Facebook Twitter

საქმე № ას-319-2019 26 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი.მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ქარელის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამგეობა) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს „ი.მ–თვის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კომპანია) თანხის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის - 28 500 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5933.90 ლარის, სულ 34 433.90 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.1, 70-ე-78-ე და 215.3 მუხლებით იხელმძღვანელა.

3.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 21 იანვარს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ უწყება კომპანიას (აპელანტს) 2018 წლის 6 ნოემბერს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და იმავე წლის 10 ნოემბერს ორგანიზაციის წარმომადგენელს - ნ.ბ–ძეს ჩაჰბარდა, თუმცა აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადებულა, მას არც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ უშუამდგომლია და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის, შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება მოპასუხე კომპანიას ჩაჰბარდა. აღსანიშნავია, რომ აპელანტს საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილში მითითებულ პირთან - ნ.ბ–თან რაიმე კავშირი არ აქვს და კომპანიის თანამშრომელიც არასდროს ყოფილა. ცალსახაა, რომ სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება უნდა ჩაებარებინა ან კომპანიის დირექტორის, ან კანცელარიისათვის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც უსაფუძვლოა.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მას არც სხდომის გადადებაზე უშუამდგომლია და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს სასამართლოს შენობაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ტელეფონით ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

12. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. საკასაციო პალატის განმარტებით, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად მიიჩნევა მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლომ გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვოს, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და იმავე განჩინებით - 2019 წლის 21 იანვარს, 13:00 საათზე, დაინიშნა სხდომა, რის შესახებაც კომპანია (აპელანტი) გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. საქმეში წარმოდგენილი უწყებები, ტ.2, ს.ფ. 16-17), თუმცა დანიშნულ დროს ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის. ასევე, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტისათვის ჩაბარებულად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ჩაბარების დასტურზე მითითებული პირი - ნ.ბ–ძე არ არის მოპასუხე დაწესებულების თანამშრომელი და მასთან რაიმე კავშირი არ აქვს.

15. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია კერძო საჩივარზე თანდართული უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (შდრ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016).

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ფოსტის მეშვეობით იურიდიული პირისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა არა კომპანიის თანამშრომელს, არამედ უცხო პირს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად კი, მხარეს კანონით დასაშვები მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).

19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

20. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

21. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი.მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი