საქმე №ას-446-2019 22 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – სს „ე-ასა“ და ბ. ბ-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. ი. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ე-ას“ ი. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის – 20000 ლარის ანაზღაურება. ბ. ბ-ესა და სს „ე-ას“ ი. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის – 5000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2019 წლის 10 აპრილს ბ. ბ-ის წარმომადგენელმა პ. ხ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ბ. ბ-ის წარმომადგენელ პ. ხ-ას შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც ხსენებულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის წარმომადგენელ პ. ხ-ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ-ის წარმომადგენელ პ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ბ. ბ-.ის საკასაციო საჩივარზე ი. ჯ-ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი