საქმე №ას-936-901-2016 16 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ლ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უფლების ხელყოფის აღკვეთა, კონტრაფაქციული ტვირთის განადგურება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშნებით მარკირებული უალკოჰოლო სასმელებისა და მოსარჩელის კუთვნილი მოცულობითი სასაქონლო ნიშნის (ბოთლის ფორმის) გამოყენებით საქართველოში უალკოჰოლო სასმელების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვა, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს შეჩერებული მოპასუხის კუთვნილი კონტრაფაქციული ტვირთის განადგურება მოსარჩელის ხარჯით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე საქპატენტში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების მფლობელია, რომლებიც შეიცავენ სიტყვიერ აღნიშვნას C-a, კომპანია ითვლის არსებობის მრავალწლიან პერიოდს და მსოფლიო ბაზარზე ყველაზე ცნობადი და ძვირადღირებული ბრენდია. არსებობის განმავლობაში კომპანია ბაზარზე ცნობადობას იხვეჭდა რეგისტრირებული სამი ძირითადი ნიშნით: სიტყვიერი აღნიშვნით C-a; ეტიკეტის წითელი ფერით; ქილის სპეციფიკური ფორმით. ხსენებული განმასხვავებელი ნიშნები გამორიცხავს ბრენდის აღრევას სხვა უალკოჰოლო სასმელებში. მოპასუხე ცდილობს საქართველოში იმგვარი გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელის იმპორტს, რომლის გარეგანი სახე ქმნის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მაღალ ალბათობას და ახორციელებს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ზ-ის სახელზე საქპატენტში #M2007 17848 R სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წელს ზ-ი საქპატენტში დარეგისტრირდა მოცულობითი (ბოთლის ფორმა) სასაქონლო ნიშნის მფლობელად საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის 30-ე და 32-ე კლასებით გათვალისწინებული საქონლის მიმართ. მან ეს ნიშანი ასევე დაარეგისტრირა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მოთხოვნების რეესტრში. შეგებებული მოსარჩელე აწარმოებს 32-ე კლასში მოქცეულ მსგავსი საქონლის იმპორტს საქართველოში. 2014 წლის აგვისტოში მოპასუხემ საზღვარზე შეაჩერა შეგებებული მოსარჩელის მიერ შეძენილი ტვირთი და დააყადაღა საბაჟო ტერმინალში. მოპასუხეს ბოთლის ფორმის მოცულობითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მცდელობა ჰქონდა ასევე ევროკავშირში (ევროპის შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის ოფისი OHIM) და მიიღო უარი, რაც გაასაჩივრა OHIM-ის სააპელაციო პალატაში, თუმცა, პალატამ ძალაში დატოვა ბოთლის ფორმის მოცულობითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციზე უარის შესახებ გადაწყვეტილება, რაც იმას მოწმობს, რომ საქპატენტმა თავის დროზე არ იმსჯელა სადავო რეგისტრირებული მოცულობითი ნიშნის განმასხვავებელუნარიანობასა და აღწერილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისე მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება თუნდაც 32-ე კლასის საქონლის მიმართ.
1.3. კომპანია „ქ-მა“ ასევე შეიტანა სარჩელი სასამართლოში ზ-ის მიმართ #M2007 22054 R სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
1.3.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წელს მოპასუხემ დაარეგისტრირა სადავო სასაქონლო ნიშანი საქპატენტში, რომელიც ასევე მოცულობითი (ბოთლის ფორმა) სასაქონლო ნიშანია მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის 30-ე და 32-ე კლასებით გათვალისწინებული საქონლის მიმართ. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ასევე საბაჟო დეპარტამენტში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშრებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მოთხოვნის რეესტრში. მოსარჩელე აწარმოებს 32-ე კლასში მოქცეულ მსგავს საქონელს, რომლის იმპორტს საქართველოში ახორციელებს შპს „ლ-ი“. 2014 წლის აგვისტოში მოპასუხემ საქართველოს საზღვარზე შეაჩერა შპს „ლ-ის“ მიერ მოსარჩელისაგან შეძენილი ტვირთის იმპორტი და დააყადაღა იგი ტერმინალში, რითაც შეილახა მოსარჩელის ინტერესები. მოპასუხეს ბოთლის ფორმის მოცულობითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მცდელობა ჰქონდა ასევე ევროკავშირში, თუმცა უარი მიიღო, რაც გაასაჩვრა OHIM-ის სააპელაციო პალატაში. მიუხედავად ამისა, პალატამ ძალაში დატოვა მოცულობითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციზე უარის შესახებ გადაწყვეტილება, რაც იმას მოწმობს, რომ საქპატენტმა თავის დროზე არ იმსჯელა სადავო რეგისტრირებული მოცულობითი ნიშნის განმასხვავებელუნარიანობასა და აღწერილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისე მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება თუნდაც 32-ე კლასის საქონლის მიმართ.
(თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით კომპანია „ქ-ის“ სარჩელი გაერთიანდა მოცემულ საქმესთან ერთ წარმოებად)
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. შპს „ლ-იმ“ არ ცნო სარჩელი და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით განმარტა, რომ მოპასუხე კომპანია სადავო პროდუქციაზე იყენებს მოსარჩელისაგან განსხვავებულ სასაქონლო ნიშანს „C---“, რომელიც რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მადრიდის შეთანხმებისა და ოქმის საფუძველზე გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა #10680027, რომელიც ხელმოწერილია მარკებისა და დიზაინის სექტორის საერთაშორისო რეესტრის მადრიდისა და ლისაბონის ოპერაციების სამსახურის უფროსის მიერ. მადრიდის ოქმის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის დანიშნულებას წარმოადგენს საქართველო და რუსეთის ფედერაცია. 2012 წლის 3 აპრილს საქართველოს ოფისის მიერ საერთაშორისო ბიუროში მიღებულია განცხადება „C-...“ ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თაობაზე და მიმდინარეობს პროცედურები. თურქეთის რესპუბლიკის საპატენტო ინსტიტუტის მიერ ასევე რეგისტრირებულია იმ ბოთლის სამრეწველო დიზაინი, რომელშიც მოთავსებულია პროდუქცია „C-A“ და „C-L“ (დიზაინის #004708). ხსენებული დიზიანის მფლობელი 1998 წლიდან 5 წლის ვადით არის სს „ი-ი“, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხის პროდუქცია ფორმითა და დიზაინით ჰგავს კოკა-კოლას ბოთლს, უსაფუძვლოა, ვინაიდან კოკა-კოლა წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს, ხოლო, სადავო დიზაინის რეგისტრაციის უფლება არ მიეცემოდა სხვა პირს, გარდა ამისა, დიზაინის გარეგანი დათვალიერებითაც ადვილად შეიძლება იმის დადგენა, რომ კოკა-კოლასა და ფანტას ბოთლები მოპასუხის პროდუქციისაგან განსხვავებულია. რაც შეეხება ფერს, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს ცალკეული ფერის, როგორც სასაქონლო ნიშნის, რეგისტრაციას, ამასთან, პროდუქციაზე სიტყვა „C-...“ აღნიშნულია განსხვავებული შრიფტითა და ფორმით, სიტყვა ჩასმულია ჩარჩოში, რაც გამორიცხავს აღრევას. რაც შეეხება ფანტასა და C-L-ს, ამ შემთხვევაში, გარდა ბოთლებს შორის სხვაობისა, განსხვავებულია პროდუქციის ფერიცა და ეტიკეტიც.
2.2. ზ-იმ შეგებებული, ასევე, კომპანია „ქ-ის“ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეთა მოსაზრებებს ემყარება და არ არის განმტკიცებული კონკრეტული მტკიცებულებებით, სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისას საქპატენტმა დაიცვა კანონით გათვალისწინებული პროცედურა, მათმა ექსპერტებმა იმოქმედეს სტანდარტული წესებით, რომლის შემადგენელი ნაწილია გაცხადებული ნიშნის განმასხვავებელუნარიანობის შემოწმება და ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი OHIM-ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება წინამდებარე დავაზე არ არის განკუთვნადი მტკიცებულება, რადგანაც მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშნები, რომელთა რეგისტრაციის ბათილად ცნობასაც მოსარჩელეები მოითხოვენ, განსხვავდება OHIM-ის სააპელაციო პალატის მიერ განხილული მოცულობითი სასაქონლო ნიშნისაგან, ეს უკანასკნელი მოცულობითი ნიშანი იყო „კონკრეტული ბოთლი გოფრირების გარეშე“. OHIM-ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა სწორედ ის, რომ კონკრეტული მოცულობითი ნიშანი, გოფრირების გარეშე მომხმარებელმა შეიძლება დარწმუნებით ვერ დაუკავშიროს გაცხადებულ ნიშანს. ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ გაცხადებულ ნიშანს არ გააჩნდა „ვერტიკალური გრავირება“. საქპატენტში რეგისტრირებული ნიშანი კი, შეიცავს განმასხვავებელ ნიშნებს: გოფრირებას, მისი კონტურები და ფორმა უნიკალურია და განასხვავებს პროდუქციას სხვა მწარმოებლისაგან, რეგისტრირებულ ნიშანს დაყვება ნაჭდევები და ჭრილები ზევიდან ქვევით, ძირში. ყელთან და შუა ნაწილში ჭრილები არ არის და ეს ადგილები გლუვია, ხოლო, ძირში შეინიშნება ღრმა, ბოთლის სიღრმისკენ მიმავალი ჭრილები, რომლებიც, ბოთლის გადმოტრიალებისას ქმნიან ვარსკვლავის ფორმას. უმთავრეს განსხვავებას წარმოადგენს ასევე ეტიკეტი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ზ--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ლ-ის“ აეკრძალა ზ-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშნებით მარკირებული უალკოჰოლო სასმელებისა და ზ-ის კუთვნილი მოცულობითი სასაქონლო ნიშნის (ბოთლის ფორმის) გამოყენებით საქართველოში უალკოჰოლო სასმელების იმპორტი და გაყიდვა. ზ-ის ხარჯით განადგურდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს შეჩერებული შპს „ლ-ის“ კუთვნილი კონტრაფაქციული საქონელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-იმ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ზ-ის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებით მარკირებული პროდუქციისა და შპს „ლ-ის“ მიერ საქართველოში სარეალიზაციოდ იმპორტირებული უალკოჰოლო სასმელების ვიზუალური მსგავსება, ამ მსგავსების არსებითი მხარე და ის გარემოება, იწვევს თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ამ ორი პროდუქციის მსგავსება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე ძირითადად პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის არასწორ გამოყენება-განმარტებაზე აცხადებს, ასევე, მას პრეტენზია გააჩნია სასამართლოს იმ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისა და კასატორის სადავო პროდუქციის შეფუთვა _ ბოთლები პრაქტიკულად იდენტურია. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეზე დართული მტკიცებულებები _ შესადარებელი მასალები და არ დაადგინა მათ შორის განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშნები: კოკა-კოლას ბოთლებისაგან განსხვავებით, C----ის ბოთლები არ არის გოფრირებული, მისი თავსახური განსხვავებული ფერისაა, ისევე, როგორც განსხვავებულია ეტიკეტებზე წარწერა, რომელიც, ერთ შემთხვევაში, შესრულებულია ლათინური და ქართული ასოებით, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ მხოლოდ ლათინური ასოებით, განსხვავებულია მათი ზომა და შიგთავსის ფერიც, კერძოდ, კოკა-კოლას სითხე გაცილებით მუქი ფარისაა, ვიდრე C----ის სითხე. კასატორის მითითებით, ზ-ის განსაკუთრებული უფლება მოპოვებული აქვს მხოლოდ #22054 და #17878 მოცულობით სასაქონლო ნიშანზე და არა ზოგადად ამ ფორმის ბოთლზე. მოსარჩელემ სწორედ იმიტომ დააპატენტა გოფრირებული ნაჭდევებიანი ბოთლი, რომ მისი პროდუქცია მომხმარებელს განესხვავებინა სხვა პროდუქტისაგან, C----ის ბოთლის შუა სივრცის ზედაპირი არც გოფრირებულია და არც ნაჭდევები აქვს, ამასთან, არც ბოთლის ფორმაა ერთნაირი, რაც ობიექტური ადამიანის თვალში ადვილად შესამჩნევია.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობების შესაბამისად, კომბინირებული და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის #2973) „ქართული კოკა-კოლა წითელ ფონზე“, „ქართული კოკა-კოლა მსუბუქი წითელი ასოებით“ (რეგისტრაციის #14900), „ლათინური კოკა-კოლა წითელ ფონზე“ (რეგისტრაციის #15419), „ბურთი წითელ ფერებში“ (რეგისტრაციის #17505) და „ლათინური კოკა-კოლა წითელ წრეწირთან ერთად“ (რეგისტრაციის #23642) ზ-ის მფლობელობაშია; ზ-ი არის აგრეთვე საქპატენტში რეგისტრირებული შემდეგი მოცულობითი ნიშნების მფლობელი:
- რეგისტრაციის #17848, რეგ. თარიღი: 18.09.2007წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #18305, რეგ. თარიღი: 17.03.2008წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #22054, რეგ. თარიღი: 13.12.2011წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #315, რეგ. თარიღი: 07.11.1994წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #3312, რეგ. თარიღი: 24.09.1996წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #5392, რეგ. თარიღი: 28.05.1997წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #9689, რეგ. თარიღი: 11.06.1998წ. (ალუმინის ქილის ფორმა);
- რეგისტრაციის #10244, რეგ. თარიღი: 14.08.1998წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #16733, რეგ. თარიღი: 01.08.2006წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #20346, რეგ. თარიღი: 25.03.2010წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #21195, რეგ. თარიღი: 25.02.2011წ. (ბოთლის ფორმა);
- რეგისტრაციის #23927, რეგ. თარიღი: 14.08.2013წ. (ბოთლის ფორმა);
1.2.2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2014 წლის #34687 და 28.07.2014 წლის #35363 ბრძანებებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი სასაქონლო ნიშნები:
- სასაქონლო ნიშანი „C-a“ (რეგ. #1391);
- სასაქონლო ნიშანი „C-a“ გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (რეგ. #15419);
- სასაქონლო ნიშანი „F-a“ გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (რეგ. #15245);
- სასაქონლო ნიშანი „B-n“ (რეგ. #19687);
- სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშანი (ბოთლის ფორმა) (რეგ. #17848);
- სასაქონლო ნიშანი „C-o“ (რეგ. #16885);
- სასაქონლო ნიშანი „C-...“ (რეგ. #16886);
1.2.3. 2014 წლის 7 აგვისტოს საბაჟო დეპარტამენტის „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსმა გამოსცა #36380 ბრძანება, რომლითაც 10 სამუშაო დღით შეჩერდა შპს „ლუზი-კომპანის“ მიერ 2014 წლის 6 აგვისტოს #11112/C17725 დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გაფორმების პროცედურები. იმპორტი ხორციელდებოდა თურქეთიდან და იმპორტისათვის განკუთვნილი საქონელი იყო:
- 36 864 ცალი ბოთლი C-... C-A;
- 23 040 ცალი ბოთლი C-L;
1.2.4. სასაქონლო ნიშანი „C-...“ რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მადრიდის შეთანხმებისა და ოქმის საფუძველზე გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა, საერთაშორისო რეგისტრაციის #10680027 (C---). ამ სასაქონლო ნიშნის დანიშნულება წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას. საქართველოს ოფისის მიერ პროცედურების დაცვით აღნიშნული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა;
1.2.5. თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის მიერ ასევე რეგისტრირებულია იმ ბოთლის სამრეწველო დიზაინი, რომელშიც მოთავსებულია მოპასუხის პროდუქცია „C-... K.“ და „C-L“ (დიზაინის #004708);
1.2.6. ზ-ის მფლობელობაში არსებული სადავო სასაქონლო ნიშანი #M2007 17848 R რეგისტრირებულია ასევე რუსეთის ფედერაციისა და რუმინეთის საპატენტო უწყებების მიერ;
1.2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ფორთოხლისა და ჩატ ფორთოხლის ბოთლებზე განთავსებულ ეტიკეტებზე აღინიშნება ტექსტები, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა შრიფტის მარკებით (ტექსტის ასოთა კონფიგურაციიდან გამომდინარე) ეტიკეტები შეფერილობით (ჩატ ფორთოხლის ბოთლზე განთავსებულია მუქი ნარინჯისფერი ეტიკეტი, ამავდროულად ფორთოხლის ბოთლზე განთავსებულია ღია ნარინჯისფერი ეტიკეტი) და სიგანით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. წარმოდგენილ კოკა-კოლის და ჩატ კოლის ბოთლებზე განთავსებულ ეტიკეტებზე აღინიშნება ტექსტები, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა შრიფტის მარკებით (ტექსტის ასოთა კონფიგურაციიდან გამომდინარე). ეტიკეტები შესრულებულია ერთი და იმავე ფერის საღებავი ნივთიერებით (წითელი ფერის) და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საღებავი ნივთიერების ინტენსივობითა და სიგანით;
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის ნორმის არასწორი გამოყენებისა და მისი არასწორი განმარტების თაობაზე (სსსკ-ის 393.2 მუხლი) და განმარტავს, რომ ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. მოხმობილი ნორმების თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.
1.3.2. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მესამე პირის მხრიდან განსაკუთრებული უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე მსგავსი სასაქონლო ნიშნისა და მსგავსი საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება და ამ მსგავსების შედეგად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია, რაც შეეხება მოპასუხის შედავებას, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის შესწავლით ირკვევა, რომ მან სადავო გახადა, როგორც მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება მოცულობით სასაქონლო ნიშანზე, ისე _ მის მიერ იმპორტირებული საქონლისა და მოსარჩელის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსება, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს: ა) მოსარჩელე არის თუ არა სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელი; ბ) მოპასუხის მიერ იმპორტირებული საქონელი აღრევამდე მსგავსია თუ არა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებით დაცული მოსარჩელის უფლების ობიექტისა. მოხმობილი გარემოებების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს.
1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაძლია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, რადგანაც სასამართლოში წარადგინა საქპატენტის მიერ გაცემული მოწმობა („სასაქონლონიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი), შესაბამისად, დადგენილია, რომ მოცულობითი სასაქონლო ნიშანი _ გოფრირებული ბოთლი ნაჭდევებით მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს საქპატენტში, ასევე, მას აქვს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „ლათინური კოკა-კოლა წითელ ფონზე“ (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.). რაც შეეხება მეორე საკითხს, მოპასუხის მიერ იმპორტირებული საქონლის მსგავსებას განსაკუთრებული უფლებით დაცულ მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან, ამ მხრივ საქმეში წარმოდგენილია როგორც შესადარებელი ობიექტები, ისე _ საექსპერტო კვლევის შედეგები, რომლებიც, საკასაციო შედავების ფარგლებში გამოიკვლია საკასაციო პალატამ და სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას შესადარებელი ობიექტების აღრევამდე მსგავსების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლით ირკვევა, რომ ექსპერტი გადმოსცემს ცალკეული ინდივიდუალური ნიშნების განსხვავებას, ამ ნიშნების დეტალიზაციას, თუმცა, თავად საკითხიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსება-განსხვავების შესწავლა საშუალო მომხმარებლის მხრიდან ორ პროდუქციას შორის გარჩევის საკითხს შეეხება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სწორედ პროდუქციის ერთიანი იერ-სახისა და არა მისი ინდივიდუალური ნიშნების ურთიერთშედარებით უნდა განხორციელდეს, რადგანაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შემთხვევაში, რომელთაც ყოველდღიურად იძენს მომხმარებელი, რა თქმა უნდა არ არის აღრევის საშიშროება თუკი სახეზე იმდენად მკვეთრი განმასხვავებელი ნიშნებია, რომლებიც მინიმუმ მომხმარებლის დაინტერესებას გამოიწვევს. შესადარებელი მასალების ვიზუალური კვლევით მართლაც დასტურდება კოკა-კოლასა და C--- C--A-ს აღრევამდე მსგავსების ფაქტი მისი შეფუთვის, მარკირების, ეტიკეტის, ბოთლის მონაცემებისა და სითხის თითქმის იდენტური ფერების გამო, ასევე, უდავოა, რომ როგორც ერთი, ისე _ მეორე საქონელი ერთი და იმავე დანიშნულების პროდუქტია და დიდია ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი არ დააკვირდება მათ განმასხვავებელ ინდივიდუალურ ნიშნებს. ამგვარი მიდგომა კი, ეწინააღმდეგება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს, რომლის პირველი მუხლის თანახმად, იგი აწესრიგებს სასაქონლო ნიშნების დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, თუ რა წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებულ საქონელს და ასეთად მიიჩნევა საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა.
1.3.4. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშნის საქპატენტში რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები, თუმცა, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მფლობელის ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“, რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)). მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნის დაცვის განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალსაც: ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment of 7 july, 2005).
1.3.5. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან დაცულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების სტანდარტი (სსსკ-ის 105-ე მუხლი). დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ აღრევამდე მსგავსი პროდუქტის საქართველოში სარეალიზაციოდ იმპორტის ფაქტის დადასტურებით, დაძლია მისი უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთი, რაც კანონის ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.3.1.), ზ-ის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს. ამ დასკვნის წინააღმდეგ კი, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა ამ გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად კი, ხსენებული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე