Facebook Twitter

№ ას-243-231-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 6 მაისს შპს „პ-სა“ (შემდგომში „შემსრულებელი“ ან „მოსარჩელე“) და ა(ა)იპ „თ-ს“ (შემდგომში „დამკვეთი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის მიხედვით დადგინდა, რომ შემსრულებელს უნდა ეწარმოებინა ქ. თბილისში, ა-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ავარიული კედლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო დამკვეთს უნდა აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. სამუშაოების ჯამური ფასი განისაზღვრა 108 023.86 ლარით, ხელშეკრულების ვადად კი 2014 წლის 10 აგვისტო.

2. 2014 წლის 18 ივნისს მხარეებმა გააფორმეს პირველ ეტაპზე 10 080.16 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი №1, რომლითაც დამკვეთმა აიღო 10 080.16 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც შეასრულა კიდეც.

3. 2014 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი №2, რომლითაც დამკვეთმა ჩაიბარა შემსრულებლის მიერ შესრულებული 94 088.61 ლარის ღირებულების სამუშაო. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით დამკვეთმა იკისრა მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ვალდებულება მას არ შეუსრულებია.

4. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ 2015 წლის 4 თებერვალს გაცემული №0-... საექსპერტო დასკვნის თანახმად, შემსრულებლის მიერ წინმსწრები გამაგრებითიი სამუშაოებისათვის აშენებული კედელი დაზიანებულია; კედლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სამუშაოთა წარმოების დაბალი ხარისხით, პროექტის (დეფექტური აქტი) არ დაცვით და პროექტირების დაბალი ხარისხით. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე შპს „ლ-ს“ მიერ ჩატარებული სამუშაოები შესრულებულია პროექტის მიხედვით, მაგრამ როდესაც ქვაბულის ძირის ნიშნული ჩასცდა შპს „პ-ის“ მიერ მოწყობილი რკინაბეტონის კოჭის ძირის ნიშნულს, სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და შესაბამისი კორექტირება უნდა მომხდარიყო კონსტრუქციულ ნაწილში.

5. 2015 წლის 18 მაისს დამკვეთმა წერილით მიმართა შემსრულებელს და აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დამკვეთის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. 2015 წლის 18 აგვისტოს დამკვეთმა წერილით მიმართა შემსრულებელს და მოსთხოვა გონივრულ ვადაში ქ. თბილისში, ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ავარიული კედლის წინმსწრებ გამაგრებით სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოსწორება და აღმოფხვრის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.

7. 2015 წლის 5 ნოემბრის №01-1548 წერილით დამკვეთმა განმეორებით აცნობა შემსრულებელს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ხარვეზების აღმოფხვრის დამადასტურებელი დასკვნის წარმოდგენამდე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო შემსრულებლისათვის ანგარიშსწორების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება.

8. შემსრულებლის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ-ის“ მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ა-ში შპს „პ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დეფექტურ აქტსა და ნახაზს. სამუშაოები შესრულებულია არსებული სამშენებლო ნორმების სრული დაცვით; დამზღვევ კედელზე აღინიშნება დაზიანებები და ბზარები, რომელიც განპირობებული უნდა იყოს კედლის უშუალო მოსაზღვრედ მიწის ქვაბულის ამოღებისას კედლის საძირკვლის გაშიშვლებით; დამზღვევი კედლის შემდგომი ჯდენისა და დეფორმირების აღმოსაფხვრელად ამჟამად ამოღებული ქვაბულის ძირზე, დამზღვევი კედლის მთელ სიგრძეზე ჩასხმულია ბეტონი და დამუშავებულია წერტილოვანი საძირკვლები.

9. შემსრულებელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის 2014 წლის 6 მაისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 94 088.61 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №2, თუმცა დამკვეთის მიერ შესაბამისი ეტაპის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო არა უპირობოდ, არამედ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კერძოდ, ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ 2015 წლის 4 თებერვალს გაცემული №0-... საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შემსრულებლის მიერ სამუშაოები ნაწარმოებია ტექნოლოგიური პროცესების დაუცველად, სამუშაოთა წარმოების დაბალი ხარისხით, პროექტის (დეფექტური აქტის) დაუცველად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო არ ეკისრებოდა მისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლ---ის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 649-ე მუხლებით და მიუთითა ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესზე. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთის მიერ შესრულების მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით; 5.2. პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს აქტს (ფორმა №2) და ანგარიშსწორებისთვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტს; 5.3. პუნქტის თანახმად, თუ შესრულებული სამუშაოები არ აკმაყოფილებს შეთანხმებულ პირობებს, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს არსებული ხარვეზის გამოსწორება. ხარვეზების გამოსწორებამდე დამკვეთი უფლებამოსილია უარი ეთქვას სანაცვლო ვალდებულებების შესრულებაზე, რის შესახებაც შემსრულებელს აცნობებს წერილობით.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 8 აგვისტოს დამკვეთმა მიიღო შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაო (მეორე ეტაპი) წარმოდგენილი ფორმა #2-ის მიხედვით და იკისრა ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისთვის შესაბამისი ეტაპის ღირებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - 94 088.61 ლარი. ამასთან, მას რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე არ გამოუთქვამს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან დამკვეთმა ისე მიიღო შესრულებული სამუშაო, რომ არ განაცხადა ნაკლოვანებების შესახებ და არ განუსაზღვრა შემსრულებელს ვადა მათ აღმოსაფხვრელად, მას წარმოეშვა შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.

15. სასამართლომ ასევე შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის ბრალი მის მიერ აღმართულ დამზღვევ კედელზე არსებულ დაზიანებებში (ნაკლოვანებებში). რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, თუ რა ტიპის დეფექტები აღენიშნებოდა მზიდ კედელს ქვაბულის ამოღებამდე და აღენიშნებოდა თუ არა საერთოდ, საქმეში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი. მართალია, აღნიშნული ნორმა სპეციალური ნორმაა, რომლის საფუძველზე შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო და ვალდებულია მიღებისთანავე გადაიხადოს საზღაური, თუმცა მოცემული შემთხვევა კომპლექსურია და მოითხოვს შემავსებელი ფუნქციით სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენებასაც. აღნიშნული მუხლის მიხედვით კი იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. ამ ნორმის თანახმად, მოპასუხეს ჰქონდა სრული უფლება უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელის მიერ ხარვეზების გამოსწორებამდე.

18. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. თუკი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე ახორციელებს სამუშაოებს, მაშინ მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბმება არც ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს და არც ვარგისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, არ არსებობს აღნიშნული სამუშაოების ღირებულების მოპასუხის მიერ ანაზღაურების საფუძველი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, რის გამოც, დამკვეთი არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის აღნიშნული სამუშაოს ღირებულება.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ასრულებდა 2014 წლის 6 მაისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებს, რომელსაც პერიოდულად იღებდა დამკვეთი. კერძოდ, 2014 წლის 18 ივნისს 10 080.16 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების მიღების თაობაზე მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი №1 და აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ გადახდილია (იხ. ტ. 1. ს.ფ. 18). დადგენილია, ასევე, რომ 2014 წლის 8 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული №2 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დამკვეთმა ჩაიბარა შემსრულებლის მიერ შესრულებული 94 088.61 ლარის ღირებულების სამუშაო (მეორე ეტაპის სამუშაოები) და ამავე აქტით იკისრა მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19), თუმცა მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამკვეთს (მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. მან შესრულებული სამუშაოების მიღებიდან თითქმის 9 თვის შემდეგ (2015 წლის 18 მაისს) აცნობა შემსრულებელს, რომ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო უარს ამბობდა მისთვის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე. ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ გარემოებად კი მიუთითებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 თებერვლის საექსპერტო დასკვნაზე. ამავე დასკვნაზე მიუთითებს კასატორი საკასაციო საჩივარშიც და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია იგი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2014 წლის 6 მაისიდან 2014 წლის 10 აგვისტომდე) ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (დამკვეთს) ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ამავე ვადაში მოპასუხემ შესრულება მიიღო და ამ დროისათვის მას არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, ამასთან, სადავო არ არის მიღება-ჩაბარების აქტზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

27. რაც შეეხება კასატორის მითითებას 2015 წლის 4 თებერვლის საექსპერტო დასკვნაზე, რომლითაც, მისი აზრით დგინდება შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს. მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

30. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი).

31. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების დადასტურების მიზნით მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 თებერვლის საექსპერტო დასკვნას მოსარჩელემ დაუპირისპირა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2015 წლის 21 ოქტომბრის დასკვნა და ორივე მათგანი გამოკვლეული იქნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. დასკვნების შინაარსობრივი შეფასებით კი დადგინდა, რომ უტყუარად არ იკვეთებოდა მოსარჩელის (შემსრულებლის) ბრალეულობა მის მიერ შესრულებული წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების შედეგად აშენებული კედლის დაზიანებების (ნაკლოვანებების) არსებობაში.

32. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების ზემოაღნიშნულ შეფასებას და, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით ირკვევა, მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების (დამზღვევი კედლის აშენების) დასრულების შემდეგ, უშუალოდ მის მომიჯნავედ, შპს „ლ-ს“ მიერ ჩატარდა შპუნტური კედლის მოწყობის სამუშაოები, ამოღებული იქნა მიწის ქვაბული. მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 თებერვლის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი: „შპს „ლ-ს“ მიერ ჩატარებული სამუშაოები შესრულებულია პროექტის მიხედვით, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ქვაბულის ძირის ნიშნული ჩასცდა შპს „პ-ის“ მიერ მოწყობილ რკინაბეტონის კოჭის ძირის ნიშნულს, სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და შესაბამისი კორექტირება უნდა მომხდარიყო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში”. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ-ის“ 2015 წლის 21 ოქტომბრის დასკვნის კვლევით ნაწილში კი მითითებულია, რომ „დამზღვევი კედელი შეესაბამება დეფექტური აქტის ნახაზს... დამზღვევი კედლის შესრულების შემდეგ, უშუალოდ მის მომიჯნავედ, დაწყებულია მშენებლობა, სადაც უკვე ნაწილობრივ შესრულებულია მიწის სამუშაოები და, შესაბამისად, ამოღებულია ღრმა ქვაბული, რომელიც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია დამზღვევი კედლის საძირკვლის ქვედა ნიშნულზე, რამაც გამოიწვია დამზღვევი კედლის საძირკვლის გაშიშვლება და ლენტური საძირკველი მთლიანად ჰაერშია... წარმოდგენილ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, რომ კედლის ლითონის დგარების გარდა, რომელთა ქვეშაც მოწყობილია წერტილოვანი საძირკველი, 12 მეტრიანი კედლის შემაკავებელი სხვა საყრდენი არაა“.

33. ამრიგად, ორივე დასკვნით ცალსახად დასტურდება დამზღვევ კედელზე დეფექტების გამოვლენა მას შემდეგ, რაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მოხდა ქვაბულის ამოღება.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ქვაბულის ამოღება განხორციელდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ, არ დგინდება, თუ რა ტიპის დეფექტები აღენიშნებოდა შემსრულებლის მიერ აშენებულ მზიდ კედელს ქვაბულის ამოღებამდე და აღენიშნებოდა თუ არა საერთოდ. ამ გარემოებას მხარეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნებიც არ ადასტურებს, ვერც კასატორი მიუთითებს აღნიშნულის გამაბათილებელ სხვა რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, საფუძველსმოკლებულია მისი პრეტენზია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის შესახებ.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-939-879-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4846.90 ლარის 70% - 3392.83 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „თ-ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა(ა)იპ „თ-ს" (ს/კ: 4...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს №00591 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4846.90 ლარის 70% - 3392.83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე