26 მარტი, 2019 წელი, საქმე № ას-200-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.კ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა გ.კ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ა.ყ–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) სოლიდარულად 4700 აშშ დოლარის დაკისრებას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-ე, და 374-ე მუხლებით.
3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ: მას უნდა წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ასევე, დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები;
3.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდებოდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მას ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, მან უგულებელყო აპელანტის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომლითაც ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებას ითხოვდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. პირველი მოპასუხის მოთხოვნა ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც უსაფუძვლოა.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო აპელანტის წერილობითი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შუამდგომლობა წარუდგინა სასამართლოს.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
11. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს - დ.ა–ძეს იმავე წლის 11 დეკემბერს ჩაჰბარდა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 104-105; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 150), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 12 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 21 დეკემბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არამედ სხვა საფუძვლებითაც (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1. პუნქტი), რომლებიც მას ასევე არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
13. ამრიგად, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება (შდრ. სუსგ-ები: №ას-920-2018, 29.08.2018; № ას-884-824-2017, 12.09.2017; № ას-558-533-2016, 15.07.2016; № ას-521-498-2016, 12.07.2016; № ას-861-811-2015, 31.03.2016).
14. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი