარი + საქალაქო სასამართლოში გადახდილი ბაჟიდან აუნაზღაურებელი 916,8 ლარი).
2.4. გარდა ამისა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 396 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწიის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე შეცდომით გადახდილი აქვს 1 320 ლარი, ნაცვლად 1 716 ლარისა. ამ თანხების სხვაობა შეადგენს 396 ლარს. იმ შემთხვევაში, თუკი თ.გ–ი სრულად გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, ამ თანხის სხვაობის გადახდა, დამდგარი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის ანალოგიით პალატას დასაშვებად მიაჩნია მოპასუხისთვის ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. თ. გ–ის სარჩელი ბონუსის ბლოკირებული თანხისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2.2. შპს „ს-იას“ (ს/კ #2-...) თ. გ–ის (პ/#0-...) სასარგებლოდ დაეკისროს ბონუსის ბლოკირებული თანხის _ 26 400 ლარისა (ხელზე ასაღები) და 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 26 400 ლარის წლიური 10%-ის ანაზღაურება.
2.3. შპს „ს-იას“ (ს/კ #2-...) თ. გ–ის (პ/#0--...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დამატებით დაეკისროს 3 610,08 ლარის, ხოლო, იურიდიული მომსახურების ანგარიშში _ 4 118,4 ლარის გადახდა.
2.4. შპს „ს-იას“ (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 396 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე