№ა-1833-შ-42-2018 4 იანვარი, 2019 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კსს „უ.დ.ს.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.კ.“
განხილვის საგანი – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N1г/2017) დაკმაყოფილდა კსს „უ.დ.ს–ოს“ სარჩელი და შპს „ჰ.კ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ა) 46 984.20 აშშ დოლარი - დავალიანება, ბ) 6302,25 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, გ)814,80 აშშ დოლარი ვადაგადაცილებული დავალიანების 3% წლიური, დ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 2837.25 აშშ დოლარი.
2. კსს „უ.დ.ს–ომ“ წარმომადგენელ პ.კ–ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ.კ–ას“. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N1г/2017):
- შპს „ჰ.კ–ას“ კსს „უ.დ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა: ა) 46 984.20 აშშ დოლარი - დავალიანება, ბ) 6302,25 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, გ) 814,80 აშშ დოლარი ვადაგადაცილებული დავალიანების 3% წლიური, დ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 2837.25 აშშ დოლარი.
5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 19 ოქტომბერს, ამასთან, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო უშუალოდ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარეს, შპს „ჰ.კ–ას“, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის მიერ საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ეს შეტყობინება მისთვის კანონით დადგენილი წესითვე ჩაბარებულად იქნა მიჩნეული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N1г/2017), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
7. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კსს „უ.დ.ს–ოს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
- შპს „ჰ.კ–ას“ კსს „უ.დ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა: ა) 46 984.20 აშშ დოლარი - დავალიანება, ბ) 6302.25 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, გ) 814,80 აშშ დოლარი ვადაგადაცილებული დავალიანების 3% წლიური, დ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 2837.25 აშშ დოლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე