Facebook Twitter

საქმე №ას-1004-2018 8 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან დეპარტამენტი) მიმართ მოპასუხისათვის 171 810,55 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წელს მოსარჩელემ შეასრულა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის _ თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231-ე კმ-ის (ქუთაისში, სამტრედიის მიმართულებით გზაგამტარი ხიდის) სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 168 938,6 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელემ სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაატარა ექსპერტიზა, რისთვისაც გადაიხადა 2 871,95 ლარი. შეკეთებული საავტომობილო გზის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო მოპასუხე სააგენტოს სახით. რეკოსტრუქციაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურებია მოპასუხეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231-ე კმ-ზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე რაიმე სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა, რის გამოც ხიდზე სამუშაოების ჩატარება არ წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესს, არც სამუშაოების წარმოება ყოფილა დაგეგმილი, შესაბამისად, გაწეული ხარჯი არც 2012 წლის ბიუჯეტით ყოფილა გათვალისწინებული და არც ტენდერი გამოცხადებულა. საბიუჯეტო ორგანიზაციას არ აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, აუცილებლობის გარეშე, გახარჯოს ბიუჯეტით წინასწარ გაწერილი თანხა. დეპარტამენტი ვალდებულია, სამუშაოები დაგეგმოს, ჩაატაროს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიერ თავისი ინიციატივით, სხვა ორგანიზაციის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე თუ სხვა გარემოების არსებობის გამო, სახელმწიფო საკუთრების რაიმე ფორმით შეკეთება, განახლება ან/და მასზე რაიმე სხვა სამუშაოების ჩატარება არის დაუშვებელი. ამ სახით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. გარდა ამისა, მსგავს ვითარებაში ვერ დგინდება სამუშაოების შესრულების ხარისხი, მესაკუთრის მიერ რაიმე სარგებლის მიღებისა და ობიექტის ღირებულების გაზრდის ფაქტი. შესაძლებელია ობიექტი თავიდან გახდეს შესაკეთებელი და ამ გარემოებამ გამოიწვიოს ზედმეტი დანახარჯი, რაც დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება ასევე მოსარჩელის მიერ სამუშაოების ჩატარების დრო, სახეობა და აუცილებლობა, ასევე, გაურკვეველია სამუშაოების ღირებულებაც. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ემყარება მხოლოდ მოსარჩელის მიერ შედგენილ და წარდგენილ ფორმა #2-ს, სადაც ჩამოთვლილია ხელშეკრულებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე წარმოებული სამუშაოები, რაც დაუშვებელია ისეთი სპეციფიკური ნაგებობის შემთხვევაში, როგორიცაა - გზა და მისი შემადგენელი ელემენტები. გზაგამტარ ხიდზე სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტი გამოიყენებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩაატარებდა ელექტრონულ ტენდერს, განსაზღვრავდა საჭირო სამუშაოებს და ნაკლები დანახარჯებით შეასრულებდა სამუშაოს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 168 938,6 ლარის გადახდა, ხოლო, 2 871,95 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფაქტობრივი საფუძვლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების სისწორე წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად:

1.1.1. სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვა და სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით ექსპეტიზის ჩატარება, რისი ხარჯიც განისაზღვრა 2 871,95 ლარით, ასევე, დეპარტამენტის ვალდებულება, განახორციელოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231-ე კმ-ზე არსებული გზაგამტარი ხიდის მოვლა-შენახვა. ასევე დაადგინა, რომ სამუშაოები მოსარჩელემ აწარმოა, რომლის ღირებულებამაც 168 938,6 ლარი შეადგინა, ამასთან, თითქოს არ არსებობდა გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგანაც სასამართლო ღირებულების განსაზღვრისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნას იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეს საპირისპირი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარუდგენია, თუმცა, მხედველობაში არ მიუღია შესრულებული სამუშაოების კატეგორია _ ნაგებობის (ხიდის) თავისებურება, რომელზეც მიმდინარეობდა სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის #172 დადგენილებით განსაზღვრულია საგზაო სამუშაოების სახეობები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე და დაზუსტებულია თითოეულ სახეობაში შესასრულებელ კონკრეტულ სამუშაოთა ჩამონათვალი. აღნიშნული სამუშაოების სახეობიდან გამომდინარე ხდება დეპარტამენტის მიერ სამუშაოების მიღება, რომელთა მიღების წესი ასევე დადგენილია კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ აწარმოებს მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების ტიპის რეკონსტრუქციას, ვინაიდან მათი შესრულება არ წარმოადგენს მის ვალდებულებას. რაც შეეხება ექსპერტიზის საპირწონედ რაიმე მტკიცებულების წარმოდგენას, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, წარედგინა რაიმე მტკიცებულება სწორედ სამუშაოების კატეგორიის დაუდგენლობის გამო (საქმეში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაში, მითითებულია სხდადასხვა სახეობის სამუშაოები, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული დეპარტამენტის მიერ). ტენდერის გამოცხადებისას სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება მათი კატეგორიის შესაბამისად, ხოლო დაუდგენელ სამუშაოებზე ფასის დადგენა ვერ მოხდებოდა ვერც დეპარტამენტისა და ვერც საექსპერტო დაწესებულების მიერ. ამასთან, მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების პერიოდად მითითებულია 2012 წელი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა დათარიღებულია 2013 წლის 12 ივლისით. მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა 2015 წლის აგვისტოში და სწორედ მაშინ გახდა ცნობილი მოსარჩელის მიერ გაურკვეველი სამუშაოების წარმოების ფაქტი, შესაბამისად, თუნდაც საექსპერტო დაწესებულებისთვის მიმართვით მოპასუხე ვერც შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ვერც მათ ღირებულებას ვერ დაადგენდა სახეობის გაურკვევლობისა და მათი ხანდაზმულობის გამო. თავად მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ რიგი სამუშაოების შესრულება უწევდა რამდენჯერმე ცუდი ამინდისა და სწრაფი ტემპის გამო, ამასთან, მას არ გააჩნია, არც სამუშაოების შესრულებისა და არც მათი ღირებულების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა), გარდა ფურცელზე ხელით დაწერილი მასალების ღირებულებისა და ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალისა (როგორც თავად აღნიშნავდა), რომელიც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლო სიტყვაზე ენდო მას და მისი ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა სამუშაოების ღირებულება, რაც დაუშვებელია;

1.1.2. სასამართლომ მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით არასწორად დაადგინა, რომ დეპარტამენტს უნდა სცოდნოდა ხიდზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, მათი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ეს დასკვნა სასამართლომ დაამყარა ასევე მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენებას, თუმცა, ჩვენების მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარება არასწორია, ისევე, როგორც სურათებზე დაყრდნობით ვერ განისაზღვრება სამუშაოების წარმოების ვადა, რადგანაც ამ მტკიცებულებაზე დატანილი თარიღები არ ადასტურებს სამუშაოების შესრულების თარიღს და ვერ მიიჩნევა მტკიცებულებად. საქმის მასალებიდან, ასევე, მოსარჩელისა და მისივე მოწმის ჩვენებიდან დასტურდება, რომ დეპარტამენტის წარმომადგენელი სამუშაოების მიმდინარეობას არ დასწრებია. მოსარჩელის განმარტებით, ადგილზე მისული არაერთი უწყების წარმომადგენელთაგან (მერია, პროკურატურა, თანამდებობის პირები და სხვა) არც ერთს არ განუცხადებია, რომ წარმოადგენდა დეპარტამენტს. მეტიც, მოსარჩელემ სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართა ქ.ქუთაისის მერიას და მას აცნობა სამუშაოების დასრულება, თავადვე აღნიშნა, რომ იცოდა ვის ბალანსზე ირიცხებოდა ხიდი, თუმცა, სამუშაოების დამკვეთი იყო ქუთაისის მერია და შესაბამისად მოხდა მისთვის შეტყობინების (მოხსენებითი ბარათის) გაგზავნა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა სამუშაოს ხანგრძლივობისა და მისი მიმდინარეობისას გზის არაერთხელ გადაკეტვის თაობაზე, ვინაიდან ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია, მოწმის ჩვენება არ არის შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო რაიმე ოფიციალური ინფორმაცია გასაჩივრებულ განჩინებაში აღწერილი ფაქტების შესახებ დეპარტამენტში არ შესულა, გარდა ამისა, მოსარჩელემ დაარღვია დეპარტამენტის ინფორმირების ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 971-ე მუხლიდან;

1.1.3. სასამართლომ არ იმსჯელა სამუშაოების შემსრულებლების კვალიფიკაციის საკითხზე. კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც ტენდერში იღებენ მონაწილეობას და აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას, უკავდებათ ხარისხის თანხა (საკონტრაქტო ღირებულების 5%), რომელიც უბრუნდებათ მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ხარისხიანად შესრულების შემდეგ დეპარტამენტის კვალიფიციური პერსონალის მიერ მათი შემოწმების შემდეგ. ვინაიდან დეპარტამენტის ინტერესი ვერ იქნებოდა გაურკვეველი სახეობის სამუშაოების ჩატარება სპეციფიკურ ნაგებობაზე და ვერ მოხერხდებოდა ამ სამუშაოების მიღება, ხარისხის დაუდგენლობის გამო, კასატორის ინტერესში არ შედიოდა იმგვარი სამუშაოების ჩატარება, რომლის შესაბამისადაც არც ხიდის ღირებულება გაზრდილა (ვინაიდან დაუდგენელია როგორ, რა მასალით და როგორი ხარისხით არის ჩატარებული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ხიდის საბალანსო ღირებულების გაზრდის დადგენა ვერ მოხდებოდა გარეგანი დათვალიერებით და ზეპირად გადმოცემული შესრულებული სამუშაოების საფუძველზე), შესაბამისად, სასამართლოს არ შეიძლებოდა, დაედგინა დეპარტამენტის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი;

1.1.4. კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები, უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ არსებობს მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/ გაუმართლებლობა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, თუმცა, არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგანაც არ არსებობს მოცემული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები: მოპასუხე არ გამდიდრებულა - ხიდის საბალანსო ღირებულება დარჩა იგივე, ვინაიდან მასზე განხორციელებული სამუშაოების სახეობითა და ხარისხით ვერ დადგინდება ხიდის ღირებულებამ მოიმატა თუ დაიკლო; მოსარჩელის ქმედებას არ გამოუწვევია მოპასუხის გამდიდრება (ისევ და ისევ გაურკვეველი სამუშაოების ჩატარებიდან გამომდინარე, რომლთა ღირებულების დადგენისთვის არ არის საკმარისი ზედაპირული შეფასება, ხოლო ზედაპირული შეფასების შესაძლებლობისას, აღნიშნული სამუშაო არ წარმოადგენს აუცილებლობას და არ უნდა იქნეს ანაზღაურებული); მოპასუხის გამდიდრება არ არის უკანონო, ვინაიდან არ დგინდება თავად გამდიდრების ფაქტი. დაუშვებელია მოქალაქეთა მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და დავალება, საავტომობილო გზების და მათი შემადგენელი ნაწილების რაიმე ფორმით გადაკეთებისა თუ მათ მთლიანობაში ჩარევა. მართალია, სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა კონდიქციიდან გამომდინარე ანაზღაურების მიზანი, თუმცა, ზემოთ მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლობის გამო, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სწორედ ზიანის ანაზღაურება დააკისრა სასამართლომ დეპარტამენტს თავისი გადაწყვეტილებით, ვინაიდან, არ არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრებისათვის საჭირო არც ერთი პირობა;

1.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არ წარმოადგენდა რეალურ მტკიცებულებას იმ სამუშაოების დადგენისთვის, რაც განახორციელა მოსარჩელემ, ამასთან, სასამართლომ თავად უარყო ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა (სარეაბილიტაციო) და დაადგინა სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი. სასამართლომ მოისმინა მოწმის ჩვენება, რომელიც შეიცავდა უამრავ წინააღმდეგობას, თუმცა უგულებელყო, ამ შემთხვევაში მოწმის მხრიდან შესაბამისი სამუშაოების შესრულების კვალიფიკაციის არარსებობა (მოწმის განმარტებით იგი იყო იურისტი და ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა პრარაბად, თუმცა ხიდზე სამუშაოები არასოდეს ჩაუტარებია, სანამ მისმა მეგობარმა - თ. გ-ემ, არ სთხოვა დახმარება), ასევე გაურკვეველია მოწმის როლი სამუშაოების ჩატარებაში (თავად მოწმის ჩვენებით იგი იყო საქმეთა მწარმოებელი, ე.წ პრარაბი და თვითონ ადგენდა რა სამუშაოების ჩატარება იყო აუცილებელი, ხოლო მოსარჩელის თქმით, მოწმეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, იგი თავად ადგენდა ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობას და სახეობას, ხოლო მოწმეს ევალებოდა მხოლოდ მუშების ყოველდღიური აღრიცხვა). გაურკვეველია, სასამართლომ შინაგანი რწმენით, რატომ შეაფასა მოწმის ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, სადაც იგი განსაზღვრავს სამუშაოების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და არ გაითვალისწინა ჩვენების სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილები;

1.1.6. მართალია, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, თუმცა, მან ცალმხრივად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას იურიდიული ძალა მიანიჭა, ხოლო მოპასუხის ახსნა-განმარტება უარყო, ისევე, როგორც შეფასება არ მისცა სამართლებრივ აქტებს, რომლებზეც მიუთითა მოპასუხემ.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231-ე კმ-ზე (ქუთაისში სამტრედიის მიმართულებით) არსებული გზაგამტარი ხიდის მოვლა-შენახვის ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს;

1.2.2. გზაგამტარი ხიდის სარემონტო სამუშაოები აწარმოა მოსარჩელემ;

1.2.3. სარემონტო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით მოსარჩელემ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 168 938,6 ლარი.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა შედავების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პალატა საკასაციო პრეტენზიათა დეტალურ კვლევას არ შეუდგება, ვინაიდან შეუძლებელია, მათ ფარგლებში შემოწმდეს ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნების სისწორე, არამედ, ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხზე.

1.3.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო შეეხება საქმის მომზადების ეტაპს, რომელიც დავის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობებას წარმოადგენს. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური გამართულობის საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლები ადგენენ რა ფორმალურ წინაპირობებს, თუ რას უნდა პასუხობდეს დავის დაწყების დროისათვის სარჩელი და შესაგებელი, ამავე კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს მხოლოდ სარჩელის შესაბამისობას ამ მოთხოვნებთან იმგვარად, რომ შინაარსობრივი გამართულობის საკითხის ამ ეტაპზე გამორკვევას არ ითვალისწინებს კანონი. რეგისტრირებული სარჩელის მიღებას კი, წყვეტს პირველი ინსტანციის მოსამართლე, თუმცა, მიღების ეტაზე ასევე არ განიხილება სარჩელის არსებითი მხარე, არამედ, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 186-ე მუხლებით და იმის მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა რეგისტრირებული სარჩელის შინაარსობრივი მხარე საპროცესო წესებს, წყვეტს მისი მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხს. იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი გადალახავს ზემოხსენებულ ბარიერებს, დღის წესრიგში დგება საქმის არსებითად განხილვისათვის მომზადების საკითხი, რომელიც, როგორც ითქვა, დავის სწორად გადაწყვეტის ფუნდამენტია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე-206-ე მუხლები ადგენენ იმ საპროცესო ბერკეტებს, რომლებიც უნდა განკარგოს მოსამართლემ, რათა არსებითად განხილვის ეტაპზე ეფექტიანად განახორციელოს მართლმსაჯულება. უპირველესად, რაც ამ ეტაპზე მოწმდება, არის მითითების ტვირთი, კერძოდ, მოსამართლე განსაზღვრავს, გადმოცემული ფაქტებიდან გამომდინარე, თუ რისი მიღწევა სურს მოსარჩელეს და მოიძიებს მისი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, ხოლო, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, უნდა შემოწმდეს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები და ამ ნორმის წინაპირობები, უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე გადმოსცემს თუ არა ყველა ფაქტს, რომელთა დადასტურებისა და მოძიებული სამართლებრივი საფუძვლის სუბსუმირება იურიდიულად ამართლებს სარჩელს (მითითების ტვირთი). იმ შემთხვევაში, თუკი სარჩელი ფორმალურად გაუმართავია, სასამართლო ვალდებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, დააზუსტებინოს მხარეებს ფაქტები, მიიღოს მათი შემავსებელი განმარტებები და სხვა, ვინაიდან ამგვარი საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა, ამავე კოდექსის 83.3, 201.4 და 219.1 მუხლების შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეებს ართმევს დამატებითი გარემოებების წარდგენის უფლებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის ფორმალური გამართულობის საკითხის დაძლევის შემდგომ დღის წესრიგში დგება მოპასუხის შედავების არსებითობის საკითხი, კერძოდ, უნდა გამოირკვეს, მოთხოვნის განმაპირობებელ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და ამის მიხედვით განისაზღვრება მტკიცების საგანი, რომელშიც მხოლოდ სადავო ფაქტები შედის, იმის მიხედით კი, თუ რა წარმოადგენს დადასტურების ობიექტს, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ანაწილებს მტკიცების ტვირთს მხარეთა შორის (თუ მატერიალური სამართლის ნორმა, იურიდიული კონსტრუქციიდან გამომდინარე, განსხვავებულად არ არეგულირებს მტკიცების სტანდარტს).

1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი სარჩელი ფორმალურად სრულიად გაუმართავია, მისი შესწავლით არ დგინდება რა საფუძვლით განახორციელა კრედიტორმა სამუშაოები, რა საჭიროება არსებობდა მათი განხორციელების და სხვა. არც სასამართლოებს დაუდგენიათ და არც საქმის მასალებიდან ირკვევა საქმის მომზადების დასრულებამდე შეავსო თუ არა მოსარჩელემ ფაქტები. მოპასუხის შესაგებლის შესწავლისა და იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, ამასთან, მოსარჩელეს არც კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი გააჩნდა მაგისტრალზე ეწარმოებინა სამუშაოები, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის მომწესრიგებელ დანაწესებში უნდა იქნეს მოძიებული, ამ მხრივ, კონკურენცია არსებობს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასა (სკ-ის 669-ე-975-ე მუხლები) და კონდიქციურ ვალდებულებას შორის (სკ-ის 976-ე-991-ე მუხლები). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია უნდა გადაწყდეს სწორედ სარჩელში გადმოცემული ფაქტების შესაბამისად. თუკი სახეზე იქნება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს შესრულების აუცილებლობაზე, მეპატრონისათვის შეტყობინების ფაქტზე, მისთვის კონკრეტული ხარჯთაღრიცხვის წარდგენასა და იმ აუცილებელ დანახარჯებზე, რომლებიც შესრულებულ სამუშაოზე იქნა გაწეული, ამასთანავე, სავალდებულო არაა ფაქტობრივად გაწეული ხარჯი ემთხვეოდეს ასანაზღაურებელ ხარჯს, რამდენადაც კანონი მოითხოვს, რომ ამგვარი დანახარჯი, კონკრეტული გარემოებებიდან გამოდინარე, აუცილებლად უნდა იყოს მიჩნეული (სკ-ის 669-ე, 971-ე-973-ე მუხლები), გარდა ამისა, მოპასუხის შედავების გათვალისწინებით, ამ ფაქტების დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. იმ შემთხვევაში, თუკი გამოირიცხება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენა, მაშინ საქმე დანახარჯების კონდიქციასთან გვაქვს (სკ-ის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითების ვალდებულებაა შეგნებულად ან შეცდომით სხვა პირის ქონებაზე ხარჯების გაწევა, ამ ხარჯების გაწევით მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხისათვის შესრულების გადაცემა და ამ დროისათვის გამდიდრების ფაქტის კვლავ არსებობა, რომელიც შეიძლება, მოპასუხის მხრიდან გარკვეული ხარჯების დაზოგვაშიც გამოიხატოს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გამდიდრების ოდენობა, მსგავსად ზემოხსენებულისა, შეიძლება არც კი ემთხვეოდეს ფაქტობრივ დანახარჯს.

1.3.4. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით ირკვევა, რომ მოპასუხემ არსებითი ხასიათის შედავება წარადგინა, რომელიც აფერხებს სარჩელის წარმატებას, კერძოდ, მან საერთოდ უარყო გზაგამტარი ხიდის სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, მისი ხარისხი, ხარჯების ოდენობა და შესრულებული სამუშაოების მის მიერ მიღება, შესაბამისად, ეს ფაქტები წარმოადგენს სადავოს, რომელთა სარწმუნოდ დადასტურება, როგორც უკვე ითქვა, მოსარჩელეს ეკისრება.

1.3.5. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა კონდიქციაზე და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარჩელის წარმატებულობის თაობაზე, თუმცა, ამ დასკვნების საფუძვლიანობა შედავებულია საკასაციო საჩივრით. პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის მხრიდან ხარჯების გაწევის აუცილებლობის, მათი ოდენობისა და შესრულების ხარისხის დადასტურების ვალდებულების შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, დასაკისრებელი თანხის ოდენობა სასამართლომ დაამყარა მხოლოდ ექსპერტის დასკვნას და იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს საპირისპირო კვლევა არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ხსენებულს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხის შედავების ფარგლებში უნდა შეეფასებინა, შეემოწმებინა მისი იურიდიული სანდოობა (სსსკ-ის 172-ე მუხლი) და თუკი ამგვარი შეფასების შედეგად დადასტურდებოდა მოთხოვნის ოდენობა, სწორედ ამის შემდგომ ემსჯელა მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებდა მოსარჩელის მიერ დადასტურებულ ფაქტს (შედავების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის თავის გართმევის შემდეგაა სამართლებრივად ღირებული იმ საკითხის შეფასება წარადგინა თუ არა მოპასუხემ საპირწონე მტკიცებულება), ამ მტკიცებულებით დგინდებოდა თუ არა აუცილებელი ხარჯის ოდენობა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი ექვემდებარებოდა თუ არა ანაზღაურებას, გარდა ამისა, გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია იმ ნაწილშიც, რომ სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა სამუშაოს შესრულების აუცილებლობის დადასტურების ვალდებულება, რომელიც ქვემდგომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ. იმ შემთხვევაში, თუკი არ დადგინდა შესრულების აუცილებლობა, მოპასუხის ინფორმირებულობა, შესრულების ხარისხი, ასევე, მოპასუხის მიერ შესრულების მიღება, იმის მიხედვით, თუ რა იქნება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, იარსებებს სარჩელის უარყოფის სამოქალაქო კოდექსის 973-ე ან 987-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა (ხარჯების აუცილებლობა ან თავს მოხვეული გამდიდრება). პალატა ასევე იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენებაზე და საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე დატანილ თარიღზე დაყრდნობით, არასწორად განსაზღვრა მოპასუხის ინფორმირებულობის საკითხი. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, მიუხედავად მოთხოვნის საფუძვლისა, როგორც უკვე ითქვა, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოპასუხის ინფორმირება და მის მიერ შესრულების მიღება. ამ ფაქტების მტკიცება, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს განკუთვნადი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს სადავო ფაქტებს, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც სამუშაოს შემსრულებელი, ნაცვლად მოპასუხისა, შესრულების თაობაზე მიმართავს ქ.ქუთაისის მერს და მისი მხრიდან ითხოვს რეაგირებას. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ ის, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, ვალდებულია, იმოქმედოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას პალატა სარჩელის უარყოფის საფუძვლად ვერ განიხილავს, რადგანაც თავად ამ კანონის პირველი მუხლიდან გამომდინარე, იგი საჯარო კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია და ემსახურება საჯარო მიზნებს, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში კი, მათ შორის სახელმწიფო, სამოქალაქო კოდექსის 8.2. მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტად გვევლინება და სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება მის პასუხისმგებლობას მხოლოდ ზემოხსენებული მიზეზით არ გამორიცხავს.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს სარჩელის გამართულობის საკითხი, განსაზღვროს მოთხოვნის განმაპირობებელი საფუძვლები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური