Facebook Twitter

საქმე №ა-3603-შ-90-2018 25 იანვარი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –შპს "ე.ლ" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ." (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება #A 40-177252/17-120-1527 და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს "ე.ლ–სა" (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს "კ–ს" (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 1 ივნისს გაფორმდა, ბავშვთა კვების სპეციალიზირებული პროდუქტების თაობაზე, ნასყიდობის ხელშეკრულება #15-AX/2014-ANI (შემდეგში: ხელშეკრულება).

2. ხელშეკრულების შესაბამისად, საქონელი მყიდველს ცალკეული პარტიებით მიეწოდებოდა, გამყიდველის ფასების მიხედვით საქონლის ჩამონათვალის საფუძველზე მყიდველის მიერ შედგენილი განაცხადის მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად გაყიდული საქონლის საფასური და ხელშეკრულების ვალუტა რუსეთის ფედერაციის რუბლში განისაზღვრა.

3. გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდების თარიღად ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწოდების ადგილას სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტის გაფორმებისა და გადამზიდველისათვის საქონლის გადაცემის თარიღი მიიჩნევა, ხოლო გამყიდველის ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა მყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის საქონლის საწყობში გადაცემის შემდეგ.

4. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება საწყობში საქონლის მიწოდებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა.

5. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას იგი მოვალეა გამყიდველს გადაუხადოს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.5 % ვადაგადაცილების ყოველ სრულ კვირაზე.

6. მოპასუხემ, 2016 წლის 19 ივლისს, მოსარჩელეს 2 566 110.00 რუბლის ღირებულების საქონელი შეუკვეთა.

7. მყიდველს საქონელი მიეწოდა ტერმინების განმარტების თაობაზე საერთაშორისო წესების "ინკოტერმს" 2010 წლის რედაქციის შესაბამისად. საქონლის მიწოდების ადგილი იყო: 141859, რუსეთი, ქ. მოსკოვი, დმიტროვსკის რაიონი, სოფელი ..... (შემდეგში: საწყობი).

8. გამყიდველმა მყიდველს 2016 წლის 1 აგვისტოს 2 566 110.00 რუბლის ღირებულების საქონელი მიაწოდა და 2016 წლის 19 ივლისის #2300029864 ანგარიში წარუდგინა საქონლის საფასურის გადასახდელად.

9. მყიდველმა 2017 წლის 26 იანვარს გამყიდველს მიწოდებული საქონლის საფასურის ნაწილი - 280 000 რუბლი გადაუხადა.

10. გამყიდველმა 2017 წლის 16 აგვისტოს მყიდველს დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოთხოვნა გაუგზავნა, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელის დავალიანება გამყიდველის წინაშე - 2 286 110 რუბლს, ხოლო პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლს შეადგენდა.

11. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 2 983 373.55 რუბლის (ძირითადი დავალიანება - 2 286 110 რუბლი და პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლი), ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 36 145 რუბლის გადახდა დაეკისრა.

12. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (დადგენილებით) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ყველგან, სადაც მოსარჩელის სახელწოდებად მითითებული იყო შპს "ე.ლ." მიეთითა შპს "ე.ლ".

13. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით (დადგენილებით) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა პირგასამტეხლოს ოდენობის სიტყვებით მითითების ნაწილში და ნაცვლად „ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლისა და ორმოცდათხუტმეტი კაპიკისა“ მიეთითა: „ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდასამი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი“.

14. გამყიდველის წარმომადგენელმა, 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და, ამ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ, დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი, სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების თარგმნისა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების ხარჯი - 449.98 ლარი, საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 2 200 აშშ დოლარი.

15. შუამდგომლობაზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 12 იანვრიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

16. შუამდგომლობაზე დართული, უცხო ქვეყნის სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმის მასალებში არის იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მყიდველი სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. ასეთ გარემოებებში საქმე განხილულ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის დასწრების გარეშე რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. შუამდგომლობას თან ახლავს უცხო ქვეყნის სასამართლოს გზავნილები და უკუგზავნილები, რომლითაც დასტურდება, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ შეტყობინება მოპასუხეს ორჯერ გაეგზავნა, მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა, ადრესატს გზავნილი არ ჩაბარდა. ამასთან, შუამდგომლობას ახლავს კიდევ ერთი უკუგზავნილი, რომელშიც მითითებულია, რომ სასამართლოს გზავნილი მიღებულია საქართველოში.

17. გამყიდველის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დართული ხელშეკრულების 11.2 ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ყველა უთანხმოება, დავა და მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებით ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის განმარტებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ნამდვილობასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. წინამდებარე ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართალი რუსეთის ფედერაციის მატერიალური სამართალია.

18. მოსარჩელეს იურიდიულ დახმარებს იურიდიული ფირმა „პ.ს.“ (შემდეგში: იურიდიული ფირმა) უწევდა, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იურიდიული ფირმა გამყიდველს დახმარებას გაუწევდა ფიქსირებული თანხის 160 აშშ დოლარის ფარგლებში, აღნიშნული თანხა მოიცავს იურისტის დროს, სახელმწიფოს 2-კვირიანი ვადის მომსახურების საფასურს და კურიერის ანაზღაურებას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელეს საფასური იურიდიული ფირმის სტანდარტული საათობრივი ტარიფის მიხედვით უნდა გადაეხადა[იურიდიული ფირმის საათობრივი სტანდართული ტარიფები აშშ დოლარი (საათში) - პარტნიორი - 450, იურისტი - 120-240 (სტაჟის მიხედვით), სტაჟიორი ადვოკატი - 100-150 (სტაჟის მიხედვით), სტაჟიორი - 55-100 (სტაჟის მიხედვით)]. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ორი ანგარიშფაქტურა, რომლებითაც დასტურდება თარჯიმნისა და ნოტარიუსის მომსახურების ხარჯის 321.7 ლარისა და 137.28 ლარის გადახდის ფაქტი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვიტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით დადგენილია, რომ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს, რომელსაც განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

20. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, საქმეში არსებულ მისამართზე, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა. გზავნილი მყიდველი კომპანიის დირექტორს - ზ.კ–ძეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 10 აგვისტოს. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

გამყიდველის შუამდგომლობით მოთხოვნილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, რაც ემყარება ხელშეკრულებისა და საქმის მასალების შეზღუდული სახით გამოკვლევას, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამყიდველის (მოსარჩელის) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

21.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სახეზეა თუ არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით /მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება/ გათვალისწინებული საფუძველი.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ხელმძღვანელობს გაეროს ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციით, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლო რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოების შემადგენლობაშია და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საარბიტრაჟო ინსტიტუტს.

22.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის საწინააღმდეგოდ პრეტენზიები არ გამოუთქვამს (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტებით არ ვლინდება უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი, ამასთან, არც მოპასუხეს წარმოუდგენია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლების ამომწურავი მტკიცების ტვირთი ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს. მან არა მარტო უნდა მიუთითოს საკასაციო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველზე, არამედ უნდა წარუდგინოს კიდეც სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, 200 ლარი (50 ლარი შუამდგომლობის უზრუნველყოფისათვის, 150 - ლარი შუამდგომლობისათვის), ასევე, თარჯიმნისა და ნოტარიუსის მომსახურების საფასური - 449.98 ლარი. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხის გადახდა, შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს.

27. გამყიდველის მოთხოვნასთან დაკავშირებით მყიდველისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 2 200 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოწინააღმდეგე მხარეს, შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ, საადვოკატო ხარჯის - 600 (ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს შემდეგ გარემოებათა გამო:

27.1. წარმოდგენილი შუამდგომლობით მოსარჩელე ვერ მოითხოვს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოში გასწია მხარემ, რადგან მოსარჩელე უცხო ქვეყნის სასამართლოში გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურებას უცხო ქვეყნის სასამართლოში ითხოვს და არა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზე გაწეული საადვოკატო ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხს განიხილავს;

27.2. საქმის მასალების მიხედვით, იურიდიულ ფირმასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელე დათანხმდა თანხის გადახდის იმ პირობას, რაც წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტშია მითითებული. ამასთან, სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლო წაგებულ მხარეს საადვოკატო ხარჯებს გონივრულ ფარგლებში, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულის 4 პროცენტს აკისრებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 2 983 373.55 რუბლია, მისი 4% კი - 119 334.942 რუბლი. ამ თანხის ექვივალენტური თანხა, აშშ დოლარში, დაახლოებით 1 790.02 აშშ დოლარია;

27.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შუამდგომლობის საწინააღმდეგო მოსაზრება და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია, რის გამოც შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე წარიმართა. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველისათვის გამყიდველის სასარგებლოდ, საადვოკატო ხარჯის, 600 აშშ დოლარის დაკისრება გონივრულია (დაახლოებით 1 790 აშშ დოლარის მესამედი). დასახელებული თანხა მიჩნეულ უნდა იქნეს ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოს ადეკვატურად, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს უკავშირდება, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხის მიერ წერილობითი პოზიციის წარმოუდგენლობის პირობებში, არც საქმის ზეპირი მოსმენა ჩატარებულა, არც მოპასუხის პოზიციის უარმყოფი არგუმენტების წარდგენის საჭიროება არ გამოვლენილა წინამდებარე შემთხვევაში, რაც მოსარჩელის წარმომადგენლისაგან დამატებითი ინტელექტუალური შრომისა და დროის დახარჯვის საჭიროებას წარმოშობდა. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით მიიჩნია საკასაციო სასამართლომ, რომ სამართალწარმოების ამ ეტაპზე, ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოსათვის უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე, საადვოკატო ჰონორარის წაგებული მხარისათვის (მოპასუხისათვის) დაკისრება მიზანშეწონილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.ლ–ის“ შუამდგომლობა, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება #A 40-177252/17-120-1527 და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებები, რომლებითაც:

2.1. შპს „კ–ს“ შპს „ე.ლ–ის“ სასარგებლოდ 2 983 373.55 რუბლისა (ძირითადი დავალიანება - 2 286 110 რუბლი და პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლი) და სახელმწიფო ბაჟის - 36 145 რუბლის გადახდა დაეკისრა;

2.2. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ყველგან, სადაც მოსარჩელის სახელწოდებად მითითებული იყო შპს "ე.ლ." მიეთითა შპს "ე.ლ";

2.3. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა პირგასამტეხლოს ოდენობის სიტყვებით მითითების ნაწილში და ნაცვლად „ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლისა და ორმოცდათხუტმეტი კაპიკისა“ მიეთითა: „ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდასამი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი“;

3. შპს „კ–ს“ შპს „ე.ლ–ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 200 (ორასი) ლარის (50 ლარი შუამდგომლობის უზრუნველყოფისათვის, 150 - ლარი შუამდგომლობისათვის), ასევე, თარჯიმნისა და ნოტარიუსის მომსახურების საფასურის - 449.98 (ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს;

4. შპს „კ–ს“ შპს „ე.ლ–ის“ სასარგებლოდ საადვოკატი ხარჯის 600 (ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე