გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-152-74-კს-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 აგვისტოს შეერთებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის შვეიცარიულ კომპანია «შერინგ-პლაგ ლტდ”-ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის EღIFED რეგისტრაციის ¹AM 2000 01 5668, რეგისტრაციის თარიღი: 16 თებერვალი 2002 წელი, რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება მოითხოვა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეერთებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტიოლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძვნა:
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენლის შ. გ-ეზე გადასაცემად მის მეუღლეს 2003წ. 17 თებერვალს ჩაბარდა, ხოლო შ. გ-ემ გადაწყვეტილების ასლი 2003წ. 20 მარტს ჩაიბარა. სააპელაციო საჩივარი კი რაიონულ სასამართლოში იმავე წლის 29 აპრილს იქნა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-მა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა გაუშვა, ამავე მუხლის თანახმად კი, «ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო”.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სსკ-ს 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაშვების ერთ-ერთი პირობა _ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში გასაჩივრება, არ არსებობდა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში შეერთებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-მა კერძო საჩივარი შეიტანა და ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე მიუთითა:
იგი აღნიშნავდა, რომ შ. გ-ეს მართალია გადაწყვეტილების ასლი 2003წ. 20 მარტს გადაეცა, მაგრამ გადაწყვეტლების ტექსტში მეტად მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული, რის გამოც მან ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და ამ შეცდომების გასწორება მოითხოვა. 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების შესწორებული ტექსტი დღემდე არ მიუღია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შეერთებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივნისის და 2003წ. 2 ივლისის განჩინებები ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-მა სააპელაციო წესით გასაჩივრების სსკ-ს 369-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა გაუშვა, ამავე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო წესით გასაჩივრების დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო სსკ-ს 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის წარმომადგენლის მითითება შესწორებული გადაწყვეტილების მიღებიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის თაობაზე, რადგან ზემოაღნიშნულს მოქმედი სსკ არ ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გაერთიანებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 შეერთებული სამეფოს კომპანია «ზ. ვ. ფ. ლ.”-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივნისის და 2003წ. 2 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.