Facebook Twitter

საქმე №ას-1541-2018 8 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - დ. ლ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ს-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ–ისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და დ. ლ–ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ სესხის დაბრუნების და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 7200 აშშ დოლარის გადახდა. ყ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ი მდებარე უძრავ ქონებაზე − 3037 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი: №5-...) − აღიარებულ იქნა პირველი მოპასუხის თანასაკუთრების უფლება ქონების ½ წილზე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10- დღიანი საპროცესო ვადა და დაევალა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 3 დღით გაუგრძელდა. სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი საფოსტო უკუგზავნილით გამოარკვია, რომ ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს 2018 წლის 14 ივნისს ჩაბარდა.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების 3-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 15 ივნისიდან დაიწყო და ამოიწურა 2018 წლის 17 ივნისს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე იყო 2018 წლის 18 ივნისი, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით უნდა შეევსო, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ასევე მხედველობაში არ მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა თხოვნით ან/და სასამართლოს ინიციატივით საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა არ გაუგრძელა, რითაც მისი უფლებები დაარღვია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 4-6).

14. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 13-15). ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2018 წლის 14 ივნისს პირადად ჩაბარდა აპელანტს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 21). დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 17 ივნისს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს (კვირას), შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორება 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით შეეძლო, თუმცა მას დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის უფლებები დაარღვია, რადგან არ გაითვალისწინა მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა და არ გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.

16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის განხილვისას ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტის 2018 წლის 13 აპრილის შუამდგომლობა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით, დააკმაყოფილა, კერძოდ კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა პირადად. თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

18. მითითებული ნორმა გარკვეულწილად ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვადის გაგრძელებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მხარე მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და საკუთარი ინიციატივით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით დროს ვერ განუსაზღვრავს.

19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას აპელანტისათვის საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

21. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.

22. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე