№ ას-294-278-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ქ.“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში „შემსყიდველი“, „მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) და შპს „ქ-ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“, „მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
- ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი).
- შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულო მოწყობილობა-დანადგარებით (ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტი).
- თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში, უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით (ხელშეკრულების 13.1 პუნქტი).
- მიმწოდებელი ვალდებულია თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ხელშეკრულების 8.2.4 და 8.2.6 პუნქტები).
- მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით განსაზღვრულ მოთხოვნებს (ხელშეკრულების 10.1 პუნქტი). ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ამავე ხელშეკრულების 15.1 პუნქტით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.
2. 2014 წლის 7 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი №911/1, რომლის თანახმად, ხელშეკრულებას დაემატა 7.5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება“, ხოლო ხელშეკრულების 8.2.4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „შპს „ქ.“ ვალდებულია თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტებზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, შეისყიდოს სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება“.
3. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 8 იანვარს, 16 იანვარს, 17 იანვარს, 21 იანვარს, 6 თებერვალს, 14 მარტს, 18 მარტს, 8 აპრილს, 16 მაისს, 22 მაისს, 30 მაისსა და 10 ივნისს განხორციელდა დაბა ვ–ი დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოს და სასადილოს საწყობის, მ. ში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების ს/ნ 1-ის სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-ის სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა გ-ში დისლოცირებული ს/ნ 1-ის შენახვის მე-4 განყოფილების სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ -ის სასადილოს და საწყობის, დაბა გ-ში დისლოცირებული ს/ნ 1-ის მე-4 განყოფილების სასადილოს და საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა მ-ში სპეციალური ოპერაციების ძალების ს/ნ 1-ის სასადილოს და სასადილოს საწყობის, სოფელ მ-ში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სასადილოს და საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული მექანიზებული ბრიგადის №2 სასადილოს და საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-ის სასადილოს და საწყობის, დაბა გ-ში დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის მე-4 განყოფილების სასადილოს და სასადილოს საწყობის, დაბა ვ–ი დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოს და საწყობის შემოწმება.
4. 2014 წლის 14 მარტის N54 აქტით დადგინდა, რომ საარტილერიო ოპერაციების ძალების ს/ნ 1... სასადილოს საწყობში დაფიქსირდა 4 ყუთი (20 კგ-იანი) კარაქი, რომლის მარკირებაზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას ნაღების კარაქი, ცხიმოვანება 82%, შემადგენლობა: ნორმალიზებული ნაღები; კარაქი დამზადებული იყო საქართველოში შპს „ვ-ს“ მიერ, ხოლო ყუთზე მითითებული იყო ,,S-...’’ (ტომი 1, ს.ფ. 40).
5. 2014 წლის 8 იანვრის N2 აქტით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოსა და საწყობის შემოწმებისას დადგინდა სანიტარული პირობების დარღვევა, კერძოდ, სასადილო დარბაზში და სამზარეულოში ფიქსირდებოდნენ ჩიტები; სამზარეულოს ჭერი, კედლები და სავენტილაციო სისტემა დაბინძულებული იყო ჩიტებისაგან, ხორცის დასამუშავებელ საამქროში ხის კუნძი, რომელზეც ხდებოდა ხორცის დამუშავება, ამოსაღები იყო ხმარებიდან, მოსაწესრიგებელი იყო ელექტროგაყვანილობა, ამასთან, ფუნთუშა მოთავსებული იყო მტვრიან კონტეინერებში, ლობიოს, ბრინჯს და მარილს ჰქონდა კუსტარული მარკირები, 12 ტომარა ლობიოს მარკირები მიმაგრებული ჰქონდა ,,სტეპლერით’’; 16 ტონა ტევადობის საყინულე კონტეინერი მაცივარი, სადაც ინახებოდა ხორცეული, განთავსებული იყო სასადილოს შენობის მიმდებარედ საკანალიზაციო ჭასთან ახლოს; კონტეინერის კარებსა და საკანალიზაციო ჭას შორის მანძილი იყო დაახლოებით 1 მეტრი.
6. 2014 წლის 16 იანვრის N12 აქტით პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-... სასადილოს საწყობში დაფიქსირდა 16 ტომარა ლობიო, რომელსაც ეტიკეტები მიმაგრებული ჰქონდა ე.წ წებოვანი ლენტით; სასადილოს სამრეცხაოში კაფელი და მეტლახი იყო ამოტეხილი, სადაც რეცხვის დროს დგებოდა წყალი და ქმნიდა ანტისანიტარიას.
7. 2014 წლის 17 იანვრის N13 აქტით ს/ნ 1-ის შენახვის მე-4 განყოფილების სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ერთ ტომარა მარილს და ნახევარ ტომარა ლობიოს ვარგისიანობის აღმნიშვნელი მარკა (ეტიკეტი) მიმაგრებული ჰქონდა წებოვანი ლენტით; ხილფაფა, წარმოებული შპს ,,გ -ს’’ მიერ მოთავსებული იყო მუყაოს ყუთებში წარწერით ,,R-...’’.
8. 2014 წლის 6 თებერვლის N26 აქტით მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1---- №1 სასადილოს შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შედგენილი მენიუ საჭიროებდა კორექტირებას; პირველი თავი კერძები, რომელიც უნდა მიეღო სამხედრო მოსამსახურეს შეუზღუდავი რაოდენობით, იყო ნორმირებული; წვნიანად მომზადებული იყო ხორციანი სუპი და ხორცი იყო ნორმით ჩაყრილი; მეორე თავი კერძიც ხორცისაგან იყო მომზადებული და ხორცი ნორმით იყო ჩაყრილი; ხორცის რაოდენობის სიმცირის გამო უმჯობესი იყო მომზადებულიყო ერთი ხორციანი კერძი, რომელშიც ხორცი იქნებოდა შეუზღუდავი რაოდენობით. ამასთან, საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა სანიტარული პირობების დარღვევა, კერძოდ: ლობიოს ეტიკეტი ტომარაზე მიმაგრებული იყო ,,სტეპლერით’’, ხოლო, ჯემის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია, არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთებზე მითითებულ ინფორმაციას; ვაშლის ჯემი პარკებში იყო მოთავსებული, მუყაოს ყუთები იყო მეორადი; ორ ტომარა შავ ჩაის, ეტიკეტი მიმაგრებული ჰქონდა წებოთი და წებოვანი ლენტით; სასადილოს სამზარეულოში სავინტილაციო სისტემები იყო დაბინძურებული და საჭიროებდა დასუფთავებას.
9. 2014 წლის 18 მარტის N55 აქტით ს/ნ 1-ის სასადილოს საწყობში დაფიქსირდა 2 ყუთი კარაქი, რომლის ეტიკეტზეც იკითხებოდა: ნაღების კარაქი 20 კგ., ცხიმოვნობა - 82%, შემადგენლობა - ნორმალიზებული ნაღები, დამზადებული იყო საქართველოში შპს ,,ვ -ს’’ მიერ და ა.შ., ხოლო, მუყაოს ყუთზე, რომელშიც მოთავსებული იყო კარაქი პოლიეთილენის პარკით, იკითხებოდა სულ სხვა რამ; ასევე, განსხვავებული იყო ეტიკეტზე მითითებული პროდუქციის შემადგენლობის მონაცემები ყუთზე მითითებული შემადგენლობის მონაცემებისაგან.
10. 2014 წლის 10 ივნისის N116 აქტით მე-4 მექანიზებული ბრიგადის ს/ნ 1-ის №1 სასადილოს შემოწმებით დადგინდა, რომ მენიუ არ იყო შეთანხმებული ბრიგადის მეთაურთან. სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ჩანგლები და კოვზები, რაც იწვევდა სამხედრო მოსამსახურეთა უკმაყოფილებას. სასადილოს საწყობის საყინულე კონტეინერ მაცივარში ხორც პროდუქტებთან ერთად, დაფიქსირდა 2820 კგ. ნაღების კარაქი, მწარმოებელი შპს ,,ვ-...’’, ცხიმოვნობა 82%. აღნიშნულ კარაქზე კომპანიამ წარმოადგინა ლაბორატორიული კვლევის ოქმი, სადაც მითითებული იყო კარაქის რეალური ცხიმიანობა - 61%. საწყობში აგრეთვე დაფიქსირებული იყო 223 კგ. გაურკვეველი სახის კარაქი. სასადილოს მზარეულის განმარტებით, კარაქი მოთავსებული იყო პოლიეთილების პარკებში, როგორც სხვადასხვა ზომის ნატეხების სახით, ასევე, ულუფებად დაჭრილი. პარკები მოთავსებული იყო კვერცხის ყუთებში, სულ, 8 ყუთი, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი მარკირება. სასადილოში დაფრინავდნენ ჩიტები, მომრავლებულნი იყვნენ ბუზები.
11. 2014 წლის 21 იანვრის N15 აქტით სპეციალური ოპერაციების ძალების ს/ნ 1-... სასადილოს საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა ორი ყუთი ქიშმიში, რომლის შეფუთვაზე არ იყო მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა.
12. 2014 წლის 8 აპრილის N69 აქტით პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-... სასადილოს საწყობში შემოწმებით გამოვლინდა კარაქი და ჯემი, რომელთა ყუთებში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთებზე არსებულ ინფორმაციას. ამასთან, სასადილოს ესაჭიროებოდა წვენის გასაციებელი, ჩაის გამოსახდელი.
13. 2014 წლის 22 მაისის N103 აქტით სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ერთ საყინულე მაცივარში ინახებოდა გაყინული ხორცი, კარაქი, სპრედი და სამარხვო კარაქი (დაჩა). საყინულე მაცივარში დაფიქსირდა 204 კგ. გაყინული თევზი სტავრიდა, რომელზედაც ფირმის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
14. 2014 წლის 16 მაისის N98 აქტით მექანიზებული ბრიგადის №2 სასადილოს საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა 2065,78 კგ. კარაქი, რომელიც დაფასოებული იყო ყუთებში; ხუთ ყუთზე (20 კგ-იანი) მითითებული ეტიკეტის მიხედვით, დამამზადებელი იყო შპს ,,ვ-...’’, ცხიმიანობა - 82% და ა.შ. ხოლო, მუყაოს ყუთს ეწერა ,,S-...’’, რძის ცხიმის შემცვლელი, ცხიმიანობა 99,7%, 86 ყუთი (1720 კგ) ,,კარაქის’’ ეტიკეტზე მითითებული იყო შპს ,,ვ-ს’’ მიერ, ცხიმიანობა - 82% და ა.შ. კარაქის დანარჩენი რაოდენობა (245,78) მოთავსებული იყო 17 მუყაოს ყუთში (სხვადასხვა ზომის, ზოგიერთი სხვადასხვა წონისაა); როგორც ჩანს, გამოყენებული იყო მეორადი ყუთები. აღნიშნულ „კარაქზე“ შპს ,,ქ -ს’’ წარმოდგენილი ჰქონდა წერილი, რომ კარაქში ცხიმიანობა ნაცვლად 82%-ისა, იყო 61%; საწყობში ასევე დაფიქსირდა ადგილობრივი საქონლის და ღორის ხორცი მეორად ყუთებში, გაყინულ მდგომარეობაში, რომელიც გამოიყენებოდა ამერიკული სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის. სასადილო შენობა იყო სარემონტო, სამრეცხაოში ცხელ საამქროში, ხორცის დასამუშავებელ ოთახში ჩამოცვენილი იყო კაფელი, ასევე, დაზიანებული იყო იატაკის მთლიანობა. სასადილოს ესაჭიროებოდა 20-დან 100 ლიტრამდე ტევადობის ქვაბები, კონტეინერები, ხორცისა და თევზის დასამუშავებლად ტეფლონის ზედაპირიანი მაგიდები (გამოიყენებოდა ხის კუნძები, რომლებიც ამოღებული უნდა ყოფილიყო ხმარებიდან).
15. 2014 წლის 16 მაისის N97 აქტით პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-... სასადილოს შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ მომრავლებული იყო მწერები (ტარაკანა, ჭიანჭველა); მომსახურე პერსონალს არ გააჩნდა სამედიცინო წიგნაკები; პურ-კარაქის დასამუშავებელ ოთახში და ჭურჭლის სამრეცხაოში კედლებიდან აყრილი იყო მოსაპირკეთებელი ფილები; სასადილოს ესაჭიროებოდა ცხელი და ცივი სასმელების ჩამოსასხმელი აპარატი.
16. 2014 წლის 30 მაისის N108 აქტით შეიარაღების საბრძოლო მასალების და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის მე-4 განყოფილების სასადილოს შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ ეცვა შესაბამისი უნიფორმა, არ ჰქონდა სამედიცინო ცნობა; სასადილოში მომრავლებული იყო მწერები (ბუზი).
17. მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველმა 2014 წლის 24 ივლისის №911-33, №911-11, №911-16, №911-17, №911-24, №911-40, №911-34, №911-18, №911-48, №911-52, №911-53, №911-51, №911-55 აქტებით ერთდროულად დაარიცხა პირგასამტეხლო, ჯამში 130 000 ლარის ოდენობით, თითოეული დარღვევისათვის 10 000-10 000 ლარი.
18. შემსყიდველმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 130 000 ლარის გადახდის დაკისრება.
19. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების პირობების დარღვევად, ვინაიდან აქტებით განსაზღვრული გარემოებები არის უსაფუძვლო და არ არის არგუმენტირებული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს შესრულება სრულად აქვს მიღებული, მას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 65 000 ლარის გადახდა.
21. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაესკისრა 8000 ლარის გადახდა.
23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-18 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ზოგიერთი ობიექტი შემოწმდა რამდენჯერმე (მაგალითად, პირველი საარტილერიო ბრიგადის ს/ნ 0-... სასადილო შემოწმებულია სამჯერ: 2014 წლის 16 იანვარს, 2014 წლის 8 აპრილს და 2014 წლის 16 მაისს), თუმცა სხვადასხვა დროს გამოვლენილ და ზოგჯერ ერთგვაროვან დარღვევებზე სამინისტრომ რეაგირება მოახდინა 2014 წლის 24 ივლისს.
24. ვინაიდან მხარეთა შორის სადავო იყო აქტებში მითითებული დარღვევები, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია თითოეული აქტის განხილვა-შეფასება ცალ-ცალკე.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით, „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილებით, „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით და დაასკვნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საქმეში არსებული შემოწმების აქტებით (N2, N12, N26, N98, N97, N108 აქტები) დგინდებოდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული დადგენილებებისა და ბრძანების, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, ხოლო რიგ შემთხვევებში (N54, N55, N13, N69, N103 აქტებით), სასამართლომ დარღვევები დადგენილად არ მიიჩნია. საბოლოოდ, სასამართლომ აქტებში დაფიქსირებული დარღვევების, მათი სიმძიმის, სიხშირის, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით გონივრულ ოდენობად მიიჩნია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს, 8000 ლარის დაკისრება.
26. სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებების პირობის დარღვევად არ შეაფასა შემოწმების აქტებში ასახული ინფორმაცია, რომ შპს „ვ-ს“ მიერ წარმოებული და ქარხნულად შეფუთული პროდუქტი (კარაქი), ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით, მოთავსებული იყო ,,S-...’’-ს მუყაოს ყუთებში და, ბუნებრივია, კარაქის ყუთებზე მითითებული ინფორმაცია განსხვავდებოდა მუყაოს ყუთებზე მითითებულ ინფორმაციისგან; ასევე, სასადილოს საწყობში აღმოჩენილი ხილფაფა, წარმოებული შპს ,,გ -ს’’ მიერ მოთავსებული იყო მუყაოს ყუთებში წარწერით ,,R-...’’. სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სასადილოს საწყობში აღმოჩენილი ჯემისა და კარაქის ეტიკეტებზე არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთებზე მითითებულ ინფორმაციას, ვერ გახდებოდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი მუყაოს ყუთებში მოთავსებული იყო ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით და ისინი შეფუთული იყო სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დაცვით.
27. ეტიკეტირების წესების დარღვევად არ იქნა შეფასებული ასევე ლობიოს ტომრებზე ეტიკეტის მიმაგრება სტეპლერითა და წებოვანი ლენტით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეტიკეტის ამ წესით მიმაგრება სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ იგი ადვილად არ მოსცილდეს შეფუთულ ერთეულს, რაც შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების მე-3 მუხლთან.
28. ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებად სასამართლომ ასევე არ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ სასადილოს საწყობის საყინულე კონტეინერ მაცივარში გაყინული ხორცი, კარაქი და თევზი ინახებოდა ერთად. ამასთან, სასადილოში არ იყო შესაბამისობის სერთიფიკატი თევზზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთი სერთიფიკატის კონკრეტულ სასადილოში არსებობას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. სერთიფიკატი კომპანიას წარდგენილი ჰქონდა როგორც სამინისტროს შესაბამის სამსახურში, ასევე სასამართლოში. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის სამზარეულოს ინვენტარი (მაგ. მაცივარ-დანადგარები), რის გამოც კარაქი, ხორცი და თევზი ინახებოდა საყინულე კონტეინერში ერთად, არ მიუთითებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევაზე, ვინაიდან სამზარეულოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც გამორიცხავდა ამ საფუძვლით მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამავე საფუძვლით სასამართლომ დარღვევად არ მიიჩნია აქტებში ასახული ის გარემოებაც, რომ სასადილოს ესაჭიროებოდა ცხელი და ცივი სასმელების ჩამოსასხმელი აპარატი.
29. რაც შეეხება აქტში მითითებულ გარემოებას, რომ მომსახურე პერსონალს არ გააჩნდა სამედიცინო წიგნაკები, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დათქმას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, სასამართლომ აღნიშნული დარღვევად არ შეაფასა.
30. სპეციალური უნიფორმის მოხმარების ვალდებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე კომპანიას აღნიშნული ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების მე-14 მუხლის საფუძველზე არ წარმოშობია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება განსაკუთრებული ხასიათის მომსახურებას (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას), სასადილოს პერსონალის (მზარეული და სხვ.) მიერ სპეციალური ფორმის (მათ შორის ხელთათმანების, თავსაბურავის და ფეხსაცმლის) ტარების ვალდებულება ურთიერთობის კეთილსინდისიერებიდან, დამკვეთის ინტერესების პატივისცემიდან და საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებიდან გამომდინარეობდა, რისი მოლოდინიც მოსარჩელეს სამართლიანად გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასადილო პერსონალის მიერ სპეციალური ფორმის არქონით, მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ურთიერთობებში სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მეორე მხარის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პატივისცემით მოპყრობის ვალდებულება.
31. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ხელშეკრულების პირობების დარღვევად შეაფასა სასამართლომ შემოწმების აქტებში მითითებული შემდეგი გარემოებები: სასადილო შენობა სარემონტოა; სამრეცხაოში, ცხელ საამქროში, ხორცის დასამუშავებელ ოთახში ჩამოცვენილია კაფელი, დაზიანებულია იატაკის მთლიანობა, სადაც რეცხვის დროს დგება წყალი და ქმნის ანტისანიტარიას; სასადილო დარბაზში და სამზარეულოში დაფრინავენ ჩიტები, მომრავლებულია მწერები (ბუზები, ტარაკანა, ჭიანჭველა); სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია (ჩიტებისაგან) და საჭიროებს დასუფთავებას; კონტეინერი მაცივარი, სადაც ინახება ხორცეული განთავსებულია სასადილოს შენობის მიმდებარედ საკანალიზაციო ჭასთან ახლოს (კონტეინერის კარებსა და საკანალიზაციო ჭას შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრია). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებისა და „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების პირობების დარღვევას, რაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, თუმცა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება შესაძლებელი იყო დადგენილი დარღვევის სიხშირის, მოპასუხის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით.
32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
33. პირველი კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
33.1. შემოწმების აქტებით განსაზღვრული გარემოებები არის უსაფუძვლო, ვინაიდან მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები;
33.2. პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას და არა სადამსჯელო ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზები, რამლებიც სასამართლომ მიიჩნია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად, მოსარჩელისათვის ზიანის მომტანი არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხისაგან შესრულება მიიღო და მხოლოდ 4-5 თვის შემდეგ შეატყობინა მიმწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების არსებობის თაობაზე, მაშინ, როდესაც სახელშეკრულებო კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე მას შეეძლო აღმოჩენისთანავე შეეტყობინებინა კომპანიისათვის აღნიშნული და მოეთხოვა ჯეროვანი შესრულება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გამოვლენილი ხარვეზები მოსარჩელისათვის არ იყო მნიშვნელოვანი;
33.3. მოპასუხე კომპანია ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, არის გადახდისუუნარო და მას არც რაიმე შემოსავალი გააჩნია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ნებისმიერი ოდენობით დაკისრება მას უქმნის კაბალურ მდგომარეობას.
34. მეორე კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
34.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო 65 000 ლარიდან 8000 ლარამდე და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებისას სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაჯარიმების აქტით გამოთვლილი პირგასამტეხლო შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას;
34.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია ეტიკეტირების წესების დარღვევად ლობიოს ტომრებზე ეტიკეტის წებოვანი ლენტით მიმაგრება, ასევე შპს „გ-ს“ მიერ წარმოებული ხილფაფის „R-...“-ის მუყაოს ყუთებში მოთავსება, ისევე როგორც შპს „ვ-ს“ მიერ წარმოებული და ქარხნულად შეფუთული კარაქის, ,,S-...’’-ს მუყაოს ყუთში მოთავსება. კასატორის განცხადებით, აღნიშნული არ აძლევს მომხმარებელს სრულყოფილ და უტყუარ ინფორმაციას პროდუქტის შემადგენლობაზე, მწარმოებელზე და ართმევს მას არჩევანის საშუალებას;
34.3. სასამართლომ ასევე არასწორად არ მიიჩნია ხელშეკრულებების პირობების დარღვევად აქტებში ასახული გარემოებები, რომლის მიხედვითაც, ერთ საყინულე კონტეინერში ერთად ინახებოდა ხორცი, კარაქი და თევზი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ქმნიდა „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტოვებული წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის დადგენილების შესაბამისად მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩნებით მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
40. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
41. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია და, შესაბამისად, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
42. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).
43. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით 15.1. პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ კომპანიამ მომსახურების გაწევისას დაარღვია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები (იხ. წინამდებარე განჩინების 31-ე პუნქტი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გახდა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა კი, გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
44. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და კანონიერად შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა.
45. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
46. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
47. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე, 8000 ლარამდე შემცირების საფუძველი.
49. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
50. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №საქმე №ას-1244-1164-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქართული კვების კომპანიის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. კასატორს შპს „ქ-ს“ (ს/ნ: 4-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 27 მარტს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი 400 (ოთხასი) ლარის 70% – 280 (ორას ოთხმოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე