საქმე №ას-717-717-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, ხ-ის მიმდებარედ, დაახლოებით 00:40 წუთზე, ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი ფ., სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით E-..., რომელსაც შპს „ს-ს“ მძღოლი ლ. ხ–ი მართავდა და ავტომობილი ფ-ო, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით W-..., რომელსაც ნ. კ-ი (შემდგომში -„მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მართავდა.
2. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის 2014 წლის 18 მარტის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით e-... მოპასუხე ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ავტომობილების შეჯახების შედეგად დაზიანდა ორივე ავტომობილი.
3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 3 თებერვლის №111/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ვიზუალური დათვალიერებითა და შემოწმებით დადგინდა, რომ ფ-ს, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით E-..., დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: მარჯვენა წინა მაშუქის პლასტმასის მოპირკეთება. სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს: წინა ბამპერის მარჯვენა მხარე, ძრავის სახურავი, მარჯვენა წინა ფრთა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო) ფასები. დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულება განისაზღვრა თბილისის კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ ნაწილებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით და დადგინდა მარჯვენა წინა მაშუქის პლასტმასის მოპირკეთება - 100 ლარი. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების (რაც ითვალისწინებს გამოსაცვლელი ნაწილის მოხსნა-დაყენებას, სათუნუქე, საფითხ-სამღებრო სამუშაოებს) ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება 800 ლარს. ამდენად, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება იქნება 900 ლარი, რასაც ემატება გაუთვალისწინებელი სამუშაო ხარჯი 10% და მიიღება 990 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 990 ლარს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 67-68).
4. შპს „ს-ს“ 2014 წლის 23 იანვრის ინვოისით ფ-ს, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით E-..., აღდგენისათვის საჭიროა: ფარი წინა მარჯვენა - 480 ლარი, ფარის შეცვლა - 50 ლარი, ფარის კანტი მარჯვენა - 150 ლარი, ფარის კანტის შეცვლა - 15 ლარი, გიტარა მარჯვენა - 305 ლარი, გიტარა მარჯვენას შეცვლა - 70 ლარი, ინტერქულერის მილი - 312 ლარი, ინტერქულერის მილის შეცვლა - 90 ლარი, მტვერდამცავი მარჯვენა - 75 ლარი, მტვერდამცავის დემონტაჟი-მონტაჟი - 50 ლარი, კალპაკი - 105 ლარი, აბლიცოვკა - 802 ლარი, აბლიცოვკის დემონტაჟი-მონტაჟი - 40 ლარი, წყლის რადიატორი - 980 ლარი, წყლის რადიატორის შეცვლა - 140 ლარი, გამაგრილებელი სითხე - 128 ლარი, სარკე გვერდითი კომპლექტი - 370 ლარი, წინა ბამპერის მარჯვენა კუთხე - 360 ლარი, წინა ბამპერის მარჯვენა კუთხის შეცვლა - 50 ლარი, წინა მარჯვენა ფრთა - 400 ლარი, სათუნუქე სამუშაოები, წინა ეკრანის და ფრთის დემონტაჟი-მონტაჟი - 300 ლარი, სამღებრო სამუშაოები წინა ფრთის ეკრანის - 440 ლარი, გვერდითი სარკის შეცვლა - 50 ლარი, ჯამში 5762 ლარი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 49).
5. ფ-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით E-..., ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზღვეული იყო სს „ს-ში“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „სადაზღვევო კომპანია“ ან „მზღვეველი“). დაზღვევა მოიცავდა ამ კონკრეტულ სადაზღვევო რისკსაც.
6. სადაზღვევო კომპანიამ 2014 წლის 5 თებერვალს დაზღვეულის მოთხოვნის შესაბამისად, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის შპს „ს-ს“ გადაურიცხა 5762 ლარი. დაზღვეულმა მზღვეველს ჩაურიცხა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზა 150 ლარი.
7. სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა დელიქტით მიყენებული მატერიალური ზიანის 5612 ლარის გადახდა.
8. მოპასუხემ სარჩელი ცნო 990 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ზიანის იმ ოდენობას, რა ოდენობის ზიანიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიადგა დაზარალებულს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დელიქტით მიყენებული მატერიალური ზიანის 990 ლარის გადახდა; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა, ხოლო სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობისას, დაადგინა, რომ ფ-ს, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით E-..., შეჯახების შედეგად პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის აღდგენის ღირებულება შეადგენდა 990 ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლების მიერ საპატრულო პოლიციისათვის გაკეთებული ახსნა-განმარტების ასლები იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, თუ გარეგნულად რა დაზიანება მიიღეს შეჯახების შედეგად ავტომობილებმა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმში არ იყო ასახული ავტომობილების დაზიანებები, საქმეში წარმოდგენილი შპს „ს-ს“ მიერ გაცემული ინვოისის თარიღი წინ უსწრებდა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თარიღს, ამასთან, ინვოისში მითითებული ნაწილების ჩამონათვალი შესაბამისობაში არ მოდიოდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებებთან და გასაწევ მომსახურებებთან, ასევე, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ინვოისში მითითებული აღდგენის ღირებულების ჯამი - 5762 ლარი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ღირებულებასთან - 990 ლართან, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ორი მტკიცებულების: შპს „ს-ს“ ინვოისის და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისა და კონკურენციის პირობებში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანების ჩამონათვალსა და აღდგენის ღირებულებას. ამასთან, კერძო კომპანიის მიერ მასთან არსებული ნაწილების და მომსახურების ღირებულებით არ შეიძლება დადგენილიყო დაზიანების აღდგენისათვის საჭირო საბაზრო ღირებულება. ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება გაბათილებულიყო სხვა ექსპერტიზის დასკვნით და არა - კერძო კომპანიის ინვოისით. სასამართლომ განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დაზიანებული ავტომობილის ნაწილები აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც ისინი შეიცვალა ახლით, მოდიოდა მოსარჩელე მხარეზე, რომელსაც აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ ჰქონდა წარდგენილი.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომელშიც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის (მოსარჩელის) შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4622 ლარის გადახდა.
13. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 10 იანვარს 15:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლოს სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებსა და 230-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზიანდა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული, შპს „ს-ს“ ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომლის აღსადგენად მოსარჩელემ გასწია 5762 ლარის ხარჯი, რაც წარმოადგენს მისთვის მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს. ამ თანხიდან ასანაზღაურებელი დარჩა 4612 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 832-ე, 992-ე და 999.1 მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება.
18. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სარჩელის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირმა უნდა აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი ქმედებით მიადგა სხვა პირს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მოპასუხის ქმედებით არ გამოწვეულა ან იმ ფორმით არ გამოწვეულა, რაც სარჩელშია მითითებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის დეტალები, რაც შეცვლილი იქნა ავტომანქანაზე, არ არის დაზიანებული, ხოლო აღდგენადი დეტალები, როგორც ექსპერტი უთითებს, საერთოდ ახლით იქნა შეცვლილი, რამაც აბსურდულად გაზარდა ფასი. შესაბამისად, ზიანის ოდენობა უსაფუძვლოდ არის გაზრდილი, რაც სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტორი და მასთან დაკავშირებული სარემონტო კომპანიის ხარჯთაღრიცხვით არის გამყარებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შსს-ს ექსპერტიზის დასკვნას და აქედან უნდა მოხდეს ზიანის თანხის გადახდევინება. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ერთი წინადადებაა მითითებული, რომ მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია, თუმცა საიდან მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას.
25. სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
26. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
27. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ზემოაღნიშნული მესამე წინაპირობის არსებობას, რომლის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობა (დადგენილად მიჩნეული გარემოებები) იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას და კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-356-338-2015, 2015 წლის 3 ივნისი).
29. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი წანამძღვრები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 999.1 [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 832.1 [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით] მუხლები.
30. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა (მოსარჩელემ) სააპელაციო საჩივარში მიუთითა მთავარი ნორმის, სსკ-ის 999.1 მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელ ყველა წანამძღვარზე. აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ითხოვდა მოპასუხისთვის დარჩენილი 4622 ლარის დაკისრებას. აპელანტი სააპელაციო საჩივარში სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაფუძნებას სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე. მისი განმარტებით, აღნიშნული დასკვნით, რომლითაც სასწრაფო მანქანის უბრალოდ ვიზუალური დათვალიერება-შემოწმება მოხდა, განისაზღვრა ზიანის საორიენტაციო ღირებულება ბაზარზე მეორადი ავტონაწილების ფასების მიხედვით, მაშინ როდესაც დადასტურებულია, რომ ავტომანქანა იყო ახალი, იმყოფებოდა ქარხნულ გარანტიაზე და მფლობელის მოთხოვნის და ქარხანა მწარმოებლის რეგლამენტის შესაბამისად დაზიანებული დეტალები უნდა შეცვლილიყო ახლით. გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა თანხა, რომელიც ექსპერტმა მიუთითა დასკვნაში, როგორც ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების მეორადი ავტონაწილებით ჩანაცვლების და აღდგენის ღირებულება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „ს.“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ დაზიანებულ ავტომანქანას (რომელიც იყო ახალი - 4 თვის) ქარხანა მწარმოებლის რეგლამენტის შესაბამისად, ესაჭიროებოდა სერვისისთვის ახალი დეტალები. სასწრაფოს ახალი მანქანისთვის ძველი/მეორადი ნაწილების დაყენებით საფრთხე შეექმნებოდა როგორც მედპერსონალის, ისე პაციენტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსაც ჰქონდა მოთხოვნა დაზიანებული ავტონაწილების ახლით ჩანაცვლების. იქნებოდა თუ არა ავტომანქანა დაზღვეული, სერვისი მაინც შპს „ს-ში“ განხორციელდებოდა და რეალური ზარალის თანხა მაინც შპს „ს-ს“ ინვოისით განისაზღვრებოდა, ვინაიდან ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ნივთი პირვანდელ მდგომარეობაში ან აანაზღაუროს ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ხარჯი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 142).
31. ამდენად, სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდიდა ზიანის ოდენობას და მიიჩნევდა, რომ ზიანის ოდენობა უნდა დადგენილიყო შპს „ს-ს“ 2014 წლის 23 იანვრის ინვოისით, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობა 5762 ლარით განისაზღვრა. სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტების თანახმად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (რომელსაც დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას) მოხდა დაზიანებული მანქანის უბრალოდ ვიზუალური დათვალიერება-შემოწმება და განისაზღვრა ზიანის საორიენტაციო ღირებულება ბაზარზე მეორადი ავტონაწილების ფასების მიხედვით, თუმცა დაზიანებულ მანქანას ესაჭიროებოდა ახალი დეტალები და რეალური ზიანის ოდენობა შპს „ს-ს“ ინვოისით იყო განსაზღვრული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს „ს-ს“ ბალანსზე მყოფი ავტომანქანის აღსადგენად მოსარჩელემ გასწია 5762 ლარის ხარჯი, რაც წარმოადგენს მისთვის მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს.
32. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ჩაითვალა დამტკიცებულად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და მოპასუხისთვის 4622 ლარის (მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის - 990 ლარისა და ფრანშიზას -150 ლარის გამოკლებით) დაკისრების თაობაზე. ამდენად, მოცემულ საქმეზე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა იგი ძალაში, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მათი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელი;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე