Facebook Twitter

საქმე №ა-719-გან-1-2019 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – თ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ს. კ.“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ს. კ.“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 3 თვის ხელფასის _ 21 000 ლარის, 2013 წლის შედეგების მიხედვით კუთვნილი ბონუსის _ 26 400 ლარისა და 2014 წლის შედეგების მიხედვით _ 80 000 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის წლიური 10%-ის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასის _ 14 000 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით) და მიუღებელი შემოსავლის სახით 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 117 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასის მიკუთვნება, ბლოკირებული ბონუსის _ 26 400 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ამ თანხის წლიური 10%-ის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ _ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ.გ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის ხელფასის _ 21 000 ლარისა (ხელზე ასაღები) და მიუღებელი შემოსავლის სახით 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 175 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის სარჩელი ბონუსის ბლოკირებული თანხისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს „ს. ს. კ.“ თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბონუსის ბლოკირებული თანხის _ 26 400 ლარისა (ხელზე ასაღები) და 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 26 400 ლარის წლიური 10%-ის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა პროცესის ხარჯების საკითხიც.

8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თინათინ გობეჯიშვილმა და მოითხოვა 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება. განცხადების თანახმად, მიუღებელი შემოსავლის _ 26 000 ლარის წლიური 10%-ის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რადგანაც, განმცხადებლის განმარტებით, წლიური პროცენტი მან 2016 წლის 1 აპრილიდან დაინაგარიშა შემდგომ ყოველი 1-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგანაც მოპასუხემ დარიცხული სარგებელი არ გადაიხადა შემდეგი წლის 1 აპრილს, ეს პროცენტიც დაერიცხა დავალიანებას კაპიტაილზემულ პროცენტთან ერთად, ანალოგიურად მოხდა 2017 და 2018 წლის 1 აპრილს, შედეგად, 2019 წლის 1 თებერვლისათვის დავალიანებამ შეადგინა 38 065 ლარი, მოპასუხემ კი, გადაიხადა 36 612,82 ლარი. დავალიანების ამგვარი გაანგარიშება, განმცხადებლის განმარტებით, არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სიტყვასიტყვითი გაგებიდან, ამასთანავე, სასამართლოს მიერ დადგენილი სარგებელი უნდა შეადგენდეს ეფექტურ და არა ნომინალურ პროცენტს. თუკი ყოველწლიურად არ მოხდება 10%-ის დარიცხვა დავალიანების თანხაზე _ 26 400 ლარზე და მისი დარიცხვა მხოლოდ 2019 წლის 1 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც მოპასუხემ მხოლოდ 36 612,82 ლარი გადაიხადა, გამოდის, რომ წლიური ეფექტური პროცენტი 8,89 ყოფილა და არა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10%.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მოვალემ აღასრულა სადავო ნაწილში გადაწყვეტილება და გადაიხადა 36 612,82 ლარი, თუმცა, მხარეთა შორის სადავოა წლიური პროცენტის დავალიანების ძირითად ვალთან კაპიტალიზაცია და შემდგომი წლის სარგებლის ამ თანხების ჯამით განსაზღვრის შესაძლებლობა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შემდგომი წინადადება, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, განცხადების განხილვის მიმართ დამაბრკოლებელი ვერ გახდება, რადგანაც ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა იქნეს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით განმარტებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).

2. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვანებას, მასში მკაფიოდაა გადმოცემული მოსარჩელის დადასტურებული უფლება და მისი რეალიზაციის წესი, კერძოდ, გადაწყვეტილების 2.2. პუნქტის თანახმად, შპს „ს. ს. კ.“ თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბონუსის ბლოკირებული თანხის _ 26 400 ლარისა (ხელზე ასაღები) და 2015 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 26 400 ლარის წლიური 10%-ის ანაზღაურება. მართალია, განმცხადებელს სურს 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აპრილამდე და შემდგომი ყოველი 1-წლიანი პერიოდის განმავლობაში დარიცხული და აუნაზღაურებელი სარგებლის ძირი თანხის ანგარიშში მითვლა და მომდევნო წლის სარგებლის ამ ძირ თანხაზე დარიცხვა, რასაც ის პროცენტის ეფექტური განაკვეთით ხსნის, თუმცა, ამგვარი დასკვნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან არ გამომდინარეობს.

3. პალატა განმარტავს, რომ „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ საბანკო სფეროს მარეგულირებელი წესებისთვის დამახასიათებელი ცნებაა და იგი, როგორც წესი, ამ სფეროში დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს წარმოადგენს, რაც შეეხება განსახილველი დავის საგანს, მისი მატერიალური საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი, როგორც ზიანის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს აბსტრაქტულ ქონებრივ დანაკლისს, ის ყოველთვის სავარაუდოა და მისი პირისათვის მიკუთვნება ხდება იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების დარღვევის/დელიქტური ქმედების შედეგად მაღალი ალბათობითაა სავარაუდო კრედიტორის მიერ არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისის, არამედ, ანაცდენი მოგების (lucrum cessans) ხელიდან გაშვება, რაც მოვალის გაუმართლებელი ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგია. ამგავრი ზიანი „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss) წარმოადგენს და არა საბანკო სფეროსათვის დამახასიათებელი სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ადგენს რა დაზარალებულის უფლებას, მაქსიმალურად აღიდგინოს დარღვეული უფლებები, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს), იცავს ასევე მოვალეს გაუმართლებლად დიდი დანახარჯებისაგან და ადგენს ბალანსს პირთა უფლებრივ მდგომაროებას შორის. ამდენად, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თავად წარმოადგენს არა მხოლოდ უფლების დაცვისა და მართლწინააღმდეგობრიობის აღკვეთის რეპრესიულ მექანიზმს, არამედ მასში მოცემულია პრევენციული ელემენტებიც.

4. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტი ემსახურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების სწორად რეალიზებას და არა ახალი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა რა დავალიანებული თანხის წლიური 10%-ის გადახდა, სარგებლის რაიმე ეფექტურ განაკვეთზე არც გადაწყვეტილების სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას. განცხადების დაკმაყოფილება კი, გამოიწვევს არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, არამედ _ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და არ არსებობს მისი განმარტების თაობაზე თ.გობეჯიშვილის განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე