საქმე №ას-496-2019 3 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჟ. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ქ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე. ქ-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ჯ-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლება გააჩნია მოპასუხის მიერ დაკავებულ უძრავ ნივთზე, მოსარჩელის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე სადავო ქონებას არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარს ეთქვა უარი, რაც მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამოთავისუფლებაზე.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (იხ. შესაგებელი – ტ. I, ს.ფ. 20, გზავნილი – ტ. I, ს.ფ. 37).
9. საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო გზავნილი პირადად მოპასუხეს ჩაბარდა (ტ. I, ს.ფ. 39).
10. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის, 241-ე მუხლის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
11. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 13:57 საათზე მოპასუხემ განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ ესწრებოდა სხდომას და მოითხოვა მისი გადადება. განცხადებას არ ერთვოდა მოპასუხის ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (ტ.1, ს.ფ. 40). შესაბამისი მტკიცებულების არარასებობის პირობებში სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის ეტაპზე. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემობაზე მითითებით, რომ იყო ავად, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულთან მიმართებაში რაიმე მსჯელობას არ შეიცავს არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი.
12. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
13. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორის განმარტებით, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, განიცდის ფინანსურ სიძნელეებს, არის სოციალურად დაუცველი, რის გამოც ვერ შეძლო მოსარჩელის მიმართ არსებული სესხის დაბრუნება, თუმცა მზადაა დაფაროს დავალიანება ეტაპობრივად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი ოჯახის დარჩება ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გარეშე.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
23. წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამოთავისუფლებაზე.
24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (იხ. შესაგებელი – ტ. I, ს.ფ. 20, გზავნილი – ტ. I, ს.ფ. 37).
26. საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო გზავნილი პირადად მოპასუხეს ჩაბარდა (ტ. I, ს.ფ. 39).
27. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 13:57 საათზე მოპასუხეს განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ ესწრებოდა სხდომას და მოითხოვა მისი გადადება.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
31. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
32. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სხდომის დანიშვნის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია.
33. 2017 წლის 26 სექტემბერს, 13:57 საათზე მოპასუხეს განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ ესწრებოდა სხდომას და მოითხოვა მისი გადადება.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
35. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
36. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვოდა მოპასუხის ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (ტ.1, ს.ფ. 40). შესაბამისი მტკიცებულების არარასებობის პირობებში სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
37. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იყო ავად, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულთან მიმართებაში რაიმე მსჯელობას არ შეიცავს არც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
38. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის მორიგების მიღწევისა და დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მორიგების მიღწევა დასაშვებია ნებისმიერ, მათ შორის, აღსრულების ეტაპზეც.
39. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური