№ას-353-2019 1 მაისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.ლ., შ.მ., ა.მ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.მ–ის უფლებამონაცვლეები გ.ა., რ.ა. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც თ.მ–ის უფლებამონაცვლეები გ. და რ.ა–ები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მოითხოვდნენ ე.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისში, ......, 5/6 ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ჩათვლასა და მოსარჩელეთა ქონების მესაკუთრეებად ცნობას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.მ–მა, ა.მ–მა და ა.ლ–ამ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები ან კასატორები), რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. ამავე საკასაციო საჩივარში კასატორების წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე იმ საფუძვლით, რომ კასატორები ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და თანხის გამოგზავნისთანავე ის დამატებით წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამავე განჩინებით მათ დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ....., საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით განსაზღვრული უძრავი ქონების 5/6 ნაწილის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 19 მარტს ჩაჰბარდა.
6. 2019 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა, რომელმაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებლები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მან ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია ვერ მოახერხა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის სრულად აღმოფხვრა დაევალათ. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2019 წლის 3 აპრილს ჩაჰბარდა.
8. 2019 წლის 5 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანა განცხადება, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და ხარვეზის შევსებულად ჩათვლაზე იშუამდგომლა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ....., საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით განსაზღვრული უძრავი ქონების 5/6 ნაწილის ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა უკვე გადახდილის 300 ლარის გათვალისწინებით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდნენ საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს ამავე წლის 18 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
10. 2019 წლის 23 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელსაც დაურთო უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტიორული დასკვნა და სახელმწიფო ბაჟის (732 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
11. 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე კასატორების მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და დანარჩენ ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე იშუამდგომლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 18 აპრილს კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 აპრილს ამდენად, კასატორები ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 23 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, რომელშიც აღნიშნა, რომ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებს. ამასთან, მან განცხადებას დაურთო უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნა და სახელმწიფო ბაჟის - 732 ლარის ოდენობით გადახდის დამასტურებელი დოკუმენტის დედანი.
15. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება 129 000 ლარით. აქედან გამომდინარე, ქონების სადავო ნაწილის (5/6 ნაწილი) ღირებულება შეადგენს 107 500 ლარს, რომლის 5% განისაზღვრება 5 375 ლარით. კასატორებს კი ჯამში გადახდილი აქვთ 1032 ლარი, რაც საკმარისი არ არის ხარვეზის სრულად აღმოფხვრისათვის. ამასთან, კასატორები 2019 წლის 23 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაში არ შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე ან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელებაზე. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე განცხადება კასატორების წარმომადგენელმა მხოლოდ 2019 წლის 25 აპრილს წარმოადგინა, მას შემდეგ, რაც ხარვეზის გამოსწორების ვადა უკვე გასული იყო. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ეს შუამდგომლობა ყოველად დაუსაბუთებელია. 2019 წლის 25 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით არ დასტურდება, რომ ამ ეტაპზე კასატორები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი, რაც მათ მოვალეობას წარმოადგენდა. ამასთან აღსანიშნავია, შემდეგი გარემოება: იმ შემთხვევაშიც კი თუ კასატორები ვადაში იშუამდგომლებდნენ ხარვეზის დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე (მტკიცებულებათა დართვის გარეშე), ან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც კასატორებს საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ, ხარვეზის ვადის გაგრძელება მოხდა კიდევ 2-ჯერ, ჯამში საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია დაახლოებით ორი თვე, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვინაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორებმა დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1032 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ლ–ას, შ.მ–ისა და ა.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ა.ლ–ას (პ/ნ ......), შ.მ–სა (პ/ნ .......) და ა.მ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ვ.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1032 (ათას ოცდათორმეტი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.04.2019წ; საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.04.2019წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა