საქმე №ას-1854-2018 5 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "უ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპს „უ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია, მენარდე ან შემსრულებელი) შორის 2017 წლის 29 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №140 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ქ. ბორჯომში, ე.წ. დიდი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 167193 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629.1 მუხლი).
2. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. მოსარჩელემ ვალდებულება დაარღვია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 24 დღის დაგვიანებით დაასრულა.
4. 2017 წლის 1 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც დღეში 501.57 ლარს შეადგენდა.
5. 2017 წლის 23 ოქტომბერს კომპანიის დირექტორმა მოპასუხეს წერილობითი განცხადებით მიმართა, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს ოდენობად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 0,3%-ისა, 0.02%-ის განსაზღვრის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია.
6. მერიამ, ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 12037.68 ლარის გადახდა; თანხა მენარდეს ნაწილობრივ გაუქვითა და მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 12037,68 ლარით შეუმცირა.
7. 2018 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, დაკისრებული პირგასამტეხლოს - 0.3 %-ის 0.02 %-მდე შემცირებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 11235.68 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირგასამტეხლო - 12037.68 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო და, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, 802 ლარამდე უნდა შემცირებულიყო. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით დაკავებული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - 12037.68 ლარიდან 11235.68 ლარის (12037.68- 802 = 11235.68) ანაზღაურება.
8. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო - 12037.68 ლარი, გონივრული იყო და მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მისი მტკიცებით, უსაფუძვლო იყო სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც, ვინაიდან ხსენებული თანხა მოსარჩელეს ჯარიმის სახით, სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ჩამოეჭრა.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდა და 2006.316 ლარით (0.05 %) განისაზღვრა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 10031.364 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში 501.57 ლარს შეადგენს (ჯამში 12037.68 ლარი). პალატის დასკვნებით, მოპასუხეს არც შესაგებელსა და არც სააპელაციო საჩივარში, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია მოპასუხის ინტერესზე ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების 0.3%-დან 0,05%-მდე, რაც 24 - დღიანი ვადაგადაცილების გათვალისწინებით, ჯამში 2 006.31 ლარია;
11.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს 10031.36 ლარი დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 2006.31 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) - 10 031.36 ლარის ანაზღაურება, მართებულად დაეკისრა.
12. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, ან, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მათ უგულებელყვეს სსკ-ის 418-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ხელშემკვრელი მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს;
12.2. არც სააპელაციო და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა ტენდერში, გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, გამოხატა თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე. გარდა ამისა, მოსარჩელე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და სწორედ ამის შემდეგ გაფორმდა მხარეთა შორის ხელშეკრულება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირებისა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა. სახელდობრ:
16.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
16.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
16.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 2006.316 (0.05%) ლარით განსაზღვრა.
ამდენად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ მოსარჩელეს 10 031.36 ლარი დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 2006.31 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი აქვს. შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) - 10 031.36 ლარის ანაზღაურება, მართებულად დაეკისრა.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი