Facebook Twitter

საქმე №ას-1283-2018 12 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ნ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 25 ოქტომბერს ნ.ნ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, რწმუნებული ან ადვოკატი) და ე.ნ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კლიენტი) შორის დაიდო საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და წესი, სახელდობრ:

1.1. ადვოკატს დაევალა მოპასუხისთვის იურიდიული დახმარების გაწევა ამ უკანასკნელის გარდაცვლილი ძმის - ი.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გარდაცვლილი ან მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღებასა და საკუთრების უფლებით აღრიცხვასთან, ასევე, კონკრეტულ უძრავ ნივთებზე მესამე პირთაგან საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. მომსახურების საფასური 15 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2. გარდაცვლილს ანდერძი არ დაუტოვებია. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან დედა - რ.ნ. (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოპასუხის დედა, გარდაცვლილის დედა ან პირველი რიგის მემკვიდრე) და შვილი - ი.ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებლის ან გარდაცვლილის შვილი).

3. მამკვიდრებლის დედამ მოსარჩელის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც მას მიანიჭა თურქეთში შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მისაღებად და ამ დავალების შესასრულებლად თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანტალიის გენერალურ პროკურატურასა და თურქეთის სხვა კომპეტენტურ ორგანოსა და დაწესებულებაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება (იხ. ტ.1, ს.ფ. 5-6).

4. თურქეთში ყოფნისას, ადვოკატმა განახორციელა შესაბამისი მოქმედებების შედეგად მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა (იხ. 2011 წლის 4 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი 1, ს.ფ. 94).

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ურთიერთობაში მოქმედებდა, როგორც მამკვიდრებლის დედის წარმომადგენელი, შესწორდა გარდაცვლილის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული ხარვეზი და გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 166-167).

6. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელემ მოაგვარა გარდაცვლილის სხვა პირველი რიგის მემკვიდრესთან ურთიერთობა, რაც დასტურდება მამკვიდრებლის შვილის კანონიერ წარმომადგენელთან (დედასთან) მოსარჩელის მიერ 2012 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებით, რომლის თანახმად, კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ მან უარი განაცხადა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილ წილზე.

7. 2012 წლის 30 მარტს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეზე - მოპასუხის დედის სახელზე. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადება ნოტარიუსთან მოსარჩელემ წარადგინა.

8. მოპასუხის დედამ მამკვიდრებლისგან მიღებული სამკვიდრო ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასცა საკუთრებაში.

9. ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება 2011 წლის 24 ოქტომბერს ბ.მ–მა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასცა საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 1 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, გამყიდველს ნასყიდობის თანხა - 8000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა.

10. 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, შეთანხმებული გასამრჯელოს, 15 000 აშშ დოლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ მან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა, მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ იხდის გასამრჯელოს.

11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან სადავოდ გახადა მოსარჩელის მხრიდან სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი, რის გამოც მას არ უნდა დაჰკისრებოდა ჰონორარის გადახდა. მოპასუხემ ასევე სადავო გახადა ხელშეკრულების ნამდვილობა და განმარტა, რომ მან სხვადასხვა დაწესებულებებში, მისი სახელით განცხადებების წარდგენის მიზნით, მოსარჩელეს ხელი მოუწერა რამდენიმე ცარიელ ფურცელზე და, მისი ვარაუდით, მოსარჩელემ სწორედ მის მიერ ხელმოწერილ ერთ-ერთ ცარიელ ფურცელზე, მოგვიანებით დაამატა შეთანხმების პირობები.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 361-ე, 709-ე და 710-ე მუხლები გამოიყენა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შესასრულებელი მოქმედებების ოდენობა და ფარგლები არ არის აქტუალური, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სპეციალურ დათქმას ამის შესახებ. თუ გარიგების შინაარსი მოიცავს მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ დათქმას და არა კონკრეტულ პროცესუალურ მოქმედებას, მაშინ წარმომადგენლის მიერ პროცედურული მოქმედებების დაწყება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ მას მოსარჩელისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულება ფიზიკურად არ მიუღია, რადგან იურიდიული მომსახურების ხარისხი არ შეიძლება, განისაზღვრებოდეს საბოლოო მატერიალური შედეგით, შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, განსახილველ შემთხვევაში, არარელევანტური იყო;

14.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მოთხოვნის საფუძველი წარუმატებელ მომსახურებაში არ მდგომარეობდა, არამედ მოთხოვნის საფუძველი დავალების ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედების განუხორციელებლობა, უფრო ზუსტად კი, უმოქმედობა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს მართებულად დაეკისრა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

15. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

15.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულების ტექსტი მოსარჩელემ დაამატა მოპასუხის მიერ ხელმოწერილ ცარიელ ფურცელზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელესთან სადავო ხელშეკრულების დადების ნება არ გამოუვლენია. ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო, გამოეკვლია დოკუმენტის ნამდვილობის საკითხი.

15.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად ჩათვალეს მოსარჩელის მიერ მესამე პირის - მამკვიდრებლის დედის მიმართ შესრულება სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულებად;

15.3. მოპასუხეს მოსარჩელისგან არ მიუღია ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულება. ადვოკატმა ისეთი ვალდებულებები იკისრა სადავო ხელშეკრულებით, რომლის შესრულებაც მოსარჩელეს, საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, არ შეეძლო, აღნიშნული კი არ ქმნიდა საფუძველს, ვალდებულება შეესრულებინა მოპასუხის დედის მიმართ;

15.4. მოსარჩელემ სამართლებრივი მოქმედებები მოპასუხის დედასთან დადებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა და არა სადავო ხელშეკრულების ფარგლებში;

15.5. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის დედის მხრიდან მისთვის უძრავი ქონების ჩუქება არასწორად ჩათვალა სამკვიდროს მიღებაში მოსარჩელისთვის იურიდიულ დახმარებად;

15.6. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში 2016 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხის შუამდგომლობა 2011 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმების მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, უარყოფილ იქნა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობას იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულების დადების ნება არ გამოუვლენია. კასატორის განმარტებით, მან ხელი მოაწერა სუფთა ფურცელზე, რაზეც შემდგომში სადავო ხელშეკრულების ტექსტი დაემატა მექანიკური საშუალებით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულების სიყალბის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა (სსსკ-ის 102.1 და 102.3 მუხლები), რომელმაც, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს თავად უნდა გამოეკვლია სადავო ხელშეკრულების ნამდვილობა ექსპერტიზის ჩატარების მეშვეობით, გამომდინარე იქიდან, რომ, სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს პასიური როლი აქვს სამოქალაქო დავებზე მტკიცების პროცესში და ის მთლიანად მინდობილია მხარეებზე, რომლებსაც, სსსკ-ის 103.1 მუხლის საფუძველზე, უშუალოდ ევალებათ სასამართლოსთვის მტკიცებულებების წარდგენა.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო ხელშეკრულების სიყალბე.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მისი სახელით განცხადებების წარსადგენად მოსაჩელემ მას ცარიელ ფურცლებზე მოაწერინა ხელი. ამასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ, გარდა სადავო ხელშეკრულებისა, მოსარჩელე მოპასუხესთან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ადვოკატის სახელზე მინდობილობა გაცემული იყო მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრის - რ.ნ–ის მიერ, სამკვიდროს მიღების პროცესში კასატორის (მეორე რიგის მემკვიდრე) მონაწილეობისა და მისი სახელით სხვადასხვა დაწესებულებებში განცხადებების წარდგენის რაიმე საჭიროება არ არსებობდა. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, რომ სადავო ხელშეკრულების დადებაზე მას ნება არ გამოუვლენია და ხელშეკრულების ტექსტი მოგვიანებით გაჩნდა მის მიერ ხელმოწერილ ცარიელ ფურცელზე.

20. სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

საკასაციო პალატას სადავო ხელშეკრულებაში კასატორის მიერ გამოვლენილი ნების განმარტების საფუძველზე მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელმა იკისრა მოსარჩელისთვის 15000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ადვოკატის იურიდიული დახმარების შედეგად მამკვიდრებლის სამკვიდროში შემავალ და მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ, უძრავ ნივთებზე (მდებარე: ქ. თბილისში, ......; ქ. თბილისში, .......; ქ.თბილისში, ......; ქ.თბილისში ......) მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების მიმართ კასატორის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ზემოხსენებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვებაში იურიდიული დახმარება, ხოლო რაც შეეხება ქონების დაბრუნებასა და მემკვიდრეობით მიღებას, აღნიშნული მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება იყო და, შესაბამისად, ხელშეკრულების შედეგის განმსაზღვრელ ფაქტორად არ განიხილება.

21. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელე მოპასუხის დავალების შესაბამისად გაემგზავრა თურქეთში, სადაც ამ უკანასკნელის სახელითა და ხარჯით შეასრულა მოქმედებები, რის შედეგადაც მიიღო გარდაცვალების მოწმობა. გარდა ამისა, მოსარჩელის ძალისხმევით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაასწორა მამკვიდრებლის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული ხარვეზი და გასცა განმეორებითი დაბადების მოწმობა.

გარდა აღნიშნულისა, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მოსარჩელემ მოაგვარა გარდაცვლილის სხვა პირველი რიგის მემკვიდრესთან ურთიერთობა, რაც დასტურდება მამკვიდრებლის შვილის კანონიერ წარმომადგენელთან (დედასთან) 2012 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებით, რომლის თანახმად, მან უარი განაცხადა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილ წილზე, კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ. 2012 წლის 30 მარტს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეზე - მოპასუხის დედაზე. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, მემკვიდრის (რ.ნ–ის) სახელით ნოტარიუსთან წარადგინა მოსარჩელემ, რომელსაც ერთვოდა მამკვიდრებლის დაბადებისა და მისი გარდაცვალების მოწმობები.

ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება 2011 წლის 24 ოქტომბერს ბ.მ–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს საკუთრებაში. დადგენილია, რომ ბ.მ–სა და მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ნასყიდობის თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რა დროსაც ბ.მ–ს მოპასუხე შეხვდა თავის წარმომადგენელთან, ანუ მოსარჩელესთან ერთად და მოლაპარაკების შედეგად, მას გადაუხადეს 8000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, სარჩელზე წარმოება აღარ გაგრძელებულა და დარჩა განუხილველად, მისი გამოხმობის გამო. ბ.მ–ისათვის წერილში მითითებული თანხის - 8000 აშშ დოლარის გადახდა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 1 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, რომლის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია მოსარჩელე.

ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი იურიდიული მომსახურება.

22. უდავოა, რომ სადავო ხელშეკრულებაში მითითებულ უძრავ ნივთებზე მოპასუხემ მოიპოვა საკუთრების უფლება.

ამდენად, რადგანაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ შესრულებული მოქმედებების შედეგად, მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე მოიპოვა საკუთრების უფლება, სასაკაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს - 15000 აშშ დოლარის გადახდა.

23. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული საოქმო განჩინების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხსენებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერი იყო და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

25. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

26. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.3-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი