Facebook Twitter

საქმე №ას-1900-2018 12 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაბრუნება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან გამგეობა) და შპს „ბ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი, პრინციპალი, მენარდე ან კომპანია) შორის 2016 წლის 3 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №149 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, მენარდემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ქ. დუშეთში არსებული 10 ქუჩის კაპიტალური შეკეთება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. ხელშეკრულების ღირებულება 614 749 ლარით, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადა 2016 წლის 29 ივლისით განისაზღვრა. გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 ნოემბრის №510/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მხარეთა შორის დადებული №3 შეთანხმების თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 3 მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა (ტომი I, ს.ფ. 21-121).

3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტით შესრულებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო. მიწოდების ვადის ყოველ გადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაერიცხებოდა ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 %, რაც, 9.5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობის დარღვევიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაფარულიყო. ამავე ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი I, ს.ფ. 21-26).

4. სს „ბ.რ–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გასცა საბანკო გარანტია 30 738 ლარის ფარგლებში (ბენეფიციარი - გამგეობა, პრინციპალი - მოსარჩელე). თავდაპირველად, საბანკო გარანტია 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა, ხოლო შემდეგ მისი მოქმედების ვადა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა (ტომი I, ს.ფ. 21-26, 33, 34).

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბანკს 2016 წლის 29 დეკემბერსა და 2017 წლის 18 იანვარს საბანკო გარანტიის თანხის (30738 ლარი), გამგეობისათვის გადარიცხვის მოთხოვნით მიმართა. წერილში მიეთითა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ნაკისრი სამუშაოები არ დაასრულა. აღნიშნული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 იანვარს ბანკმა საბანკო გარანტიის სრული თანხა, 30 738 ლარი, გამგეობას გადაურიცხა (ტომი I,105-106, 198-199).

6. ამის შემდეგ გარანტმა, კომპანიას (პრინციპალი) საბანკო ანგარიშიდან გარანტიის თანხა, 30 738 ლარი, უაქცეპტოდ ჩამოაწერა (ტომი I, ს.ფ. 200-202).

7. 2016 წლის 31 დეკემბრის შპს „მ.ტ-ზ. და ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, კომპანიამ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა. აღნიშნული დასკვნით ასევე დადგინდა სახელშეკრულებო და ტექნიკური მოთხოვნებიდან გადახვევა, რაც არ იყო შესული შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2) და ჯამში 2913 ლარს შეადგენდა, კერძოდ, სამ ქუჩაზე გამოვლინდა გარეგნული დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევი და საკომუნიკაციო ჭის არასათანადოდ მოწყობა (ტომი I, ს.ფ. 35-40).

8. შესრულებული სამუშაოების ხარვეზებთან დაკავშირებით, კომპანიას 2017 წლის 7 იანვარს ეცნობა, რაც ამ უკანასკნელმა 4 დღეში, იმავე წლის 11 იანვარს აღმოფხვრა.

9. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ მთლიანად 595113.43 ლარი შეადგინა.

10. მოპასუხემ სამუშაოების მიწოდების 42 დღით ვადაგადაცილებისათვის კომპანიას ჯარიმა - 25 819.46 ლარი დააკისრა (დაარიცხა), (ტომი I, ს.ფ. 166).

11. ხელშეკრულების საფუძველზე, შესყიდული სამუშაოსთვის გამგეობამ კომპანიას, ნაცვლად 595113.43 ლარისა, 569293.97 ლარი გადაუხადა, სხვაობამ 25 819.43 ლარი შეადგინა (ტომი I, ს.ფ. 167).

12. კომპანიის დირექტორმა 2017 წლის 23 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობითი განცხადებით მიმართა და უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხისა და პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის, ჯამში - 56 557.43 ლარის სამი დღის ვადაში კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია.

13. 2017 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

13.1. საბანკო გარანტიის თანხის - 30 738 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;

13.2. შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 25 819,45 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;

13.3. პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 2.58 ლარის (2017 წლის 15 თებერვლიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25 819.45 ლარის გადახდამდე პერიოდზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1378.8 ლარისა) მოპასუხისათვის დაკისრება;

13.4. ზიანის - ყოველდღიურად 12.1 ლარის (2017 წლის 15 თებერვლიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25 819.45 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 30 738 ლარის გადახდამდე პერიოდზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 6617.22 ლარისა) მოპასუხისათვის დაკისრება.

13.5. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მიუთითა და განმარტა, რომ წარდგენილი საბანკო გარანტია - 30 738 ლარი, უნდა გამოყენებულიყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. სამუშაოების დასრულების ვადა თავდაპირველად 2016 წლის 29 ივლისით განისაზღვრა, თუმცა სამუშაოთა შესრულებისას გამოიკვეთა, არაერთი გაუთვალისწინებული და მოსარჩელისგან დამოუკიდებელი გარემოება, რის გამოც მათი დასრულების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდა.

კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა დათქმულ ვადაში 2016 წლის 28 ნოემბერს, რაც დადასტურებულია საექსპერტო დასკვნით, თუმცა ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 2913 ლარი. მოპასუხემ მოთხოვნის ჩაბარებიდან 4 დღეში, კერძოდ, 2017 წლის 11 იანვარს აღნიშნული ხარვეზები გამოასწორა, რაც დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნითაც. მიუხედავად აღნიშნულისა, გამგეობამ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე გარანტისგან საბანკო გარანტიის თანხა მიიღო.

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ კომპანიას უსაფუძვლოდ დაუკავა შესრულებული სამუშაოების საფასურიდან 25 819.45 ლარი, რის გამოც, ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე, მას დაკავებულ თანხასთან ერთად 2017 წლის 15 თებერვლიდან პირგასამტეხლოს გადახდაც უნდა დაეკისროს.

ამასთან, მოპასუხემ მენარდეს დააკარგვინა ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის (30 738 ლარი), ასევე, უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის (25 819.45 ლარი) საბანკო დეპოზიტზე განთავსების პირობებში, რაც ეროვნული ბანკის მონაცემით, წლიურად 7,8% შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც ყოველდღიურად 12.1 ლარია (56557,45 ლარის 7,8% 365 დღეზე).

14. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს არ მიუღია სრული და ჯეროვანი შესრულება, ვინაიდან კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაც დადასტურებულია ტექნიკური ზედამხედველის დასკვნითაც. დასკვნაში მითითებული ხარვეზები მენარდემ გამოასწორა 2017 წლის 11 იანვარს, კერძოდ, სამუშაოების დასრულებისათვის დადგენილი ვადის (30.11.2016) გასვლიდან 42 დღის შემდეგ. ამდენად, ხელშეკრულების მიწოდების ვადის გასვლის გამო, მას დაერიცხა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების (614 749 ლარი) 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამში 25 819.46 ლარი შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნები საბანკო გარანტიის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც.

15. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 25 819,45 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 30 738 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 2,58 ლარის (2017 წლის 15 თებერვლიდან სამუშაოს ღირებულების თანხის, 25819,45 ლარის სრულად გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 1378,8 ლარის) ანაზღაურება დაეკისრა. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უარყოფილ იქნა.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში, ჯეროვნად შეასრულა. პალატის განმარტებით, არაჯეროვან შესრულებად შესაძლებელია არა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის დარღვევით განხორციელებული შესრულება, არამედ ნაკლიანი შესრულების მიჩნევაც, შესაბამისად, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება და იმ გარემოების დადგენა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაკლოვან შესრულებას. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების შემდეგ (2016 წლის 28 ნოემბერი), 2016 წლის 31 დეკემბერს, შპს „მ.ტ.ზ. და ე–ის“ მიერ შედგა №32 კრებსითი დასკვნა, რომელშიც მიეთითა, რომ კომპანიამ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა, თუმცა სახელშეკრულებო და ტექნიკური მოთხოვნებიდან მცირე გადახვევები აღმოჩნდა, რაც არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2), მათი ღირებულება მთლიანად 2913 ლარს შეადგენდა, კერძოდ: სამ ქუჩაზე გამოვლინდა გარეგანი დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევი და საკომუნიკაციო ჭის არასათანადოდ მოწყობა (ტომი I, ს.ფ. 35-40). 2016 წლის 21 დეკემბერს გამგეობამ მოსარჩელეს შეატყობინა შესრულების ნაკლის შესახებ და მისი უმოკლეს ვადაში გამოსწორება მოსთხოვა, აღნიშნული წერილი მოპასუხეს 2017 წლის 7 იანვარს ჩაჰბარდა, მენარდემ კი არსებული ხარვეზები ოთხ დღეში გამოასწორა.

სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შესასრულებელი სამუშაოების არსიდან გამომდინარე მცირედი გადაცდომის დაშვება მხარეთა მიერ მოსალოდნელი იყო და მის გამოსასწორებლად ხელშეკრულებაში გარკვეული ბერკეტებიც იყო გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

ამდენად, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს არაჯეროვან შესრულებად ცნობის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი წინამძღვრები არ არსებობდა.

17.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან ვალდებულების არაჯეროვან ან ვადადარღვევით შესრულებას ადგილი არ ჰქონია. პირგასამტეხლოს დაკისრებასაც ვერ მოჰყვებოდა ის შედეგი, რაც კანონმდებლობით ამ ინსტიტუტის ეფექტურობას განაპირობებს, კერძოდ, ვალდებულების შესრულების პრევენცია ან/და შესაძლო ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. ამდენად, ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს თანხა - 25 819,46 ლარი, რაც მოპასუხემ მოსარჩელეს საბოლოო ანგარიშსწორებისას დაუქვითა, ამ უკანასკნელს სსკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე, უკან უნდა დაბრუნებოდა;

17.3. რადგანაც მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაურღვევია, მოპასუხეს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ (ბენეფიციარმა) საბანკო გარანტიის თანხა გარანტისგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რომელიც მოგვიანებით მოსარჩელის (პრინციპალის) ანგარიშიდან ჩამოიჭრა. შესაბამისად, სსკ-ის 979-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო გარანტიის სახით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 30 738 ლარის გადახდა, მართებულად დაეკისრა.

17.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაც, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

18. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

18.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ მიწოდების ვადაში მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც დადასტურდა ასევე შპს „მ.ტ.ზ. და ე–ის“ 2016 წლის 31 დეკემბრის №32 კრებსითი დასკვნით, რომლის თანახმად, არსებობდა ხელშეკრულების პირობებიდან არაერთი გადახვევა, სამუშაოების ნაწილი იყო ხარვეზიანი და საჭიროებდა გამოსწორებას. ხარვეზის ტექნიკური ხასიათიდან გამომდინარე, არსებული დეფექტების გამოსწორების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა, შესყიდული სამუშაოების შედეგად აღდგენილი ქუჩების სათანადო ექსპლუატაცია;

18.2. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან შესრულების ნაკლი უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

21.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

22. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, თუმცა, 30 738 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 976-ე და 979-ე მუხლებზე მითითებას საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები, სსკ-ის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარეობენ. ამ სახის მოთხოვნების განხორციელების მთავარი წინაპირობა მიმღების მიერ ფართო გაგებით ქონებრივი სარგებლის მიღებაა. შესრულების კონდიქციის (976-981-ე მუხლები) დროს, როგორც წესი, სხვა პირის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას აქვს ადგილი. შესრულება მიზანმიმართულია, ვინაიდან ამით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება (მუხლი 976) შესრულების კონდიქციის შემთხვევაში უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად დაზარალებულ პირს სურს თავისი შესრულებით განახორციელოს/შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება. შესრულების მიმღები იმიტომ არის უსაფუძვლოდ გამდიდრებული, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება არ არსებობდა ან შეწყდა შემდგომში. ვინაიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მიღებული საგნის/სიკეთის უკან დაბრუნების შესახებ არ არსებობს, საჭიროა ამ მოთხოვნის კანონისმიერი გზით მოგვარება. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებები, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობენ. ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელება არ არის სადავო; მხარეთა შორის სადავოა შემკვეთის მიერ მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის გადაუხდელობის მართლზომიერება.

რაც შეეხება საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ის 991-ე (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული) მუხლიდან გამომდინარეობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტორს რეგრესის წესით უნდა გადაუხადოს მოპასუხისათვის _ (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა (სსკ-ის 890.1-ე მუხლი).

23. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დათქმულ ვადაში, ჯეროვნად შეასრულა, სახელდობრ:

23.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ იკისრა ვალდებულება, ქ. დუშეთში არსებული 10 ქუჩა კაპიტალურად შეეკეთებინა; ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 614 749 ლარს შეადგენდა, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრით განისაზღვრა. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები კომპანიამ 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი). ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა სახელშეკრულებო და ტექნიკური მოთხოვნებიდან მცირე დარღვევები, რაც არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა №2). შესრულების ნაკლი (სამ ქუჩაზე გამოვლინდა ვიზუალური დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევი და საკომუნიკაციო ჭის არასათანადოდ მოწყობა) 2 913 ლარით შეფასდა. 2016 წლის 21 დეკემბერს გამგეობამ მოსარჩელეს შეატყობინა არსებული ხარვეზების შესახებ და უმოკლეს ვადაში მისი გამოსწორება მოსთხოვა. მენარდემ, მოპასუხის დეფექტების გამოსწორების მოთხოვნის მიღებიდან 4 დღეში - 2017 წლის 11 იანვარს, დასკვნაში მითითებული ხარვეზები სრულად გამოასწორა.

23.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები 2016 წლის 28 ნოემბერს დაასრულა, შემდგომში, შესრულებულ სამუშაოებში მცირედი ხარვეზების გამოვლენას საკასაციო პალატა მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებად ვერ განიხილავს, მით უმეტეს, რომ მენარდის მხრიდან ხარვეზები მყისიერად გამოსწორდა.

23.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (2 913 ლარი) იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით (614 749 ლარი), რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-442-414-2017, 24.05.2017).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი