Facebook Twitter

საქმე №ას-491-491-2018 25 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. და თ. ს–ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ა“ (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. და თ. ს–ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, კასატორები ან დაზარალებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე) და სს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეებისათვის 34 650 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის დეკემბერში ხანძრის შედეგად დაიწვა ქ.ყვარელში, კ-ის ქუჩა #5--ში (ყოფილი რ-ის ქუჩა #49) მდებარე მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ხანძარი გამოიწვია სახლის გვერდით მდგომ ბოძზე გამავალ ელექტროსადენებზე მომხდარმა მოკლე ჩართვამ, რაც გადავიდა სახლზე და დაიწვა 3/5 ნაწილი. ხანძრის შედეგების ლიკვიდაციას (სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას) ესაჭიროება 34 650 ლარი. ის ფაქტი, რომ ბოძი, რომელზეც ელექტროსადენები გადის, არის პირველი მოპასუხის საკუთრება, ხოლო ელექტროენერგიას აწვდის და ელექტროსადენების უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მეორე მოპასუხე, მათ დელიქტიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოლიდარულად.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით პირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მიუხედავად ელექტროგადამცემი ხაზისათვის განკუთვნილი ბოძის კუთვნილებისა, ის არ წარმოადგენს მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს, ამ ბოძებზე გამავალი ელეტროსადენების ხარისხიან და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მომწოდებელი (მეორე მოპასუხე), ამიტომ მის მიმართ წარდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე;

2.2. მეორე მოპასუხემ ასევე მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამომწვევი მიზეზი სახლის გვერდით მდგარ ბოძზე გამავალ ელექტროსადენებზე მომხდარი მოკლე ჩართვა ვერ გახდებოდა, რადგან მოსარჩელის სახლის ჭერის და ელექტროსადენების კვეთის შესაძლო ადგილი გრძელდება დაახლოებით 2 მეტრზე, ხოლო, ხანძრის კერა მდებარეობს დაახლოებით 5 მეტრში, ამიტომ თუნდაც ელექტროსადენებზე მოკლე ჩართვისა და ღია ელექტროსადენის სახლის სახურავთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში, იგი ხანძარს გამოიწვევდა კონტაქტის ადგილზე, რაც არ ემთხვევა ხანძრის კერას, ამიტომ ხანძარი არ არის გამოწვეული ელექტროსადენებზე მომხდარი მოკლე ჩართვის გამო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნას, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზთან (მოკლე ჩართვა, გარდამავალი წინაღობა), აღნიშნული მხოლოდ ექსპერტის ვარაუდია და არა ფაქტი. მოკლე ჩართვა, გარდამავალი წინაღობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თავად მოსარჩელის გაუმართავი შიდა ქსელით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სახლის მესაკუთრეს, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლოა, ისევე, როგორც მოთხოვნა წარდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს დაზარალებულების სასარგებლოდ დაეკისრა 34 650 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დაზარალებულთა სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეების სახლი ხანძრის შედეგად დაზიანდა 2009 წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად, დაზარალებულებმა ზიანის თაობაზე შეიტყვეს სწორედ ამ დროს;

1.2.2. ხანძრის გაუფრთხილებლობით გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 2010 წლის 9 იანვარს. გამოძიებამ სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის დროს ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას, იგი, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო ელექტროტექნიკურ მიზეზთან (მოკლე ჩართვა, გარდამავალი წინაღობა). სწორედ იმ საფუძვლით, რომ არ დადგინდა ვინმეს მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელექროტექნიკურ მიზეზთან, მოსარჩელეებმა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაზე მითითებით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოპასუხეებისაგან მოითხოვეს;

1.2.3. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2014 წლის 19 მარტს;

1.2.4. სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეებს, დახმარების მიღების მოთხოვნით, მიმართული ჰქონდათ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისათვის. საქმეში ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული პასუხი, რომლითაც მუნიციპალიტეტის გამგებელი 2013 წლის 27 მაისის #1- განცხადების პასუხად აცნობებს დაზარალებულს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტმა შესაძლებლობის ფარგლებში უკვე აღმოუჩინა დახმარება;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2010 წლის 8 იანვრის სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკნაში მითითებულია, რომ ჭერში არსებული სპილენძისა და ალუმინის სადენები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლოა ისინი მიერთებული იყვნენ ერთმანეთზე, ხოლო სხვადასხვა კვეთის დიამეტრისა და განსხვავებული მასალებისგან დამზადებული სადენების გადაგრეხვის მეთოდით კუსტარულად მიერთების ადგილზე, დროის ერთეულში გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო, იმის გამო, რომ მათ გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული ელ.წინაღობა. თუ გახურებულ კონტაქტებს აქვთ შეხება წვად მასალებთან, მაშინ შესაძლებელია მოხდეს ამ წვადი მასალების აალება, იმის გამო, რომ გარდამავალი წინაღობის არსებობის აღმოჩენა ძნელია და სწორედ დაყენებული ელექტრომცველებიც არ რეაგირებენ. საბოლოოდ, ექსპერტიზაზე წარდგენილი ფირნიშებზე არსებული წარწერებისა და ფოტომასალების შესწავლის საფუძველზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ: ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს მეორე სართულზე დასავლეთით მდებარე ოთახის ჭერზე; ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთმტკიცებების გამოკვლევისა და სისხლის სამართლის საქმის (ფოტომასალების) შესწავლის საფუძველზე, დგინდენა, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ მიზეზებთან (მოკლე ჩართვა, გარდამავალი წინაღობა). ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სპილენძისა და ალუმინის სადენები განეკუთვნება მოსარჩელეების სახლის შიდა გაყვანილობას. როგორც ექსპერტმა ვ.ბ-ემ განმარტა, მათ მიერ საერთოდ არ გამოკვლეულა და შეფასებული არ ყოფილა ხანძრის გაჩენის ის მექანიზმი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, რადგან ექსპერტიზის კვლევის საგანი ეს გარემოება (ხანძრის გაჩენა მოსარჩელეების სახლის სახურავის ზემოთ გამავალი სს „კ-ის“ კუთვნილ ელექროსადენებზე მომხდარი მოკლე ჩართვის გამო) არ ყოფილა და ეს ვერსია არც მათთან წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და მტიცებულებებიდან იკვეთებოდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დარღვვის თაობაზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის უდავო გარემოებები (ელექტროგადამცემი ბოძის განთავსება მოსარჩელეთა სახლის სიახლოვეს, მასზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენების დაზიანება და სახლში გაჩენილი ხანძრის კერა) მართლაც იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ სახლში ხანძარი სწორედ მოპასუხის სარგებლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გაუმართაობამ განაპირობა. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბინებიდან გამომდინარე კი, მისი უარყოფა ეკისრებოდა მხარეს, რომლის წინააღმდეგაც ეს ვარაუდი მოქმედებს. ამგვარი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მეორე მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, თუმცა, ხსენებული საპროცესო დარღვევა, ვინაიდან მას არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ამ თვალსაზრისით პალატა მხედველობაში იღებს მოპასუხეთა შედავებას, რომელიც იმდენად არსებითია, რომ დადასტურების შემთხვევაში, სარჩელის წარმატებას აფერხებს, კერძოდ, სარჩელის გამამართლებელი ფაქტობრივი გარემოებების გარდა, მოპასუხე მხარე აპელირებდა მოთხოვნის ხანსაზმულობაზე. ხანძრით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ დავისას (სკ-ის 992-ე, 408.1 მუხლები) ვინაიდან სახეზე დელიქტური ვალდებულებაა, მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტის შეტყობიდან 3-წლიან ხამდაზმულობას ექვემდებარება, თავად ფაქტის შეტყობა, ამავე ნორმიდან, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, ობიექტურ მომენტს ემთხვევა _ როდესაც დაზარალებულმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამ მხრივ დადგენილია, რომ მოთხოვნის წარდგენის ვადის დენა 2009 წლის 29 დეკემბერს დაიწყო, სარჩელი კი, სასამართლოში 2014 წლის 19 მარტსაა რეგისტრირებული, შესაბამისად, ვალდებულ პირს, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეძლო უარი განეცხადებინა ზიანის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომლის თანახმადაც, გამოძიებისათვის, ასევე, სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმართვით, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა (სკ-ის 138-ე მუხლი), რადგანაც არც გამოძიება და არც მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ სახელმწიფო ორგანოებს არ წარმოადგენდნენ. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის განმარტებასთან მიმართებით პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), რომლის თანახმადაც, გამოძიებისათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე, ვიდრე დასაშვები იყო სამოქალაქო სარჩელის განხილვა ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“. სამოქალაქო სარჩელი წარედგინებოდა იმ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიც იყო სისხლის სამართლის საქმე). შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ასევე, დელიქტური ვალდებულებიდან ნაწარმოები მოთხოვნის ხანდაზმულობისა თუ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და თ. ს–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე