Facebook Twitter

საქმე №ა-1515-შ-38-2019 30 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ჯ-ე

წარმომადგენელი – კ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოების ვალაუვალობისა და კომპანიების საქმეთა კოლეგიის (კანცელარიის განყოფილება) 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება (დადგენილება)

დავის საგანი - ბრძანების ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოების ვალაუვალობისა და კომპანიების საქმეთა კოლეგიის (კანცელარიის განყოფილება) 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით (დადგენილება) ი. ჯ-ეს მიენიჭა სს „ს-ში“ წილთან ან ყოფილ წილთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეტში ან საქართველოს რესპუბლიკაში საქმის აღძვრის ნებისმიერი უფლება, რომელიც კომპანია „ს-ს “ჰქონდა უშუალოდ მის ლიკვიდაციამდე.

ი. ჯ-ის წარმომადგენელმა კ. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოების ვალაუვალობისა და კომპანიების საქმეთა კოლეგიის (კანცელარიის განყოფილება) 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანების (დადგენილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/ აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ. ანუ, უზენაესი სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.1 მუხლით განსაზღვრულ და განსახილველად დასაშვებ გადაწყვეტილებას.

შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე შაფერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, მას მინიჭებული აქვს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში საქმის აღძვრის ნებისმიერი უფლება. ინგლისისა და უელსის კანონმდებლობისა და ინგლისისა და უელსის სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქციის გათვალისწინებით, 2018 წლის 13 თებერვალს, ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, მან სრულად გადასცა ინგლისსა და უელსში რეგისტრირებულ კომპანიას „ნ-ს“ (რეგისტრაციის ნომერი 1-...), საქმის აღძვრის ნებისმიერი უფლება. შესაბამისად, ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, შუამდგომლობის ავტორის (ი. ჯ-ე) მიერ საქართველოში საქმის აღძვრის უფლების განკარგვის შედეგად, აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია კომპანია „ნ-ს,“ რომელმაც ამ უფლებამოსილების რეალიზაცია მოახდინა 2018 წლის 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით. უზენაესი სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობა უკავშირდება სწორედ იმ საკითხს, საჭიროებს თუ არა კომპანია „ნ-ს“ მიერ სარჩელის აღძვრის მიზნებისათვის, შუამდგომლობის ავტორის კუთვნილი უფლების გადაცემის თაობაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს ბრძანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებას (ცნობას). შუამდგომლობის ავტორი, როგორც კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი კონტრაჰენტი, იძულებული გახდა მოემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოდგენილი შუამდგომლობიოთ, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, კომპანია „ნ-ის“ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არ ჰქონდა საქმის წარმოების უფლებამოსილება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ი. ჯ-ეს სს „ლ. ბ.“ (სს „ს.“) აქციებთან დაკავშირებით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აღარ ეკუთვნის ამ უფლების ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე განკარგვის გამო, ხოლო კომპანია „ნ-მა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება, შუამდგომლობის ავტორი (ი. ჯ-ე), როგორც პასუხისმგებლიანი ცენდენტი, იძულებული გახდა მოემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ( იხ. შუამდგომლობა).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატების დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

ევროპული დოქტრინის მიხედვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება წყვეტს კერძო სამართლებრივ დავას. ამასთან, აღნიშნული დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს ისეთ სასამართლო პროცესზე, რომელზედაც პროცესის მხარეებს თანაბრად ჰქონდათ მინიჭებული უფლებები, დაეცვათ თავიანთი ინტერესები.

ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. “სარკისებური ასახვის პრინციპმა”, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე შაფერის 2017 წლის 14 დეკემბრის No. C... ბრძანების შესრულების ადგილია ინგლისი და არა საქართველო, ამასთან ერთად, ეს ბრძანება უკვე აღსრულებულია ინგლისში, ამავე ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი უფლება შუამდგომლობის ავტორმა სრულად გადასცა ინგლისსა და უელსში რეგისტრირებულ კომპანიას „ნ-ს“, შუამდგომლობის ავტორს ( ი. ჯ-ე), არ გააჩნია ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის (აღიარების) იურიდიული ინტერესი. ცნობის (აღიარება) სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი უნდა დგებოდეს საქართველოში და სწორედ ამას უკავშირდება მისი ცნობის იურიდიული ინტერესი.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე შაფერის 2017 წლის 14 დეკემბრის No. C-... ბრძანებით ი. ჯ-ეს მიენიჭა საქმის აღძვრის უფლება და არა სს „ს. ბ.“ წილზე საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებული გარემოებების შემოწმება წარმოადგენს არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ „სარჩელის აღძვრის უფლების“ შემოწმება არ შეიძლება წარმოადგენდეს ცნობა/აღსრულების ობიექტს.

სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე შაფერის 2017 წლის 14 დეკემბრის No. C-... ბრძანება არ ექვემდებარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს იურისდიქციას და არ წარმოადგენს ცნობა/აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს. ის წარმოადგენს პროცესუალურ დოკუმენტს- მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების გამოკვლევა-შეფასებას კი ახდენს არა უზენაესი სასამართლო, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლო. მტკიცებულების შემოწმება ხდება მისი ფორმალური-პროცესუალური და შინაარსობრივი მხარეების მიხედვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრის უფლება, წარმოადგენს შიდა პროცესუალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკოლიზიო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას, გამოიყენება ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ქვეყნის სამართალი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს სარჩელის წარმოებაში მიღება/არმიღების საკითხი და ამ უფლების რეალიზაციისათვის არ არის სავალდებულო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოთხოვნის უფლების დათმობის აქტის ცნობა, რადგან განსახილველი ბრძანებით, „წილთან ან ყოფილ წილთან დაკავშირებული საქმის აღძვრის ნებისმიერ უფლების გადაცემაში“ არ იგულისხმება წილზე საკუთრების უფლების გადაცემა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო განსახილველი ბრძანების ცნობა, თუკი ბრძანებით გადაწყვეტილი იქნებოდა წილზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.1-ლი მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოების ვალაუვალობისა და კომპანიების საქმეთა კოლეგიის (კანცელარიის განყოფილება) 2017 წლის 14 დეკემბრის No. C-... ბრძანების საქართველოში ცნობის თაობაზე, ი. ჯ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68.1-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ის შუამდგომლობას ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოების ვალაუვალობისა და კომპანიების საქმეთა კოლეგიის (კანცელარიის განყოფილება) 2017 წლის 14 დეკემბრის No. C-... ბრძანების საქართველოში ცნობის თაობაზე, უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.

2. ი. ჯ-ეს უკან დაუბრუნდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალებით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი