№ა-5497-შ-138-2018 1 მარტი, 2019 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ს.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 28 თებერვლის N3218/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 28 თებერვლის N3218/2018 გადაწყვეტილებით დადგინდა ი.ტ–ს მიერ ს.ბ–ძის შვილად აყვანის ფაქტი.
2. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ბ–ძემ და მოითხოვა ზემოთ დასახელებული შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ დასაბუთებით, რომ ს.ბ–ძე არის საქართველოს მოქალაქე და მის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ს.ბ–ძის შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 28 თებერვლის N3218/2018 გადაწყვეტილებით დადგინდა ი.ტ–ს მიერ ს.ბ–ძის შვილად აყვანის ფაქტი.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 28 თებერვლიდან გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ბ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებაყოფლობითი სამართალწარმოების განყოფილების 2018 წლის 28 თებერვლის N3218/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ი.ე. ძე ტ–ის მიერ ს.ნ. ძე ბ–ძის (დაბადებული 1993 წლის 29 მარტს) შვილად აყვანის ფაქტი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე