Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-151-73-კს-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 აგვისტოს კერძო საჩივრის ავტორმა – შეერთებული სამეფოს კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პატენტრწმუნებულმა შ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ ”საქპატენტის” მიერ მოწინააღმდეგე მხარის – შვეიცარული კომპანია ”შერინგ-პლაგ ლტდ”-ს სახელზე 2002წ. 16 თებერვალს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის AEღIFED-ის გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. 15 დეკემბერს ”საქპატენტში” განხორციელდა შეერთებული სამეფოს კომპანიის სასაქონლო ნიშნის AჩთIFED-ის რეგისტრაცია, ხოლო მოგვიანებით კი სასაქონლო ნიშნის AEღIFED-ის რეგისტრაცია მოახდინა მოპასუხემ, რითაც დაირღვა ”სასაქონლო ნიშნის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის ”გ” პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი მსგავსი, ხოლო საქონელი იდენტურია, რაც სასაქონლო ნიშნების აღრევის შესაძლებლობას ქმნის.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომების გასწორების მოთხოვნით, 2003წ. 2 აპრილს მოსარჩელე პატენტრწმუნებულმა განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, ხოლო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 29 აპრილს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის სააპელაციო საჩივარი შემდეგი მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელ შ. გ-ეზე გადასაცემად მის მეუღლეს ჩაბარდა 2003წ. 17 თებერვალს, ხოლო თავად შ. გ-ეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2003წ. 20 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი მის მიერ შეტანილია 2003წ. 29 აპრილს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულია სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც სსკ-ს 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-მა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მიუხედავად მათთვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კორექტირებული ვარიანტის ჩაბარებისა, მასში კვლავ იქნა დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომები და მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, რაიონული სასამართლოს კორექტირებული გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებიათ, რის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მათ მიერ არ არის გაშვებული სწორად შედგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რადგან ასეთი მათ არც მიუღიათ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით შ. გ-ის კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ვინაიდან პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მოტივი კორექტირებული გადაწყვეტილების მიღებიდან აპელაციის ვადის დინების ათვლის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ასეთს არ ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება – კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შეერთებული სამეფოს კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის წარმომადგენლის, პატენტრწმუნებულ შ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისისა და 2 ივლისი განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით წარმომადგენელ შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის შეტანის გამო. კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მათ არ ჩაბარებიათ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ სწორად შედგენილი გადაწყვეტილება, ხოლო რაც შეეხება მის მიერ 2003წ. 20 მარტს კორექტირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მასში კვლავ იყო დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომები. ამიტომ კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მას არ გაუშვია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რადგან სწორად შედგენილი გადაწყვეტილება არც ჩაბარებია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მართებულად მიიჩნევს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი იმპერატიულად მიუთითებს: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და მისი ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომების გასწორებას, ასეთს ითვალისწინებს სსკ-ს 260-ე მუხლი და შესაძლებლობას აძლევს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული უზუსტობის გასწორების მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს, რისი უფლებითაც ისარგებლა კერძო საჩივრის ავტორმა და მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების უზუსტობის გასწორების მოთხოვნით. რაიონული სასამართლოს მიერ შესწორებული გადაწყვეტილების ასლი მხარეს ჩაბარდა 2003წ. 20 მარტს, რასაც თავადაც არ უარყოფს, ხოლო თუ მხარეს მიაჩნდა, რომ სასამართლოს უკვე შესწორებულ გადაწყვეტილებაში კვლავ იყო მნიშვნელოვანი შეცდომები, მას უფლება ჰქონდა გადაწყვეტილებაში შესწორების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეეტანა კერძო საჩივარი, რაც მხარეს არ განუხორციელებია და 2003წ. 29 აპრილს შეიტანა სააპელაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აპელაციის ვადის დინების ათვლას კორექტირებულ გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო გასაჩივრების ვადის გადაცილებით სააპელაციო საჩივრის შეტანა, აპელაციის განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს და ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებას, რაც უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სააპელაციო პალატამ სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორი განმარტებით მართებულად დატოვა განუხილველად შეერთებული სამეფოს კომპანია “ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის წარმომადგენლის შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეერთებული სამეფოს კომპანია ”ზი ველქომ ფაუნდეიშნ ლიმითიდ”-ის წარმომადგენლის შ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისისა და 2 ივლისის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.