საქმე №ას-1084-2018 1 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ. ზ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კომპანია ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 27 725 ლარის (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა) დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ჰიდრო ელექტრო სადგურისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს შუახევში. მშენებლობის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მოქალაქეებისათვის იხდის საკომპენსაციო თანხას. მშენებლობის არეალში მოექცა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-აში მდებარე მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მას გაშენებული ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავები _ სხვადასხვა სახის ხეხილი. მშენებლობაზე საავტომობილო გზის მოსაწყობად მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხეები მოიჭრა. მშენებელი კომპანიის დაკვეთით შედგენილი შეფასების აქტის თანახმად, მოჭრილი ხილის საკომპენსაციო ღირებულებამ ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგინა 6 405 ლარი, თუმცა, შეფასების აქტში არ არის დაზუსტებული ხეხილის ჯიშები, მაშინ, როცა სხვადასხვა ჯიშის ხილს მოსავლიანობის განსხვავებული პერიოდი გააჩნია. ექსპერტიზით განისაზღვრა სხვადასხვა ჯიშის ნარგავების სიცოცხლის ხანგრძლივობა და მსხმოიარობის ვადები. კომპანიამ, ხეხილის მოჭრის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა მოსავლიანობის 5 წელზე გადაანგარიშებაზე, მაშინ, როცა ექსპერტიზის დასკვნით, 5 წლის ნარგავები არ იძლევა სრულ მოსავალს, ხოლო, მოჭრილი ხეები იყო სრულად მოსავლიანი. დასკვნის მიხედვით, მოჭრილი ხილი სრულ მოსავლიანობას იწყებს 10 წლის ასაკიდან, ანუ კომპანიას დამატებით გადასახდელი აქვს კომპენსაცია მოსავლიანობის 5 წელზე გაანაგარიშებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით კომპანიამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ახორციელებს „შ-ის“ პროექტს, რის გამოც, აუცილებელი იყო მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. კომპანიას და კრედიტორს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და კომპენსაციის გადახდის შემდგომ მოიჭრა მიწაზე არსებული ხეები. ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ მხარეები ხელშეკრულებით ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ უძრავ ქონებაზე არსებულ ნარგავებს შეაფასებდა შპს „ე.“. შეთანხმებაში კრედიტორი აცხადებს და ადასტურებს, რომ საკომპენსაციო თანხის გადახდის შემდეგ მას აღარ ექნებოდა პრეტენზია და მოთხოვნა კომპანიის მიმართ კომპენსაციის თაობაზე. კომპანიამ ნარგავების კომპენსაცია გასცა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მხარეთა მიერ შეთანხმებულმა ექსპერტმა დაადგინა მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულება 1 წელზე გაანგარიშებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თანახმა იყო, მიეღო აღნიშნული საბაზისო ღირებულება (ერთწლიანი კომპენსაცია) და არ გააჩნდა რაიმე სამართლებრივი ან სხვა სახის მოთხოვნა/პრეტენზია კომპანიის მიმართ, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიას არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა მოსარჩელის წინაშე, მან საკუთარი სურვილით გადაუხადა არა ერთწლიანი, არამედ _ 5-წლიანი ღირებულების გამოთვლით კომპენსაცია, ხოლო, ზოგიერთი ჯიშის ხეხილზე (კაკალზე, თუთასა და კომშზე) _ 8-წლიანი კომპენსაცია. სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მხარეებს შორის უკვე არსებობს ორმხრივი შეთანხმება, რის საფუძველზეც კრედიტორმა სრულიად მიიღო ნარგავების კომპენსაციის თანხა და ადასტურებს, რომ მომავალში არ ექნებოდა რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია კომპანიის საკითხთან დაკავშირებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კომპანიას აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 22 865 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს კომპანიისათვის საკომპენსაციო თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმის (მატერიალური კანონმდებლობის დანაწესების არასწორი გამოყენება), ასევე, საპროცესო წესების დარღვევით დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და საბოლოოდ სარჩელის მცდარად დაკმაყოფილების თაობაზე.
1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2013 წლის 13 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, შეწყვიტოს უძრავი ქონებით (მდებარე შუახევის რაიონის სოფელ ა-აში 1967 კვ.მ მიწის ნაკვეთი) სარგებლობა და გავიდეს უძრავი ქონებიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 5 დღის ვადაში. ამავე ხელსეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია უზრუნველყოფდა უძრავ ქონებაზე განთავსებული ნარგავების ღირებულების ანაზღაურებას საბაზრო ფასით, რომელსაც დაადგენს მათ მიერ შერჩეული შპს „ე.“;
1.2.2. 2013 წლის 1 სექტემბერს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა შეთანხმება ნარგავების კომპენსაციის გადახდის შესახებ, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ კრედიტორს გადაუხადა სულ 42 595 ლარი. აღნიშნულ თანხაში შევიდა მიწის ნაკვეთზე გაშენებული ხეხილიდან 5 წლის განმავლობაში მისაღები ნაყოფის ღირებულებაც (01.09.2013წ. ხელშეკრულება არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი, მას აკლია გვერდი. მიუხედავად სასამართლოს შეთავაზებისა, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წარმოდგენა);
1.2.3. შპს „ე-ის“ დასკვნის თანახმად, ქონების დათვალიერებას, შემფასებლებთან ერთად, ესწრებოდა მიწის ნაკვეთის მოსარგებლე (მოსარჩელე). დასკნაში მითითებული შენიშვნით ირკვევა, რომ მაღალმთიან აჭარაში კლიმატური და სხვა პირობების გამო ხეხილი ვერ იძლევა სრულფასოვან მოსავალს. შემფასებელმა დააკორექტირა თითოეული ერთეულის ოდენობა და მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ხეხილის საბაზრო ღირებულება, შეფასების მომენტისათვის, განსაზღვრა 6 405 ლარით.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წინაპიროები. სადავო სამართალურთიერთობის სწორად გადაწყვეტისათვის შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა უფლებრივ მდგომარეობას, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და ამ გზით გადაწყდეს სარჩელის წარმატებულობის საკითხი.
3.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევით მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, შესაბამისად, სასამართლომ მოთხოვნაც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილს, 411-ე და 412-ე მუხლებს დაუკავშირა. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ხსენებულ დასაბუთებას და ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის სამართლებრივ კავშირზე ნივთთან: მხარეთა შორის უდავოა (ამასთან, ეს გარემოება დასტურდება, როგორც მოსარჩელის მიერ სარჩელში გადმოცემული განმარტებიდან, ისე _ მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან), რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მფლობელს, რომელზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ნარგავები, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზე არ გვაქვს საკუთრების შეზღუდვა, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე ფლობდა უძრავ ქონებასა და მის არსებით შემადგენელ ნაწილს (მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნარგავებს). თავის მხრივ, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ არის შედავებული მფლობელობის მართლზომიერება, არამედ, კომპენსაციის გადახდითა და მოსარჩელესთან მოლაპარაკების წარმოებით კასატორი აღიარებს მის უფლებრივ მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორი განიხილება მართლზომიერ მფლობელად და მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი (სკ-ის 154-ე და 162.1 მუხლები).
3.1.3. უდავოა, რომ მოსარჩელემ მფლობელობა დათმო გარიგების საფუძველზე. იმის განსასაზღვრად, სამართლებრივად თუ რას წარმოადგენს მფლობელობის დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების უფლება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეფასდეს თავად ნივთზე ბატონობის ნებაყოფლობით მიტოვების იურიდიული ბუნება. ამ მხრივ აღსანშნავია, რომ სანივთო სამართლის რეგულაციის სფეროს მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები, სანივთო სამართლის აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, იმპერატიული დანაწესებით ხასიათდება და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ჩარევები ამ რეგულაციაში ყოველთვის არ დაიშვება. სანივთო სამართლის იმპერატიულ ბუნებას განაპირობებს ის, რომ ამ წესებით დარეგულირებულია პირთა „ქონებაზე ბატონობით“ განპირობებული შემთხვევები, რის გამოც იგი აბსოლუტური ხასიათით გამოირჩევა (ამ განმარტების ფარგლებში ექცევა მათ შორის სანივთო გარიგებებით მოპოვებული უფლებები, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს). რაც შეეხება ვალდებულებითი სამართლიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, ისინი რელატიური ხასიათით გამოირჩევიან, რამეთუ რეგულირების ობიექტი ე.წ „პირადი უფლებებია“, რომლებიც შეძენილია ხელშეკრულებით, დელიქტით, უსაფუძვლო გამდიდრებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით, შესაბამისად, ფარდობითობის მეტი ელემენტის არსებობაც ამ ნიშნებითაა განპირობებული.
3.1.4. სანივთო სამართალი ითვალისწინებს რა სანივთო გარიგების დადების შესაძლებლობას (მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებები, საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა), იგი არ გამორიცხავს იმას, რომ სანივთო უფლება (მათ შორის მფლობელობა) ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტსაც წარმოადგენდეს. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილშია რეგლამენტირებული და ადგენს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
3.1.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მფლობელობის (ნივთზე ბატონობის) უფლების დათმობა ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში ექცევა და მასზე სრულად ვრცელდება ვალდებულებითი სამართლის ის დანაწესები, რომლებიც აბსოლუტური მოწესრიგების (სანივთო) იმპერატიულ დებულებებს არ ეწინააღმდეგებიან. ამგვარი მიდგომა არც უფლების განკარგვის საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტს ეწინააღმდეგება. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით დადგენილია, რომ მფლობელობა ფართო გაგებით ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა კი, დასაშვებად მიიჩნევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას გონივრული და სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ (იხ. მაგ: Zwierzyński v. Poland, no. 34049/96, § 63, ECHR 2001-VI); Iatridis v. Greece [GC], no. 31107/96, §54, ECHR 1999-II, and Beyeler v. Italy [GC], no. 33202/96, § 100, ECHR 2000-I; Prince Hans-Adam II of Liechtenstein v. Germany [GC], no. 42527/98, §83, ECHR 2001-VIII; საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, (განაცხადი №18768/05)).
3.1.6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მფლობელობის დათმობის სანაცლოდ საკომპენსაციო თანხის მეტი ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება, რასაც კრედიტორი უკავშირებს მრავალწლიანი ნარგავების შედეგად 10 წლის განმავლობაში მისაღები ნაყოფის ღირებულებას. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებათა ნამდვილობა (რომელთა საფუძველზეც შეწყდა მფლობელობა) სადავო არაა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა არა მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი, არამედ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით კომპენსაციის გადახდა. საქმეში არსებული 2013 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება მართლაც ნაკლიანი დოკუმენტია, რადგანაც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, თუმცა, მისი ბოლო გვერდიდან, რომელიც მხარეთა ხელმოწერითაა დადასტურებული, დგინდება მოსარჩელის მხრიდან შესრულების მიღება და პრეტენზიის არარსებობა. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების მოთხოვნები და ხელშეკრულების კონკრეტული პირობების დადასტურების ტვირთი არასწორად დააკისრა მოპასუხეს.
3.1.7. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება და არც მოსარჩელეს მიუთითებია იმგვარი გარემოებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო). საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მხრივ კი, სავსებით გაუმართლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 იანვრის წერილზე, რომელიც შინაარსობრივად სასამართლომ შპს „ე-ს“ დასკვნაში გადმოცემულ მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო თანხის გაანგარიშებას დაუკავშირა. საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება იმ საკითხს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების შესრულება წარმოადგენს (სკ-ის 317.1 მუხლი). ამ მხრივ უნდა განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლების თანახმად, ორმხრივი ნების პირობებში, ხელშეკრულების არსებით პირობად განიხილება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ის ნება, რომელზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ეს ნება რა საკვირველია ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გამოავლინოს და მიიღოს მეორემ, ანუ ხელშეკრულების არსებითი პირობა ხელშემკვრელ მხარეთა შორის არის გამოვლენილი, ხოლო ის ნება, რომელიც მიმართულია მესამე პირის მიმართ, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების პირობად განვიხილოთ. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 იანვრის წერილი, რომელშიც კომპანია საკომპენსაციო საფასურის გამოთვლას იმ ღირებულებას უკავშირებს, რასაც ოჯახი მიიღებდა სრულმსხმოიარე მცენარით არსებულის ჩანაცვლებისას, მიმართულია არა მოსარჩელის, არამედ _ მესამე პირის, ე. ზ-ის მიმართ. აღნიშნული გარემოება დაუშვებელს ხდის ხსენებულ წერილში გადმოცემული პირობების რ. ზ-ესთან ინდივიდუალური შეთანხმების ფარგლებში დადებული ორმხრივი ხელშეკრულების პირობად მიჩნევას.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მხარეთა მიერ მფლობელობის დათმობის შესახებ გარიგებით საკომპენსაციო თანხის 27 725 ლარით განსაზღვრის ფაქტი, არ არსებობს მისი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობა.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს კომპანიამ დაურთო მტკიცებულება დისკონტირების მეთოდით მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო ღირებულების დადგენის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხსენებული დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომადგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, არამედ, საჩივრის საფუძვლიანობა საქმეში უკვე შეკრებილი მტკიცებულებების კვლევის კანონიერების თვალსაზრისით, მხოლოდ სამართლებრივად მოწმდება, ახალი და/ან საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეფასება მისცეს ხსენებულ დოკუმენტებს, რაც მათი საქმისათვის დართვის საკითხსაც გამორიცხავს.
3. პროცესის ხარჯები:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
3.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩვარი და სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, რ.ზ----ეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 143,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
2.1. რ. ზ-ის სარჩელი შპს „ა-ას“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. რ. ზ-ეს (პ/#6-...) შპს „ა-ას“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ დაეკისროს 1 143,25 ლარის გადახდა.
4. შპს „ა-ას“ დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 5 (ხუთი) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი