Facebook Twitter

№ ას-384-358-2017 30 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ხ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2008 წლის 15 აპრილს სს „თ-სა“ (შემდგომში „კრედიტორი“, „ბანკი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ც. ხ-ეს (შემდგომში „მოვალე“ ან „მოპასუხე“) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N8-..., რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2 900 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 147.26 ლარით, რომელიც მოიცავდა როგორც სესხის ძირ თანხას, ისე მასზე დარიცხულ სარგებელს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 20 აპრილამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. 2008 წლის 20 მაისს მოვალემ კრედიტორის სასარგებლოდ გადაიხადა 148 ლარი (გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - შემოსავლები განვადების თანხის დასაფარად); 2008 წლის 25 ივნისს - 182 ლარი (გადახდის დანიშნულება - შენატანები სესხის დასაფარად), 2008 წლის 25 ივლისს - 148 ლარი (გადახდის დანიშულება - შენატანები სესხის დასაფარად); 2008 წლის 5 სექტემბერს - 203 ლარი (გადახდის დანიშნულება - შემოსავლები განვადების თანხის დასაფარად); 2011 წლის 1 აგვისტოს - 2300 ლარი (გადახდის დანიშნულება - შემოსავლები სესხის დასაფარად); 2011 წლის 15 აგვისტოს - 280 ლარი (გადახდის დანიშნულება - შემოსავლები სესხის დასაფარად).

3. 2012 წლის 24 თებერვალს, 2012 წლის 24 მარტს, 2012 წლის 26 აპრილს, 2012 წლის 30 მაისს, 2012 წლის 27 ივნისს, 2012 წლის 31 ივლისს, 2012 წლის 29 აგვისტოს, 2012 წლის 25 სექტემბერს, 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2012 წლის 27 დეკემბერს მოვალის მიერ TBC Pay-ს ტერმინალის მეშვეობით საკუთარ მიმდინარე ანგარიშზე ხდებოდა თანხის შეტანა 10-10 ლარის ოდენობით, თუმცა გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული თანხის შეტანის მიზანი.

4. 2008 წლის 15 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 2000 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1476.94 ლარი, პროცენტი - 150,55 ლარი და ჯარიმა - 372,51 ლარი.

5. 2015 წლის 22 დეკემბერს კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოვალის მიმართ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე თანხის - 2000 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 1475.94 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 150.55 ლარი და ჯარიმა -372.51 ლარი), ასევე დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2015 წლის 12 ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1476.94 ლარზე წლიური 27.61%-ის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ბანკის წინაშე ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ამასთან, არც რაიმე გაფრთხილება მიუღია მოსარჩელისაგან დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის შესახებ. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1664.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირ თანხად განისაზღვრა 1476.94 ლარი, პროცენტი - 150.55 ლარი და ჯარიმა - 37.25 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2015 წლის 12 ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1476.94 ლარზე წლიური 27.61% სარგებლის გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და დაასკვნა, რომ აღნიშნული გარემოება უფლებას აძლევდა მოპასუხეს უარი განეცხადებინა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე.

11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ მოპასუხის მიერ TBC Pay-ს ტერმინალის მეშვეობით საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის არცერთ შემთხვევაში მითითებული არ არის ანგარიშზე თანხის შეტანის მიზანი. ამდენად, მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშზე მარტოოდენ თანხის განთავსება და შემდგომში კრედიტორის მიერ თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა იმგვარი ნების გამოვლენის გარეშე, რომ ანგარიშზე თანხის შეტანით მისი მფლობელის სურვილს/მიზანს 2008 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობად.

12. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ სადავო პერიოდში ბანკის მიმართ მხოლოდ სესხის ძირი თანხის სახით მოპასუხის დავალიანება 1 476.94 ლარია, რასაც შესასრულებელი ვალდებულების სახით მასზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა ემატება, არალოგიკური და არაგონივრულია, რომ ვალდებული პირის მიზანს ყოველთვიურად ანგარიშზე 10 ლარის შეტანით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს ვალდებული პირის გაცნობიერებულ ქმედებას ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებიდან, როგორიცაა მაგალითად, ავანსის, პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. აღნიშნული მუხლი ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ იძლევა. მაგალითისათვის, ასეთი შეიძლება იყოს მოვალის მიმართვა კრედიტორისათვის შესრულების გადავადების თხოვნით (უგზავნის წერილს და პირდება ვალდებულების შესრულებას) ან მოთხოვნის ნაწილის შესრულება და სხვ. მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. მაგალითისათვის, მოვალის წერილი კრედიტორის მიმართ იმის თაობაზე, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დავალიანება კრედიტორის მიმართ, თუმცა, არ აპირებს შესრულებას ხანდაზმულობის საფუძვლით, არ შეიძლება განხილულ იქნეს ისეთ ქმედებად, რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკის მიმართ მნიშვნელოვანი დავალიანების არსებობის პირობებში მოვალის მიერ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 10 ლარის შეტანა და ბანკის მიერ უაქცეპტო წესით ანგარიშიდან აღნიშნული თანხის ჩამოჭრა არ შეიძლება მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ იქნეს მიჩნეული, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს მოვალის ნებელობით ქმედებას, გამოხატულსა და მიმართულს ვალდებულების დაფარვისაკენ.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „სხვაგვარი აღიარება“ მხოლოდ ამავე კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებას არ გულისხმობს. დასაშვებია აღიარება გამოხატულ იქნეს კონკლუდენტური მოქმედებითაც ან ნებისმიერი „სხვაგვარი აღიარების“ გზით. თუმცა, იმისათვის, რომ აღიარება სამართლებრივი შედეგების წარმომშობ ქმედებად იქნეს მიჩნეული (საუბარია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე), აუცილებელია, რომ ნების გამომხატველი გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებდეს. ამიტომაცაა, რომ ამ თვალსაზრისით, ბანკის მიერ თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა, არ წარმოადგენს ისეთ „სხვაგვარ აღიარებას“, რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მოვალის მიერ სესხის დაფარვა ხორციელდებოდა შემდეგნაირად: მსესხებელი მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანდა თანხას, რომელსაც შემდგომში ბანკი კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე - უაქცეპტოდ ჩამოჭრიდა სესხის დასაფარად. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ 2012 წლის გადახდებისას მითითებული არ არის ანგარიშზე თანხის შეტანის დანიშნულება, რაც ტერმინალით თანხის გადახდისას შეუძლებელია, არაფერს ნიშნავს, რადგან როდესაც ვადაგადაცილებული ვალდებულება არსებობს და მსესხებლის ანგარიშზე თანხა ხვდება, ის, რა თქმა უნდა, მიემართება სესხის დასაფარად და აღნიშნული უთანაბრდება კლიენტის მიერ ნების გამოვლენას.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. კასატორის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

24. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).

25. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე“ (იხ. სუსგ საქმე №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსარკვევად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო“ (იხ. სუსგ საქმე №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).

28. ამრიგად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-988-1021-2011, 15 ნოემბერი, 2011 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). კასატორი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე მიუთითებს და აღნიშნულ გარემოებას იმ ფაქტებზე მითითებით ასაბუთებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ სესხის დაფარვის იმგვარ წესზე, რაც ბანკს აძლევდა შესაძლებლობას კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე - უაქცეპტოდ ჩამოეჭრა სესხის დასაფარად ანგარიშზე შეტანილი თანხა მიუხედავად თანხის შეტანის დანიშნულებისა. ხოლო ვინაიდან ბოლო შესატანი მოვალემ განახორციელა 2012 წლის 27 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 22 დეკემბერს, კრედიტორის მიერ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

30. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, უპირველესად ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 15 აპრილს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2011 წლის 20 აპრილს. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 147.26 ლარს.

31. სადავო არ არის, რომ 2008 წლის მაისიდან 2011 წლის აგვისტოს ჩათვლით მოპასუხე ასრულებდა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ხოლო 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით იგი TBC Pay-ს ტერმინალის მეშვეობით საკუთარ მიმდინარე ანგარიშზე რიცხავდა თანხას 10-10 ლარის ოდენობით, რომელიც უაქცეპტო წესით იჭრებოდა კრედიტორის მიერ.

32. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ ის გარემოება, მოვალის მიერ ყოველთვიურად საბანკო ანგარიშზე 10 ლარის განთავსება მიჩნეული უნდა იქნეს თუ არა კრედიტორის წინაშე სასესხო ვალდებულების შესრულებად (მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებად), რაც, კასატორის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

34. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოვალეს ბანკის მიმართ გააჩნდა მნიშვნელოვანი დავალიანება (მხოლოდ სესხის ძრითადი თანხის სახით მას დასაფარი ჰქონდა 1476.94 ლარი), ხოლო მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად შეჰქონდა თანხა მხოლოდ 10 ლარის ოდენობით, აღნიშნული არ წარმოადგენს ვალდებულების დაფარვისაკენ მიმართულ მოვალის ნებელობით ქმედებას. შესაბამისად, აღნიშნული გადახდები და ბანკის მიერ ამ თანხის უაქცეპტო წესით ანგარიშიდან ჩამოჭრა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოვალის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების „სხვაგვარ აღიარებად“, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა საკრედიტო დავალიანების შესახებ ბანკის მიერ მოვალისათვის შეტყობინების გაგზავნის ან/და მხარეთა შორის აღნიშნული დავალიანების განაწილვადების თაობაზე რაიმე სახის შეთანხმების არსებობის ფაქტი, ასევე სახეზეა თანხის (10-10 ლარის) ანგარიშზე განთავსებისას გადახდის დანიშნულების მიუთითებლობაც. ეს გარემოებები კი, ერთობლიობაში ასევე იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ არ დგინდება მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვა.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ამრიგად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „თ-ს“ (ს/ნ: 2-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 24 აპრილს №6510 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე