7 მარტი, 2019 წელი,
საქმე №ას-1395-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.მ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან პირველი სამინისტრო), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეორე სამინისტრო) და შპს ,,ა-ს“ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კომპანია) შორის 2007 წლის 22 მარტს გაფორმდა სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სესხის ხელშეკრულება, პირველი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მეორე სამინისტროსათვის განსაზღვრული სამელიორაციო სისტემების ღონისძიებათა ასიგნებიდან კომპანიას სესხის სახით გამოეყო 500 000 ლარი, სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშემწყობ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. ხელშეკრულების ვადა ორი წლით განისაზღვრა.
2. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით, შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.07% დაერიცხებოდა.
3. 2009 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს, მეორე სამინისტროსა და კომპანიას შორის კვლავ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სესხის ხელშეკრულება ან მეორე ხელშეკრულება). ამჯერად, სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა ასიგნებიდან კომპანიას სესხად 65 000 ლარი გამოეყო. შესრულების ვადა ორი წლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აუნაზღაურებელ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - 0.07%.
4. 2010 წლის 22 ივნისს მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმდა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით, 2010 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. დავალიანების დაფარვისათვის შედგა გადახდის გრაფიკი. 2010 წლის 15 ივნისის მონაცემებით რიცხული სასესხო დავალიანება განისაზღვრა მთლიანად 711 107,16 ლარით (ძირითადი თანხა 516 250 ლარი, პროცენტი 9 312,69 ლარი, პირგასამტეხლო 185 544,47 ლარი). დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმების მე-6 მუხლის 5.3 პუნქტით, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - პირველი და მეორე ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N840 განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა კომპანიის (შპს ,,ა-ს“) 2010 წლის 15 ივნისს არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება - 711107,16 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა - 516250 ლარი, პროცენტი - 9312,69 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 185 544,47 ლარი იყო.
6. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის N1-3/191 ბრძანებით, შპს "ს.", შპს "ა.", შპს "კ." და შპს "მ." ერთმანეთს შეერწყა. ამავე ბრძანების თანახმად, შპს "ს-ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს "ს.გ.ს.ს.კ.”. 2015 წლის 29 აპრილის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის N2-10 ბრძანების საფუძველზე, შპს "ს.გ.ს.ს.კ–ის" წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შპს "ს.გ.ს.ს.კ–ს" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს "ს.მ–ა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე).
7. მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია. 2016 წლის 1 თებერვლის მონაცემებით მის მიერ შეუსრულებელმა ვალდებულებამ 1 886 463.88 ლარი (რესტრუქტურიზებული თანხა 711 107,16 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი - 151 423,26, პირგასამტეხლო - 1 023 933,46 ლარი) შეადგინა.
8. 2016 წლის 8 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :
8.1. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს 1 886 463,88 ლარის გადახდა, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხაა - 711 107,16 ლარი, პროცენტი - 151 423,23 ლარი და პირაგასამტეხლო - 1 023 933,46 ლარი.
8.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 1 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე რესტრუქტურიზებული თანხის, 711 107,16 ლარის, 0.07%, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 497,78 ლარს შეადგენს.
8.3. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ სესხის გადახდის საბოლოო ვადა დასრულდა, თუმცა მოპასუხე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან სადავოდ მხოლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გახადა და განმარტა, რომ ის შეუსაბამოდ მაღალი იყო და გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1 067 317,08 ლარის გადახდა, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხა - 711 107,16 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული პროცენტი - 151 423,23 ლარი, ხოლო პირაგასამტეხლო - 204 786,69 ლარი იყო; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 1 თებერვლიდან, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხაზე - 711 107,16 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,014%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად 99,55 ლარს შეადგენს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე და 42-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო კანონიერად შეამცირა;
12.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, ის ბევრად აღემატებოდა სესხის ძირითად დავალიანებას. 2010 წლის 15 ივნისის მონაცემებით, ძირითადი თანხის სახით დავალიანებამ 516 250 ლარი შეადგინა, რომელზეც მხარეს პირგასამტეხლოს სახით უკვე დარიცხული ჰქონდა 185 544 ლარი, პროცენტი 9 312 და, დამატებით, რესტრუქტურიზაციის პერიოდისთვის სარგებლის სახით, ასევე დარიცხული ჰქონდა 151 423 ლარი. შესაბამისად, ამ ვითარებაში მოვალისათვის დამატებით პირგასამტეხლოს - 1 023 933 ლარით განსაზღვრა და იმავდროულად მოვალისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0.07 %-ის დარიცხვა მიმდინარე პირგასამტეხლოს სახით, პალატის მოსაზრებით, არ ემსახურებოდა კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას, არამედ გამოიწვევდა ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება, თავად პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უსაფუძვლოდ მიიჩნიეს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და, შესაბამისად, არასწორად შეამცირეს 1 023 933,46 ლარიდან 204786.69 ლარამდე, ასევე უსაფუძვლოდ შემცირდა დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს დღიური საპროცენტო განაკვეთი 0,07 %-დან 0, 014 %-მდე;
13.2. საყურადღებოა, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი ქმნის სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს და, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს საქმის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და შემდეგ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება მოპასუხემ არ შეასრულა. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გამოიტანეს სასამართლოებმა დასკვნა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
18. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შემცირებულიყო, სახელდობრ:
18.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
18.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
18.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 15 ივნისის მონაცემებით სესხის ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 516 250 ლარი, რომელსაც დაერიცხა პირგასამტეხლო - 185 544 ლარი, პროცენტი - 9 312 ლარი. გარდა ამისა, რესტრუქტურიზაციის პერიოდისთვის დამატებით, სარგებლის სახით დაერიცხა 151 423 ლარიც. ამდენად, ამ ვითარებაში მოვალისათვის დამატებით პირგასამტეხლოს - 1 023 933 ლარის დაკისრება და, იმავდროულად, მისთვის ყოველდღიურად დავალიანების 0.07 %-ის დარიცხვა მიმდინარე პირგასამტეხლოს სახით, არ ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას, არამედ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.
18.4. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დავალიანების (516 250 ლარის) გათვალისწინებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (185 544 ლარი + 1 023 933 ლარი + დავალიანების 0,07% ყოველვადაგადაცილებულ დღისათვის) მოპასუხისათვის დაკისრება აშკარად შეუსაბამო და არაგონივრულია.
18.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეამცირეს დაკისრებული ჯარიმა - 1 023 933,46 ლარიდან 204 786,69 ლარამდე, ასევე, მართებულად განსაზღვრეს ყოველდღიური პირგასამტეხლო, ნაცვლად 0.07%-ისა 0,014 %-ით.
19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.3-ე, 404-ე, 410-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე