Facebook Twitter

საქმე №ას-409-382-2017 19 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2011 წლის 17 დეკემბრის №2011-175, 2011 წლის 19 დეკემბრის №2011-178 და 2011-179 საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ე-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დამზღვევი“) მსესხებელზე - გ. ა-ეზე (შემდგომში - „მსესხებელი“) სესხის გაცემის ვალდებულება იკისრა, ჯამში 33 000 აშშ დოლარის ოდენობით. სანაცვლოდ, მოვალის მხრიდან უნდა მომხდარიყო სამი ავტომობილის (L-...) დალომბარდება.

2. მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული სასესხო ხელშეკრულებები უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და სს „ა-ას“ (შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე, შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „მზღვეველი“ ან „სადაზღვევო კომპანია“) შორის დადებული საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულებით №CII/12-0001.

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 18 იანვარს დაიდო „ლომბარდული სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, 2011 წლის 10 ოქტომბერს - „საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება N11-0001 და 2012 წლის 11 აპრილს - „საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება N12-0001. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე დამზღვევის, როგორც სესხის გამცემი ორგანიზაციის, საკრედიტო რისკების დაზღვევა განხორციელდა.

4. 2012 წლის 17 მარტს მოსარჩელემ NC-... სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის სამი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რაც დაკმაყოფილდა და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი N-..., 2012 წლის 17 მარტიდან 2012 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება NCII/12-0001 2012 წლის 11 სექტემბერს შეწყდა.

6. 2015 წლის 17 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის - 33 000 აშშ დოლარის დაკისრება.

7. მოსარჩელის განმარტებით:

7.1. მოსარჩელე კომპანია ფიზიკურ პირებზე გასცემდა კრედიტებს და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოვალე ფიზიკურ პირთა ავტომანქანები რეგისტრირდებოდა მოსარჩელე კომპანიის სახელზე, თუმცა ავტომანქანის მფლობელი (მოვალე) იტოვებდა ავტომანქანით სარგებლობის უფლებას. მოსარჩელის საკუთრებაში ავტომანქანები რეგისტრირებული რჩებოდა იქამდე, ვიდრე მოვალე კრედიტს სრულად არ დაფარავდა;

7.2. 2012 წლის 11 აპრილს მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულება უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიმართ მოვალე ფიზიკური პირების საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას;

7.3. მოსარჩელე კომპანიამ მსესხებელზე გასცა სამი კრედიტი: 2011 წლის 19 დეკემბერს - 11 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N2011-178) და 7 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N2011-179), ხოლო 2011 წლის 17 დეკემბერს - 15 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N2011-175). სანაცვლოდ, მსესხებელმა სამი ავტომანქანა: L-... დაალომბარდა. ავტომანქანები დროებით დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე, მაგრამ დარჩა მსესხებლის მფლობელობაში;

7.4. მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არც ავტომანქანები დაუბრუნა მესაკუთრეს, ამასთან, იგი საერთოდ გაუჩინარდა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა ძველი თბილისის სამმართველოს;

7.5. აღნიშნული ფაქტის გამო, მოსარჩელემ ვერ დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნა ავტომანქანების რეალიზაციის გზით, რის შედეგად მას მიადგა მატერიალური ზიანი და დადგა „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ყველა პირობა (სადაზღვევო შემთხვევა);

7.6. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ავტომანქანების გაუჩინარებით გამოწვეული პრობლემის წარმოშობისთანავე, მოსარჩელემ კომუნიკაცია დაიწყო მოპასუხესთან სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ელექტრონული მიმოწერითა და სატელეფონო საუბრებით. თავდაპირველად მოპასუხემ მზაობა გამოხატა ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა მოგვიანებით უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

8.1. მართალია, მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სადაზღვევო პოლისები: №-... შეთანხმებული რისკების შეთანხმებული პირობებით დაზღვევის მიზნით, მაგრამ არა ნებისმიერ რისკზე და უპირობოდ. ამავე დროს, დაზღვევას გააჩნდა ლიმიტები;

8.2. 2012 წლის 27 და 30 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რომ იანვრის თვეში მსესხებელმა სამივე სესხთან დაკავშირებით დაარღვია სესხის ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს შეთანხმებულ 2-დღიან ვადაში აუნაზღაურა;

8.3. ამის შემდეგ, სადავო პოლისებით განსაზღვრულ სადაზღვევო ვადაში მოსარჩელეს არ მიუმართავს სადაზღვევო კომპანიისთვის სესხის უზრუნველმყოფი ავტომანქანების გაუჩინარების ან მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების მორიგი დარღვევის თაობაზე. პირიქით, 2012 წლის 17 მარტს მოსარჩელემ ითხოვა სამიდან ერთ-ერთი სასესხო ხელშეკრულების დაზღვევის ვადის გაგრძელება სამი თვით, რის საფუძველზეც გაიცა პოლისი N-..., 2012 წლის 17 მარტიდან 2012 წლის 17 ივნისის ვადით, ხოლო სხვა პოლისების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა;

8.4. მოსარჩელის მიერ ვადაში არ დაფიქსირებულა სადაზღვევო შემთხვევა - ავტომანქანების გაუჩინარება, მეტიც, გენერალური სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ლიმიტი, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ანაზღაურებას შეიძლება დაქვემდებარებოდა ავტომობილის გატაცების ან განადგურების მხოლოდ ერთი შემთხვევა (2.4 პუნქტი), ისიც მაქსიმუმ სალიკვიდაციო ღირებულების 50%-ის ოდენობით (2.3.4.1. პუნქტი);

8.5. მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაცემული თანხების მოცულობა შეადგენს 17360,07 აშშ დოლარს;

8.6. მოსარჩელემ სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა თანხის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკარგულია ყველა მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელად დაეკისრა 33 000 აშშ დოლარი.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 17 360 აშშ დოლარი.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2011 წლის 17 დეკემბერს (№2011-175) და 2011 წლის 19 დეკემბერს (№2011-178 და №2011-179) გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელზე სესხის სახით გაცემული თანხა 17 360 აშშ დოლარს შეადგენდა.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მსესხებელზე 2011 წლის 19 დეკემბერს - 11 000 აშშ დოლარი და 7000 აშშ დოლარი (ხელშეკრულებები №2011-178 და №2011-179), ხოლო 2011 წლის 17 დეკემბერს - 15 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება №2011-175) გასცა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების საპირისპიროდ, საქმეში წარდგენილი იყო ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული იყო შემდეგი ოდენობის თანხები: №1816311- 6 150 ლარი, №1816310 – 9600 ლარი და №1816304 - 13000 ლარი.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არსებობა თავისთავად არ ადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მსესხებელზე გადაცემის ფაქტს და სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მსესხებელზე გადაცემა სათანადო მტკიცებულებებით/კონკლუდენტური მოქმედებით უნდა დადასტურებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ მსესხებელზე №2011-178, №2011-179 და №2011-175 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების, ჯამში - 33000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, მოპასუხის პროცესუალური ტვირთი იყო ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, თუმცა, მოსარჩელემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

15. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია მსესხებელზე მხოლოდ 28750 (6150+9600+13000) ლარის გადაცემის ფაქტი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2011 წლის 20 დეკემბრის ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის (1 USD = 1,6561 GEL) გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა 17 360 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ „საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სწორედ აღნიშნულ ფარგლებში წარმოეშვა.

16. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე 2012 წლის 27 იანვარსა და 2012 წლის 30 იანვარს გაგზავნილი წერილებით დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე შეტყობინების ფაქტი.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 812-ე მუხლით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-657-624-2014 განჩინების საფუძველზე განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მზღვეველის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძვლად მოიაზრებს მხოლოდ იმგვარი გარემოების მიმართ შეტყობინების ვალდებულების დარღვევას (არასწორი ინფორმაციის მიწოდებას), რომელმაც გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. ამ შემთხვევაში საუბარია არა 808-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ არსებით გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე ან მის შინაარსზე, არამედ მხოლოდ იმ სახის გარემოებაზე, რომელმაც გავლენა მოახდინა თავად სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2012 წლის 27 იანვრისა და 2012 წლის 30 იანვრის წერილები განმარტებული იქნებოდა იმგვარად, რომ ისინი არ შეიცავენ ავტომანქანების გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციას, აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობისაგან მზღვეველის გათავისუფლების წინაპირობა, ვინაიდან გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე.

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. არ არის სწორი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოსდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების განხორციელების ფაქტი მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე 2012 წლის 27 იანვარსა და 2012 წლის 30 იანვარს გაგზავნილი წერილებით დასტურდება. აღნიშნული წერილები სასამართლომ არასწორად მიიჩნია ავტომანქანათა გაუჩინარების შესახებ შეტყობინებებად;

20.2. ზემოაღნიშნული წერილებით მოსარჩელემ მოპასუხეს პოლისების მოქმედების ვადებში ნამდვილად აცნობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, თუმცა მათი ტექსტი არ შეიცავს მითითებას ავტომანქანათა გაუჩინარების/დაკარგვის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევად მოიაზრება სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედი „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ 2011 წლის 10 ოქტომბრის NCII/11–0001 გენერალური ხელშეკრულების 5.1 – 5.1.4 პუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ პირველი ტრანშის მოთხოვნისა და ანაზღაურების მიღების უფლება, რაშიც იმავე ხელშეკრულების 5.1.1., 5.1.3 პუნქტების მიხედვით შედის მხოლოდ ყოველთვიურად გადასახდელი და გადახდის 5 კალენდარულ დღეზე მეტად ვადაგადაცილებული „სესხის საპროცენტო ან/და ძირითადი თანხა“;

20.3. შესაბამისად, აღნიშნული შინაარსის შეტყობინებების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევამ მოიცვა არა მთლიანი სესხისა და სესხის პროცენტის თანხა, არამედ - მხოლოდ პირველ ტრანშად განსაზღვრული და ანაზღაურებას დაქვემდებარებული ნაწილი, რომელიც ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტით დადგენილ 2-დღიან ვადაში 2012 წლის 1 თებერვლის N1280 საგადასახადო დავალებით თანხაზე 1835.90 ლარი, 2012 წლის 1 თებერვლის N1281 საგადასახადო დავალებით თანხაზე 1168.30 ლარი, 2012 წლის 3 თებერვლის N1419 საგადასახადო დავალებით თანხაზე 2503.50 ლარი, მზღვეველისგან ჩაერიცხა დამზღვევს. გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებულია: „სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი NC-..., აქტი NCII/B3–11–0001–0178(1.1) გ. ა-ე“, „სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი NCII/11–0001–0179, აქტი NCII/B3–11–0001–0179(1.1) გ. ა-ე“, „სადაზღვევო ანაზღაურება პოლისი NC-..., აქტი NCII/B3–11–0001–0178(1.1) გ. ა-ე“;

20.4. ზემოაღნიშნული გადახდები სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის შეტყობინებების ტექსტში ასახული სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე შესაბამისი პროპორციის თანხის მიღებას (2012 წლის 1–3 თებერვალი) დაეთანხმა რა მოსარჩელე, მას, როგორც დამზღვევს, ხელშეკრულების 5.2.1., 5.3.1., 5.4.1. პუნქტების პირობათა შესაბამისად, ყოველი მომდევნო ტრანშის ანაზღაურების მოთხოვნაზე სხვა სახის შეტყობინება სხვა დროს, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მომდევნო კალენდარული თვეების მე–2, მე–3, მე–4 ტრანშის სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადით მიმართვა, შეტყობინება მზღვეველისთვის არ გაუგზავნია;

20.5. ხელშეკრულების აღნიშნულ პირობათა მიხედვით კი, რაც არსებითი ხასიათის შეთანხმებაა, მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევას ანაზღაურებს არა თავისი ინიციატივით, არამედ მხოლოდ დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების 5.1.1., 5.2.1., 5.3.1., 5.4.1. პირობათა შესრულების შემთხვევაში;

20.6. ცხადია, თუ დამზღვევი 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის შეტყობინებებში მოიაზრებდა ავტომანქანების გაუჩინარება/დაკარგვის შედეგად დამდგარ სადაზღვევო შემთხვევას და სრულად ითხოვდა შესაბამის ანაზღაურებას, იმის გათვალისწინებით, რომ მას 2012 წლის 1–3 თებერვალს ჩაერიცხა მხოლოდ პირველი ტრანშის სადაზღვევო ანაზღაურება, ის ამ ჩარიცხვით არ დაკმაყოფილდებოდა და მოითხოვდა სადაზღვევო შემთხვევის სრულად დაფარვას, რასაც 2012 წლის 1–3 თებერვლიდან (ანაზღაურებიდან) 2015 წლის 17 მარტამდე, სარჩელის შეტანამდე და სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ადგილი არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაში სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება 2012 წლის 1–3 თებერვლის შემდგომი პერიოდიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულია რა ხანდაზმულობის ვადა, ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

20.7. აღნიშნული გარემოებაც მიუთითებს იმაზე, რომ დამზღვევის შეტყობინებებში ადგილი აქვს ზუსტად იმ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნას, რაც სიტყვა–სიტყვით ასახულია შეტყობინებების ტექსტში, კერძოდ, დამზღვევმა მოითხოვა „სესხის გრაფიკის დარღვევაზე“ სადაზღვევო ანაზღაურება, რაც პირველი ტრანშით განსაზღვრული თანხაა და, რასაც სააპელაციო სასამართლოს განმარტება არ სჭირდება, ვინაიდან შეტყობინებაში მოთხოვნის შინაარსი სრულიად მკაფიოდ და არაბუნდოვნად აქვს გადმოცემული თვითონ შეტყობინების ავტორს – მოსარჩელეს;

20.8. არ არის სწორი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოსდა 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის შეტყობინებებში ავტომანქანების გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაშიც, აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა მზღვეველის გათავისუფლების წინაპირობა, ვინაიდან „გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეულ იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე“;

20.9. მართალია, სასამართლო თავის ამ დასკვნას აფუძნებს სამოქალაქო კოდექსის 812–ე მუხლის დათქმაზე, მაგრამ მას მხედველობის მიღმა რჩება, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მზღვეველის პასუხისმგებლობას მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების მოშლის თარიღია 2012 წლის 11 სექტემბერი, ხოლო, თუ როდის მოხდა მანქანების გაუჩინარება/დაკარგვა და დადგა სადაზღვევო შემთხვევა ან როდის გახდა ეს გარემოება დამზღვევისთვის ცნობილი, რომლის დადგენასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კოდექსის 812–ე მუხლის მიზნებისათვის, ეს თარიღი დამზღვევს მზღვეველისთვის ხელშეკრულების პირობის შესაბამისად შეტყობინების გაგზავნით არ უცნობებია და ეს ფაქტობრივი გარემოება არც სასამართლოს მხრიდან არის გამოკვლეული და დადგენილი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 812–ე მუხლზე მითითება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა, მით უფრო, როცა სასამართლოს დასკვნა ეხება იმ საკითხის შეფასებას, შეტყობინების გაგზავნა/გაუგზავნელობამ გავლენა მოახდინა თუ არა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე;

20.10. ცხადია, თუ დამზღვევი მზღვეველს ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით არ შეატყობინებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომას, რაც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო მანქანის დაკარგვა, მზღვეველი ვერ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ვინაიდან ხელშეკრულების პირობათა მიხედვით, მზღვეველის მხრიდან მოვალეობების შესრულება დამოკიდებულია ასევე მისთვის მინიჭებული უფლებების განხორციელებაზე, რაშიც მოიაზრება წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევისა და მოთხოვნის დაზუსტება-გადამოწმების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გარემოება გავლენას ახდენს მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე;

20.11. აღნიშნულის გარდა, სასამართლოს მხრიდან ყურადღების მიღმაა დატოვებული, რომ 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის შეტყობინებების გაგზავნის პერიოდში მოქმედი „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ 2011 წლის 10 ოქტომბრის NCII/11–0001 გენერალური ხელშეკრულება (10.10.2011წ – 11.04.2012წ) არ ითვალისწინებდა ავტომანქანის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურებას და ასეთი პირობა მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული საერთოდ არ არის;

20.12. მართალია, ამ ხელშეკრულების შემდგომ ამოქმედებული „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ 2012 წლის 12 აპრილის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დატვირთული მოძრავი ნივთის დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურების წესი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, ჯერ ერთი: ასეთი წესი მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა 2012 წლის 11 აპრილიდან მოქმედი ხელშეკრულებით, რაც 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის შეტყობინებების დროს არ მოქმედებდა; მეორე, 2012 წლის 12 აპრილის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განსაზღვრულია ავტომანქანის დაკარგვისას მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევის ანაზღაურება სესხის ძირითადი თანხის მოცულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ სასამართლო დამზღვევის შეტყობინებებს და დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს მიიჩნევდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, ასეთ შემთხვევაში მზღვეველის პასუხისმგებლობა შეიძლებოდა განსაზღვრულიყო მხოლოდ ერთ ავტომანქანაზე სესხის ძირითადი თანხის დაკისრებით;

20.13. სააპელაციო სასამართლომ მხედველობის გარეშე დატოვა, რომ ავტომანქანათა გაუჩინარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა დამზღვევის მიერ პოლისების მოქმედების ვადებში, კერძოდ, 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 19 მარტამდე NC-... და NC-... პოლისების, ხოლო 2011 წლის 19 დეკემბრიდან 2012 წლის 17 ივნისამდე NC-... პოლისის მოქმედების ვადაში არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მართალია, „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ 2012 წლის 11 აპრილის ბოლო ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ არც ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ჰქონია ადგილი დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად მზღვეველისათვის შეტყობინებების გაგზავნას ავტომანქანათა გაუჩინარების შესახებ. ასეთი ინფორმაცია მზღვეველისთვის მიწოდებულ იქნა მხოლოდ სარჩელის შეტანის შემდგომ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებისა და სარჩელზე დართული მასალების მეშვეობით;

20.14. პირველი ინფორმაცია ავტომანქანათა შესახებ ასახულია სარჩელზე დართულ ვინმე ლ. ჯ-ის განცხადებაში ძველი თბილისის სამმართველოს უფროსისადმი, რომელიც, როგორც შპს „ა.“–ს დამფუძნებელი, აცხადებს, რომ გ. ა-ეზე 2011 წლის 8 დეკემბერს გაიცა სესხი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის უზრუნველსაყოფადაც დალომბარდებულ იქნა მ-ის მარკის ავტომობილი, მსესხებელი კი უარს აცხადებს სესხისა და მანქანის დაბრუნებაზე, მაგრამ ამ განცხადებაში ასახულ ინფორმაციას და შსს ძველი თბილისის სამმართველოს 2012 წლის 22 ოქტომბრის N1409136 პასუხს შემხებლობა არ აქვს მხარეთა შორის დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებებთან, ვინაიდან ამ განცხადებაში ასახულ პერიოდში (08.12.2011წ) სესხის თანხა გაცემული არ იყო მსესხებელზე, მასზე სესხი გაიცა 2011 წლის 17–19 დეკემბერს; ამასთან, უზრუნველყოფის საგანია არა მ-ის მარკის ავტომანქანა, არამედ „ლ.“–სა და „კ–ს მარკის ავტომანქანები. სხვა საკითხია, რომ ჯ-ის განცხადების შეტანის დროს დაზღვევის პოლისის ვადა გასული იყო (17.06.2012წ), ხოლო მესამე პირის მიერ შსს ორგანოში შეტანილი განცხადება არ არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძველი;

20.15. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია დამზღვევის მხრიდან მზღვეველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინებისა და ზიანის განაცხადის მიმართვის აუცილებლობა და აღნიშნული მხარეთა შეთანხმების არსებით პირობას წარმოადგენს, ვინაიდან ხელშეკრულებათა მიხედვით, მზღვეველი უპირობოდ კი არ ასრულებს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებას, არამედ მას გააჩნია განაცხადში ასახული მოთხოვნის ნამდვილობის შემოწმების, დაზუსტების, დამზღვევის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის მიხედვით ანაზღაურების გაცემისა და შეჩერების უფლებები. ასეთი წესის გათვალისწინება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის დანაწესიდან.

20.16. სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, მაგრამ მას მხედველობიდან გამორჩა ამ ნორმის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, მხარეთა უფლება–მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტად აღიარებულია რა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეს გააჩნია უფლება უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დამზღვევის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სადაზღვევო პოლისების მოქმედების ვადებში არ იქნა გაგზავნილი შეტყობინებები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ანაზღაურების შესახებ, დამზღვევს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შესრულებაზე;

20.17. სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა ეს ნორმა, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 799-ე მუხლი.

21. კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა შუამდგომლობა შპს „ს-ის“ სამართალმემკვიდრედ სს „ა-ის“ ცნობის თაობაზე.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა სს „ა-ა“.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის 17360 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერება.

29. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამართლის ნორმები, არასწორად განმარტა სსკ-ის 799-ე მუხლი [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი], გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი] და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი].

30. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 799-ე მუხლის [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად] არასწორი განმარტების თაობაზე და განმარტავს, რომ მზღვეველის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით და მასში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება არ შეესაბამება მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც ადასტურებს, რომ დამზღვევმა მზღვეველს 2012 წლის 27 იანვრისა და 2012 წლის 30 იანვრის წერილებით შეატყობინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე.

32. 2012 წლის 27 იანვრის წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორი სადაზღვევო კომპანიის გენერალურ დირექტორს კომპანიებს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული „ლომბარდული სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ“ №FIN-LL/11-0001 გენერალური ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ატყობინებს, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა №C-... პოლისთან (გაცემის თარიღი: 17.12.2011წ) დაკავშირებით და წერილში აღნიშნავს შემდეგს: „ვადასტურებთ, რომ ჩვენ დავეკონტაქტეთ მსესხებელს და მივუთითეთ სესხის გრაფიკის დარღვევაზე. მსესხებლისგან მიღებული განმარტებით, ვერ ხერხდება კლიენტთან დაკავშირება, არც სახლში არ იციან სად არის არც მისმა მეგობარმა არ იცის არაფერი. გთხოვთ, აგვინაზღაუროთ მიყენებული ზიანი ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო ჩვენი მხრივ შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ფუნქცია-მოვალეობებს მსესხებლისგან დავალიანების ამოღების მიზნით“ (იხ. ტ.1. ს.ფ 169).

33. 2012 წლის 30 იანვრის წერილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორი სადაზღვევო კომპანიის გენერალურ დირექტორს კომპანიებს შორის 2011 წლის 18 იანვარს გაფორმებული „ლომბარდული სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ“ №FIN-LL/11-0001 გენერალური ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ატყობინებს, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა №C-... პოლისთან (გაცემის თარიღი: 19.12.2011წ) და №C-... პოლისთან (გაცემის თარიღი: 19.12.2011წ) დაკავშირებით და წერილებში აღნიშნავს შემდეგს: „ვადასტურებთ, რომ ჩვენ დავეკონტაქტეთ მსესხებელს და მივუთითეთ სესხის გრაფიკის დარღვევაზე. მსესხებლისგან მიღებული განმარტებით, ვერ ხერხდება კლიენტთან დაკავშირება და ვერ მოძებნა, დაწყებულია ამოღების პროცედურები. გთხოვთ, აგვინაზღაუროთ მიყენებული ზიანი ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო ჩვენი მხრივ შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ფუნქცია-მოვალეობებს მსესხებლისგან დავალიანების ამოღების მიზნით“ (იხ. ტ.1. ს.ფ 168, 170).

34. ზემოაღნიშნული წერილების შინაარსობრივი შესწავლა ცხადყოფს, რომ 2012 წლის 27 იანვრისა და 2012 წლის 30 იანვრის წერილებით დამზღვევი მზღვეველს ატყობინებს მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკის დარღვევის თაობაზე. აღნიშნულ პერიოდში მხარეთა შორის მოქმედებდა „საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის შესახებ“ 2011 წლის 10 ოქტომბრის №CII/11-0001 გენერალური ხელშეკრულება (შემდგომში - „დაზღვევის ხელშეკრულება“) (იხ. ტ. 1. ს. ფ. 67-73).

35. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, თუ მსესხებელი სესხის საპროცენტო ან/და ძირითადი თანხ(ებ)ის გადახდის ვადას 5 კალენდარულ დღეზე მეტით გადააცილებს, დამზღვევი უფლებამოსილია, ზიანის განაცხადით მიმართოს მზღვეველს და მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურების I ტრანში (5.1.1. ქვეპუნქტი); განაცხადში სულ მცირე უნდა აღინიშნოს, ამ 5-დღიან ვადაში: (ა) რა ფორმით მოხდა მსესხებელთან დაკავშირება. მსესხებლის მხრიდან ვადაგადაცილების რა მიზეზი დასახელდა და დარღვევის აღმოფხვრის რა თარიღი შეთანხმდა ან (ბ) რომ მსესხებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა დამზღვევისაგან დამოუკიდებელი მიზეზით (5.1.2. ქვეპუნქტი).

36. ამდენად, 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის წერილებით დამზღვევმა, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველს შეატყობინა მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკის დარღვევის თაობაზე, დამატებით მიუთითა ვადაგადაცილების მიზეზზე (ვერ ხერხდებოდა კლიენტთან დაკავშირება), მოითხოვა ხელშეკრულების მიხედვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და აღნიშნა, რომ შემჭიდროებულ ვადებში განახორციელებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ფუნქცია-მოვალეობებს მსესხებლისგან დავალიანების ამოღების მიზნით, რაც მზღვეველმა მართებულად მიიჩნია სადაზღვევო ანაზღაურების I ტრანშის მოთხოვნად.

37. საქმის მასალებით დასტურდება და აღნიშნული არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ, რომ ზემოაღნიშნული წერილების მიღებიდან რამდენიმე დღეში, 2012 წლის 1 თებერვალს სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს №1281 საგადახდო დავალებით ჩაურიცხა 1168,30 ლარი (გადახდის დანიშნულება: სადაზღვევო ანაზღაურება (პოლისი №C-...) (აქტი №CII/B3-11-0001-0179 (1.1) გ. ა-ე) (იხ. ტ. 1. ს. ფ. 165) და №1280 საგადახდო დავალებით - 1835,90 ლარი (გადახდის დანიშნულება: სადაზღვევო ანაზღაურება (პოლისი №C-... 1.1) გ. ა-ე) (იხ. ტ. 1. ს. ფ. 166), ხოლო 2012 წლის 3 თებერვალს №1419 საგადახდო დავალებით - 2503,50 ლარი (გადახდის დანიშნულება: სადაზღვევო ანაზღაურება (პოლისი №C-...) (აქტი №CII/B3-11-0001-0175 (1.1) გ. ა-ე) (იხ. ტ.1. ს.ფ. 167).

38. მაშასადამე, 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის წერილების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ 2012 წლის 1-3 თებერვალს ზემოაღნიშნული თანხების გადარიცხვის გზით, შეასრულა დაზღვევის ხელშეკრულების 5.1.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად, ზიანის განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მზღვეველი დამზღვევზე გაცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით (I ტრანში) (იხ. ტ. 1. ს. ფ. 69).

39. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის შეტყობინებების საფუძველზე I ტრანშით გათვალისწინებული თანხების მიღების შემდეგ, მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს, ხელშეკრულების 5.2.1., 5.3.1. და 5.4.1. ქვეპუნქტების პირობათა შესაბამისად, წარმოეშობოდა ყოველი მომდევნო ტრანშის ანაზღაურების მოთხოვნა.

40. ხელშეკრულების 5.1.4. ქვეპუნქტის თანახმად, I ტრანშის მიღების შემდეგ დამზღვევი ვალდებულია, მსესხებელს გაუგზავნოს გაფრთხილება, რომ მას გააჩნია დავალიანება, რომლის არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში მოხდება ქონების ამოღება და რეალიზაცია. ხელშეკრულების 5.2.1. ქვეპუნქტის თანახმად, თუ გაფრთხილება (5.1.4. ქვეპუნქტი) უშედეგო აღმოჩნდა და დგება მე-2 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი, დამზღვევი უფლებამოსილია ზიანის განაცხადით მიმართოს მზღვეველს და მოითხოვოს II ტრანში. განაცხადში უნდა აღინიშნოს, რომ 5.1.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება დამზღვევმა: (ა) უზრუნველყო; ან (ბ) მისგან დამოუკიდებელი ან სხვა ობიექტური მიზეზით/გათვლით ვერ უზრუნველყო, ამ მიზეზის დასახელებით (5.2.2. ქვეპუნქტი). მზღვეველი მე-2 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღის მიხედვით დამზღვევზე გაცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით (II ტრანში) (5.2.3. ქვეპუნქტი).

41. ხელშეკრულების 5.2.4. ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზი, II ტრანშის მიღების შემდეგ დამზღვევი ვალდებულია: (ა) მოიპოვოს გირავნობის მოწმობა (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში) ან სააღსრულებო ფურცელი (უძრავი ნივთის შემთხვევაში) და წარუდგინოს ის აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ან (ბ) თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაფორმებულია დამზღვევის ან მასთან დაკავშირებული პირის სახელზე - უზრუნველყოს მსესხებლისგან ქონების ჩამორთმევა. ხელშეკრულების 5.3.1. ქვეპუნქტის თანახმად, თუ დგება მე-3 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი და მსესხებლის დავალიანება დაფარული არაა (მათ შორის, ქონების რეალიზაციის მეშვეობით), დამზღვევი უფლებამოსილია, ზიანის განაცხადით მიმართოს მზღვეველს და მოითხოვოს III ტრანში. განაცხადში უნდა აღინიშნოს, რომ 5.2.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება დამზღვევმა: (ა) უზრუნველყო; ან (ბ) მისგან დამოუკიდებელი ან სხვა ობიექტური მიზეზით/გათვლით ვერ უზრუნველყო, ამ მიზეზის დასახელებით (5.3.2. ქვეპუნქტი). მზღვეველი მე-3 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღის მიხედვით დამზღვევზე გაცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით (III ტრანში) (5.3.3. ქვეპუნქტი).

42. ხელშეკრულების 5.3.4. ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზი, დამზღვევი ვალდებულია: 5.3.4.1. უზრუნველყოს ქონების რეალიზაცია არანაკლებ იმ თანხით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს როგორც მისი, ისე მზღვეველის ზიანის დაფარვა ამ უკანასკნელის მიერ გაცემული ტრანშების ჯამის ოდენობით; ან 5.3.4.2. შეასრულოს 5.2.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესრულება მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზით ვერ უზრუნველყო II ტრანშის მიღების შემდეგ. ხელშეკრულების 5.4.1. ქვეპუნქტის თანახმად, თუ დგება მე-4 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი და მსესხებლის დავალიანება დაფარული არაა (მათ შორის, ქონების რეალიზაციის მეშვეობით), დამზღვევი უფლებამოსილია, ზიანის განაცხადით მიმართოს მზღვეველს და მოითხოვოს IV ტრანში. განაცხადში უნდა აღინიშნოს, რომ 5.3.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება დამზღვევმა: (ა) უზრუნველყო; ან (ბ) მისგან დამოუკიდებელი ან სხვა ობიექტური მიზეზით/გათვლით ვერ უზრუნველყო, ამ მიზეზის დასახელებით (5.4.2. ქვეპუნქტი). მზღვეველი მე-4 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღის მიხედვით დამზღვევზე გაცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის ძირითადი თანხის ან ქონების რეალიზაციის თანხასა და ძირითად თანხას შორის სხვაობის ოდენობით (IV ტრანში), თუ მზღვეველი და დამზღვევი სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ (5.4.3. ქვეპუნქტი). თუ არ არსებობს მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზი, IV ტრანშის მიღების შემდეგ დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს ქონების რეალიზაცია არანაკლებ იმ თანხით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მზღვეველის ზიანის დაფარვა ამ უკანასკნელის მიერ გაცემული ტრანშების ჯამის ოდენობით (5.4.4. ქვეპუნქტი).

43. ამდენად, ხელშეკრულების 5.2.1., 5.3.1. და 5.4.1. ქვეპუნქტების თანახმად, დამზღვევს უფლება ჰქონდა ზიანის განაცხადში იმაზე მითითებით, რომ ამავე ხელშეკრულების 5.1.4., 5.2.4. და 5.3.4. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება უზრუნველყო ან მისგან დამოუკიდებელი ან სხვა ობიექტური მიზეზით/გათვლით ვერ უზრუნველყო, ამ მიზეზის დასახელებით, მიემართა მზღვეველისთვის ყოველი მომდევნო, II, III და IV ტრანშის მიღების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების 6.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა, თუ დამზღვევი არ ასრულებს 5.1.4., 5.2.4., 5.3.4., 5.4.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას - მის მიერ სათანადო ნაბიჯების გადადგმამდე, ხოლო მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება ნებისმიერ ეტაპზე უქმდება, თუ დამზღვევი ფაქტობრივად უარს ამბობს 5.1.4., 5.2.4., 5.3.4., 5.4.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებაზე (6.2.2. ქვეპუნქტი) (იხ. ტ. 1. ს. ფ. 67-73).

44. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დამზღვევმა I ტრანშის მიღების შემდეგ მიმართა მზღვეველს მომდევნო ტრანშის მიღების მოთხოვნით. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დასტურდება, რომ დამზღვევმა მზღვეველს შეატყობინა სესხის ხელშეკრულების უზრუნველმყოფი ავტომანქანების დაკარგვის თაობაზე და მოითხოვა მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის გაგზავნილი 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის შეტყობინებები. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის წერილების საფუძველზე არასწორად, სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, დაადგინა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (ავტომანქანების დაკარგვის) თაობაზე შეტყობინების ფაქტი.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე შეტყობინების ფაქტი დაადგინა 2012 წლის 27 იანვრისა და ამავე წლის 30 იანვრის წერილების საფუძველზე. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პრეტენზია, რომ სადავო ფაქტი დგინდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე უთითებს მხოლოდ იმას, რომ დასახელებული წერილებით არ დასტურდება სადავო გარემოება, რაც საკასაციო პალატამ გაიზიარა.

46. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სარჩელზე თანდართულ ორ დოკუმენტს. კერძოდ, საქმეშია დაუთარიღებელი წერილისა [მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ატყობინებს სადაზღვევო კომპანიის გენერალურ დირექტორს, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა №C-..., №C-... და №C-01 პოლისებთან დაკავშირებით და აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: „ვადასტურებთ, რომ ჩვენ დავეკონტაქტეთ მსესხებელს და მივუთითეთ სესხის გრაფიკის დარღვევაზე. მსესხებლისგან მიღებული განმარტებით, ავტომანქანები გადაყვანილია აფხაზეთში და შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებულ ძალებს აღემატება აღნიშნული ავტომანქანების ამოღება, შესაბამისად, გთხოვთ, უახლოეს ვადაში ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აგვინაზღაუროთ სრული ზარალი, რაც მიადგა ჩვენს კომპანიას აღნიშნული ფაქტით, ჩვენს მიერ საქმე აღძრულია კრიმინალურ პოლიციაში და ველოდებით რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი კომპანია მიმართავს სამართლებრივ გზას ზიანის ასანაზღაურებად“ (იხ. ტ. 1. ს. ფ. 23)] და 2012 წლის 14 აგვისტოს წერილის [აღნიშნული წერილით დამზღვევი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას, მათ შორის, 2011 წლის 17-19 დეკემბერს მსესხებელზე გაცემულ სესხებზე და ასევე აღნიშნავს, რომ ავტომანქანები გადაყვანილია აფხაზეთში, საქმე შეტანილია კრიმინალურ პოლიციაში და მიმდინარეობს გამოძიება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 24-26)] ასლები, რომელთა თანახმად, დამზღვევი მზღვეველს ატყობინებს ავტომანქანების დაკარგვის ფაქტს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნული წერილების მოპასუხისთვის გაგზავნისა და მისთვის ჩაბარების გარემოებას და, ამავე დროს, მოპასუხე უარყოფს სარჩელის გაცნობამდე ავტომანქანათა გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციის მიღების ფაქტს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული წერილები მართებულად არ იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

47. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, დამზღვევის მტკიცების ტვირთი იყო იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მან მზღვეველს მიმართა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით (ავტომანქანების დაკარგვით) მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების თაობაზე, რაც მან ვერ განახორციელა.

48. საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნაზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2012 წლის 27 იანვრისა და 2012 წლის 30 იანვრის წერილები განმარტებული იქნება იმგვარად, რომ ისინი არ შეიცავენ ავტომანქანების გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციას, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობისაგან მზღვეველის გათავისუფლების წინაპირობა, ვინაიდან გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე.

49. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება სსკ-ის 812-ე მუხლის [თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე] არასწორ განმარტებას. სსკ-ის 812-ე მუხლი სისტემურ კავშირშია სსკ-ის 808-ე მუხლთან, რომელიც ადგენს დამზღვევის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. სსკ-ის 812-ე მუხლით კანონმდებელი იცავს დამზღვევის ინტერესებს და არ ათავისუფლებს მზღვეველს თავისი მოვალეობის შესრულებისაგან იმ შემთხვევაშიც, როდესაც დამზღვევის მიერ 808-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ არის მიზეზობრივ კავშირში სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვევლის მოვალეობის შესრულებასთან.

50. ამდენად, სსკ-ის 812-ე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი მზღვეველს არ შეატყობინებს ინფორმაციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ზემოაღნიშნულ შინაარსს შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-657-624-2014 განჩინებაც, რომელშიც სსკ-ის 812-ე მუხლი განმარტებულია სსკ-ის 808-ე მუხლთან კავშირში [სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლი მზღვეველის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძვლად მოიაზრებს მხოლოდ იმგვარი გარემოების მიმართ შეტყობინების ვალდებულების დარღვევას (არასწორი ინფორმაციის მიწოდებას), რომელმაც გავლენა მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია არა 808-ე მუხლით გათავლისწინებულ ნებისმიერ არსებით გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე ან მის შინაარსზე, არამედ მხოლოდ იმ სახის გარემოებაზე, რომელმაც გავლენა მოახდინა თავად სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე]. სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებულ საქმეში სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ დამზღვევმა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მზღვეველს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ხელშეკრულების გაფორმებამდე მისი ბრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის არსებობის შესახებ.

51. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი ზემოაღნიშნული განჩინებაც და სსკ-ის 812-ე მუხლიც არარელევანტურია მოცემულ დავასთან მიმართებით, რადგან აღნიშნული მუხლით არ არის მოწესრიგებული ის შემთხვევა, რაც განსახილველ საქმეშია დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (ავტომანქანების გაუჩინარების) თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა.

52. გამომდინარე იქედან, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, არც 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის წერილებით და არც საქმის მასალებით დასტურდება სადაზღვევო შემთხვევის (ავტომანქანათა დაკარგვის) შესახებ შეტყობინებისა და დამზღვევის მიერ სადაზღვევო თანხის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 814-ე მუხლი [814.1. მუხლი: სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს]. აღნიშნული მუხლი ავალდებულებს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს. თუმცა, დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს მზღვეველს (თუნდაც ეს პირობა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყოს), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა [814.3 მუხლი: მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა].

53. მაშასადამე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევის (ავტომანქანების გაუჩინარების) შეუტყობინებლობით არსებითად დაირღვა თუ არა მზღვეველის ინტერესი.

54. მზღვეველი შესაგებელში უთითებს, რომ მოსარჩელემ სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა თანხის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკარგულია ყველა მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 154).

55. დაზღვევის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევი მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს მსესხებლისაგან დავალიანების ამოღებას, მათ შორის, ქონების რეალიზაციის გზით (მაგ., 5.10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ან სესხის ძირითადი თანხის ტრანშის გაცემიდან გავა 4 თვე და დამზღვევი საერთოდ ვერ უზრუნველყოფს ამას (მაგ.: ქონების სრული განადგურება, მისი ვერმოძებნა და ა.შ.), დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს გადაცეს მოთხოვნის (რეგრესის) უფლება მსესხებლის მიმართ. ეს ვადა ავტომატურად გრძელდება, თუ ქონების რეალიზაცია ვერ ხერხდება იმ მიზეზით, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ ქონება მიჩნეულია ნივთიერ მტკიცებულებად და დალუქულია/დაყადაღებულია ან მზღვეველისათვის მისაღები სხვა ობიექტური მიზეზით. ამასთან, დამზღვევი ვალდებულია ყველა კანონიერი გზით დაიცვას თავისი უფლებები მოცემულ ქონებასთან მიმართებით. ხელშეკრულების 5.13. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების პრინციპების გათვალისწინებით (მათ შორის, ქონების სალიკვიდაციო ღირებულების დაკლების გამო), სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მზღვეველმა შეიძლება ტრანშების რიგითობის დაუცველად, ვადამდე აანაზღაუროს სესხის ძირითადი თანხის ზიანი და, ამგვარად, დამზღვევისაგან მიიღოს მოთხოვნისა (რეგრესის) და, შესაბამისად, ქონების რეალიზაციის უფლება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 71).

56. ამდენად, მზღვეველს დამზღვევის მიერ ავტომანქანათა დაკარგვის თაობაზე შეტყობინების დროულად განხორციელების შემთხვევაში, შეეძლო ტრანშების რიგითობის დაუცველად ვადამდე აენაზღაურებინა სესხის ძირითადი თანხის ზიანი და დამზღვევისაგან მიეღო მოთხოვნის უფლება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი ვერ უზრუნველყოფდა მსესხებლისგან დავალიანების ამოღებას, დამზღვევი ვალდებული იყო მზღვეველისთვის გადაეცა მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ.

57. დამზღვევის მიერ მზღვევლისთვის მოთხოვნის დათმობა იურიდიულ დოქტრინაში ცნობილია სუბროგაციის სახელით [სსკ-ის 832.1. პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს]. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც. განსახილველ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც, ვინაიდან ეს მოთხოვნა მასზე გადავიდა ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც იყო დამზღვევის ხელში (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, 2012 წლის 5 სექტემბერი).

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას, რომელშიც ხდება დამზღვევის (კრედიტორის) ჩანაცვლება მზღვეველით (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, 2012 წლის 5 სექტემბერი).

59. 2012 წლის 27 იანვრისა და 30 იანვრის წერილებით დასტურდება, რომ დამზღვევისთვის ამ პერიოდში უკვე ცნობილი იყო მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის თაობაზე. მოსარჩელე უთითებს და მხარეთა შორისაც სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამ დროისათვის დამზღვევმა შეიტყო მსესხებლის მფლობელობაში არსებული ავტომანქანებისა და მსესხებლის გაუჩინარების შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 7.4-7.5 ქვეპუნქტები), რაც სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად [სსკ-ის 130-ე მუხლი: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ] მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება. სსკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. გამომდინარე აქედან, 2015 წლის 27-30 იანვარს გავიდა მსესხებლისადმი დამზღვევის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. დამზღვევმა ზიანის ანაზღაურების სარჩელით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 17 მარტს, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 7 აპრილს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 84).

60. ამდენად, დამზღვევმა მსესხებელთან დადებული სასესხო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ შეატყობინა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (ავტომანქანების დაკარგვის) თაობაზე, რის გამოც მზღვეველის უფლება სუბროგაციის წესით მოთხოვნა წაუყენოს მსესხებელს განუხორციელებელი დარჩა და, შესაბამისად, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (ავტომანქანების დაკარგვის) თაობაზე შეუტყობინებლობით არსებითად შეილახა მზღვეველის ინტერესები.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა 814-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ათავისუფლებს მას სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.

62. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის პრეტენზიებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან 2011 წლის 10 ოქტომბრისა და 2012 წლის 11 აპრილის ხელშეკრულებების შინაარსის არასათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით იმის დასადგენად ითვალისწინებდა თუ არა ისინი და რა პირობებით ავტომანქანების დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას.

63. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

64. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

65. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

68. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.

69. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) კასატორის (მოპასუხის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5216 ლარისა (3036 ლარს + 2180, 42 ლარი) და 42 თეთრის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ე-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ე-ს“ (ს/კ: 4-...) სს „ა-ის“ (ს/კ 4-...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5216 (ხუთი ათას ორას თექვსმეტი) ლარისა და 42 თეთრის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე