საქმე №ა-5049-შ-126-2018 2 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ჟ. ტ.
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პეტროვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ბავშვების საცხოვრებელი ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის აკრძალვის მოხსნა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჟ. ტ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ი-ის მიმართ ბავშვების საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე რ. ი-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის აკრძალვის მოხსნა.
3. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პეტროვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ტ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვების – ა. რ-ის ძე ი-ის (დაბ.2-...) და ს. რ-ის ძე ი-ის (დაბ.2-...) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვა დედის საცხოვრებელი ადგილი. რ. ი-ს, ჟ. ტ-ს სასარგებლოდ, ორი არასრულწლოვანი შვილების – ა. რ-ის ძე ი-ის (დაბ.2-...) და ს. რ-ის ძე ი-ის (დაბ.2-...) სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ყოველთვიურად გადახდა 2016 წლის 23 მარტიდან ა. რ-ის ძე ი-ის სრულწლოვანებამდე და ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის ყოველთვიურად 2028 წლის 24 აგვისტოდან ს. რ-ის ძე ი-ის სრულწლოვანებამდე. რ. ი-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით რ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. ჟ. ტ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პეტროვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება ბავშვების საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში.
7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პეტროვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 12 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბერს ჟ. ტ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პეტროვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ ბავშვების საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.
9. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მოცემული შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენით.
10. საკასაციო სასამართლომ მითითებულ საქმეზე სხდომები ჩაატარა 2019 წლის 16 იანვარსა და 11 აპრილს, რა დროსაც საქმის განხილვა გადაიდო მხარეთა მორიგების გამო.
11. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
14. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.
16. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
17. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგების აქტი რ. ი-ს და ჟ. ტ-ს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. მხარეები: ერთი მხრივ, რ. ი-ი და, მეორე მხრივ, ჟ. ტ. თანხმდებიან, რომ მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვანი შვილების – ა. ი-ისა და ს. ი-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება დედის – ჟ. ტ-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვანი ა. ი-ი საცხოვრებლად დარჩება მამასთან – რ. ი-თან საქართველოს ტერიტორიაზე.
2.2. რ. ი-ი იღებს ვალდებულებას, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვანთა სურვილი/ინტერესები საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) კვირაში ორჯერ აკონტაქტოს ა. ი-ი თავის უმცროს ძმასთან, ს. ი-თან და ა. ი-ის სურვილის შემთხვევაში დედასთან, ჟ. ტ-სთან დისტანციურად (სატელეფონო კავშირის, ინტერნეტის საშუალებით) იმ პერიოდში, როდესაც ასეთი ურთიერთობა შესაძლებელია ბავშვის აზრის, მისი ინტერსების და დღის რეჟიმის გათვალისწინებით. ამგვარ დისტანციურ კავშირს უნდა დაესწროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი (სოც-მუშაკი) და ფსიქოლოგი.
2.3. მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა ჟ. ტ. განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
2.3.1. შეიტანს განცხადებას „სასამართლო აღსრულების საერთაშორისო დეპარტამენტში“ В-... 2018 წლის 6 აპრილის №--... სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე მორიგების აქტის გამო მისი შეუსრულებლობიდან გამომდინარე მანამ, სანამ ა. ი-ი საცხოვრებლად დარჩება მამასთან საქართველოში; რ. ი-ს წარუდგენს განცხადების ასლს კანცელარიის ყველა ბეჭდით: რეგისტრაციის ნომრის და განცხადების თარიღის მითითებით;
2.3.2. მთლიანად წაშლის ინტერნეტიდან ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება რ-ს ი-ს და ამ უკანასკნელის ოჯახურ ცხოვრებას და პერსონალურ მონაცემებს, რომელიც ჟ. ტ-ს მიერ გავრცელდა ა. ი-ის ძებნის ფარგლებში; წაშლის მთელ ინფორმაციას რ. ი-ის, ამ უკანასკნელის შვილების და მისი ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში არსებული მომხმარებლის გვერდიდან @-.... ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში წაშლის ა. ი-ისათვის თანხის შეგროვების თაობაზე ინფორმაციას.
2.4. მორიგების აქტის 2.2. მუხლით გათვალისწინებული დისტანციური კომუნიკაციის ვალდებულება წარმოიშობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 დღის შემდეგ, იმ პირობით, რომ მანამდე ჟ. ტ-ს მიერ სრულად იქნება შესრულებული 2.3. მუხლით დადგენილი ვალდებულებები.
2.5. 2019 წლის ზაფხულის სასკოლო არდადეგების პერიოდში, არანაკლებ არდადეგების პერიოდის ნახევრისა (პერიოდი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით) ჟ. ტ. უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით, არასრულწლოვანი შვილის - ს. ი-ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ჩამოყვანოს საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, რათა შედგეს ს. ი-ის პირისპირ ურთიერთობა მამასთან, რ. ი-თან და ძმასთან - ა. ი-თან.
2.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტო, როგორც არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი, კისრულობს ვალდებულებას, ა. ი-ისა და ჟ. ტ-ს ურთიერთობის აღდგენის მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, რომელიც გაწევს ინტენსიურ მუშაობას მათ შორის არსებული გაუცხოების აღმოფხვრისათვის და ხელს შეუწყობს დედა-შვილის შემდგომი ურთიერთობის გაჯანსაღებას. ფსიქოლოგი, თავისი შეხედუბულების მიხედვით, უზრუნველყოფს ყოველთვიურად დასკვნის შედგენას.
2.7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შვილების ასაკობრივი თავისებურებისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა შვილებზე მეორე მშობლის მიმართ. ხელს შეუწყობენ თითოეული ბავშვის, შეიქმნან და შემდგომ შეინარჩუნონ, როგორც ერთმანეთთან, ისე _ თითოეულ მშობელთან თბილი, თანაბარი დამოკიდებულება და საიმედო მიჯაჭვულობა.
2.8. იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგის დასკვნით დადგინდება ა. ი-ის ფსიქოლოგიური და ემოციური მზაობა ურთიერთობა იქონიოს დედასთან - ჟ. ტ-სთან, არასრულწლოვნის სურვილის გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ არ იარსებებს ა. ი-ისა და რ. ი-ისათვის რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებანი, რ. ი-ი ა. ი-ს ჩაიყვანს რუსეთის ფედერაციაში, სადაც მას ურთიერთობა ექნება დედასთან - ჟ. ტ-სთან. ა. ი-ის სურვილის შემთხვევაში ჟ. ტ-ს შეეძლება მისი წაყვანა რუსეთის ფედერაციაში და მამა – რ. ი-ი არ შეუშლის მას ხელს ამაში და გასცემს შესაბამების თანხმობებს. ამავე დროს, რ. ი-ს ექნება უფლება, ანალოგიური პერიოდით ურთიერთბა ჰქონდეს უმცროს შვილთან – ს. ი-თან (ხოლო ჟ. ტ-ს ექნება ვალდებულება, უზრუნველყოს ამგვარი ურთიერთობა). რ. ი-ი და ჟ. ტ. ვალდებულებას იღებენ, რომ შეთანხმებული ვადის შემდეგ ა. ი-ს და ს. ი-ს დააბრუნებენ უკან.
2.9. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.
2.10. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო). მორიგების პირობების მხარეთა მიერ შეუსრულებლობისას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო) მხარის მომართვის საფუძველზე იძულებით აღასრულებს სასამართლო მორიგების აქტს.
2.11. შეზღუდვა, რომ ბავშვი მამამ – რ. ი-მა დედის – ჟ. ტ-ს თანხმობის გარეშე, არ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დარჩეს ძალაში. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს დედის – ჟ. ტ-ს მიმართაც იმ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება არასრულწლოვანი ა. ი-ის გაყვანა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
3. მხარეთა მორიგების გამო წინამდებარე შუამდგომლობაზე შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვა.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი