Facebook Twitter

№ ას-1879-2018 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ. ც–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ც–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ. (საკადასტრო კოდი: 0-...) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელეს ეთქვა უარი.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. 2018 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხისათვის მის უკანონო მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის დავალება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

13. საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ემყარებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს. ამგვარი განცხადების მიმართ, სასამართლოს მიერ მტკიცების ისეთივე სტანდარტი უნდა იქნეს მოთხოვნილი, როგორიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი განცხადების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის გაუგებარია რატომ არ აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოსთვის საკმარისი ის დასაბუთება და მტკიცებულებები, რომლებზეც იგი აპელირებდა და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად;

13.2. აუცილებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 23 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების მოპოვების თაობაზე და არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ შემოსავლების სამსახურმა მანამ გაასხვისოს აღნიშნული ქონება, ვიდრე იგი რეალური მესაკუთრის მფლობელობაში გადავა;

13.3. უზრუნველყოფის ღონისძიების და სასარჩელო მოთხოვნის თანხვედრა სრულებითაც არ ნიშნავს მათ ერთიდაიგივეობას, რაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით საქმეზე №ას-471-439-2017;

13.4. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არანაირ ზიანს არ მიაყენებს უკანონო მფლობელს. ამ შემთხვევაში ზიანი ადგება მოსარჩელეს, როგორც სადავო უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს.

14. საჩივრის ავტორი საჩივარში მსჯელობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინების (კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) არაკანონიერებაზე და უთითებს, რომ, მართალია, აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა, მიზანშეწონილია, მოცემული საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლო ვინდიკაციური სარჩელის დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხსაც შეეხოს და განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნისას მოსარჩელემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან რაიმე დაბრკოლების შექმნით საფრთხე უნდა შეექმნას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. თუკი აღნიშნული საფრთხის არსებობა განმცხადებლის მიერ სარწმუნოდ არის დასაბუთებული, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველს.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის ფარგლებში საჩივრის ავტორი მსჯელობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინების არაკანონიერებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა. ამდენად, ზემოხსენებული განჩინება იყო საბოლოო, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე საჩივრის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინების არაკანონიერებაზე მითითება არ შეიძლებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე თავისი არსით არ წარმოადგენდა წინასწარ ღონისძიებას, რათა მომავალში სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე ყოფილიყო თავიდან აცილებული, არამედ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენდა თავად სასარჩელო მოთხოვნის აღსრულებას. შესაბამისად, იგი უტოლდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუშვებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სახით იმგვარი ღონისძიების გამოყენება, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას გამოიწვევდა, მითუმეტეს რომ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ, მხარეს უკვე ეთქვა უარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

25. ამდენად, განმცხადებელს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა მიეთითებინა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სამომავლოდ ობიექტურად ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 23 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების მოპოვების თაობაზე და არსებობდა იმის საშიშროება, რომ შემოსავლების სამსახურს მანამ გაესხვისებინა აღნიშნული ქონება, ვიდრე იგი რეალური მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდოდა.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს, რადგან რომც დადგინდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სახით სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემა, ეს ხელს ვერ შეუშლის ქონების რეალიზაციის უფლების მოპოვებას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. ამგვარად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც ვერ იქნება თავიდან არიდებული ის საფრთხე, რომელსაც იგი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძვლად მიიჩნევს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკისა და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ქონების გასხვისების საფრთხე შექმნილი არ არის მოპასუხის მიერ. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი კი ის არის, რომ დაიცვას მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც მოთხოვნილი სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას დაადასტურებდა.

29. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მსჯელობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინების (კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) არაკანონიერების შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (რასაც მოსარჩელე თავადაც აღნიშნავს მის მიერ წარდგენილ საჩივარში) და განსახილველი საჩივრის ფარგლებში მის არაკანონიერებაზე მითითება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებას.

30. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ვერც იმ მითითებას გაიზიარებს, რომ, მიზანშეწონილია, მოცემული საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლო შეეხოს ვინდიკაციური სარჩელის დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს და განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, რადგან წინამდებარე საქმეში დავის საგანს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ვინდიკაციური სარჩელის დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხზე.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ც–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე