საქმე №ას-233-2019 22 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. პ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნატო კაპანაძის სარჩელი, მოპასუხე ზ. პ-ის მიმართ, ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ვ. გ-ს ჩაბარდა 2019 წლის 23 მარტს, წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ, ვ. გ-ს ჩაბარდა 2019 წლის 23 მარტს, მის მიერ მითითებულ მისამართზე, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 24 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 28 მარტს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი