საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3603-შ-90-2018 26 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –შპს "ე-ზ" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ-ტ" (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება #A 40-177252/17-120-1527
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - 2 983 373,55 რუბლის ფარგლებში შპს "კ-ტის" საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს "ე-ზსა" (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს "კ-ტს" (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 1 ივნისს გაფორმდა, ბავშვთა კვების სპეციალიზირებული პროდუქტების თაობაზე, ნასყიდობის ხელშეკრულება #15-AX/2014-ANI (შემდეგში: ხელშეკრულება).
2. ხელშეკრულების შესაბამისად საქონელი მყიდველს ცალკეული პარტიებით მიეწოდებოდა, გამყიდველის ფასების მიხედვით საქონლის ჩამონათვალის საფუძველზე მყიდველის მიერ შედგენილი განაცხადის მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად გაყიდული საქონლის საფასური და ხელშეკრულების ვალუტა რუსეთის ფედერაციის რუბლში განისაზღვრა.
3. გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდების თარიღად ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწოდების ადგილას სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტის გაფორმებისა და გადამზიდველისათვის საქონლის გადაცემის თარიღი მიიჩნევა, ხოლო გამყიდველის ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა საქონლის მყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის საწყობში გადაცემის შემდეგ.
4. ხელშეკრულების თანახმად მყიდველს მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება საქონლის საწყობში მიწოდებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა.
5. ხელშეკრულების თანახმად მყიდველის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას იგი მოვალეა გამყიდველს გადაუხადოს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.5 % ვადაგადაცილების ყოველ სრულ კვირაზე.
6. მოპასუხემ, 2016 წლის 19 ივლისს, მოსარჩელეს 2 566 110.00 რუბლის ღირებულების საქონელი შეუკვეთა.
7. მყიდველს საქონელი მიეწოდა ტერმინების განმარტების თაობაზე საერთაშორისო წესების "ინკოტერმს" 2010 წლის რედაქციის შესაბამისად. საქონლის მიწოდების ადგილი იყო: 141859, რუსეთი, ქ. მოსკოვი, დ-ის რაიონი, სოფელი გ-ე, დასახლება ს-ა "ო-ო", ქუჩა დ-ა, კორპუსი 60, ლოჯისტიკური კომპლექსი "ლ-ა" (შემდეგში: საწყობი).
8. გამყიდველმა მყიდველს 2016 წლის 1 აგვისტოს 2 566 110.00 რუბლის ღირებულების საქონელი მიაწოდა და 2016 წლის 19 ივლისის #2300029864 ანგარიში წარუდგინა საქონლის საფასურის გადასახდელად.
9. მყიდველმა 2017 წლის 26 იანვარს გამყიდველს მიწოდებული საქონლის საფასურის ნაწილი - 280 000 რუბლი გადაუხადა.
10. გამყიდველმა 2017 წლის 16 აგვისტოს მყიდველს დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოთხოვნა გაუგზავნა, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელის დავალიანება გამყიდველის წინაშე - 2 286 110 რუბლს, ხოლო პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლს შეადგენს.
11. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 983 373.55 რუბლის (ძირითადი დავალიანება - 2 286 110 რუბლი და პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლი) გადახდა დაეკისრა, ასევე - სახელმწიფო ბაჟი - 36 145 რუბლი.
12. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ყველგან, სადაც მოსარჩელის სახელწოდებად მითითებული იყო შპს "ე-ზ" მიეთითა შპს "ე-ზ".
13. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა პირგასამტეხლოს ოდენობის სიტყვებით მითითების ნაწილში და ნაცვლად ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლისა და ორმოცდათხუტმეტი კაპიკისა მიეთითა: ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდასამი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი.
14. გამყიდველის წარმომადგენელმა, 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
15. შუამდგომლობაზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
16. შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშს (ბანკი - სს "ვ-ი" (საქართველო), თბილისი, საქართველო, კ/ს: … RUR; ინნ: 2..; აიბან: GE4..) 2 983 373,55 რუბლის ფარგლებში ყადაღა დაედოს.
17. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით მოპასუხე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგაც არ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს. არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება შეუძლებელი იქნება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებამდე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების შენარჩუნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულების გარანტირებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. არსებობს რეალური რისკი, რომ მყიდველი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს, რაც აღსრულებას შეაფერხებს ან განუხორციელებელს გახდის. განჩინების აღუსრულებლობის რისკს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ მოპასუხის სახელზე არ არის რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება ან წილი რომელიმე საზოგადოებაში (იხ. შუამდგომლობის დანართები 12 და 13 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 და 26 ივნისის შეტყობინებები). ამასთან, შუამდგომლობის ავტორის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება არის თანაზომიერი საშუალება მისი ინტერესების დასაცავად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
18. 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდეგში: კონვენცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კონვენცია გამოიყენება ინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, და გამოტანილია ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. იგი გამოიყენება აგრეთვე იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა მიმართ, რომლებიც არ ითვლება იმ სახელმწიფოს ადგილობრივ გადაწყვეტილებებად, სადაც მოითხოვება მათი ცნობა და აღსრულება. კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ და აღასრულოს ისინი იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, სადაც მოითხოვება ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაუშვებელია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
21. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
22. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
23. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
24. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
25. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (შდრ. სუსგ ას-178-178-2018, 05.02.18 წ.).
26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა (შდრ. სუსგ ას-239-239-2016, 13.05.16 წ.).
27. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.
29. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).
31. შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ქონების გასხვისების საშიშროებით, რაც ხელს შეუშლის აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას (შდრ. სუსგ ა-3226-შ-82-2017, 14.11.17 წ.).
32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
33. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
34. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.
35. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის პირველი და მესამე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 191-ე, 193-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე-ის" შუამდგომლობა, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა დაედოს შპს "კ-ის" (ს/კ 4..) საბანკო ანგარიშს (ბანკი - სს "ვ-ი" (საქართველო), თბილისი, საქართველო, კ/ს: 30.. RUR; ინნ: 202906427; აიბან: GE…) 2 983 373,55 (ორი მილიონ ცხრაასოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი) რუბლის ფარგლებში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე