Facebook Twitter

საქმე №ა-465-შ-15-2019 22 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; დ. ა-ი, დაბადებული 1-... სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველო, რეგისტრირებული მისამართზე: ტამბოვის ოლქი, ნ., აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

2. რ. ხ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღნიშნულის იურიდიულ ინტერესად მიუთითა, რომ სურს მისი და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, რისთვისაც აუცილებელია არასრულწლოვნის მამის დ. ა-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ ზემოაღნიშნული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით რ. ხ-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; ბ) იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

4. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 11 მარტს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 10 აპრილის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 11 მარტს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 10 აპრილის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ხ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის ნიკიფოროვის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური