საქმე №ას-1319-1239-2017 17 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. შ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. და ნ. კ–ები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. შ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „იპოთეკარი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“) და თ. კ-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ა-2-ში (შემდგომში - „უძრავი ქონება“), საჯარო აუქციონზე იძულებით რეალიზაცია.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2011 წლის 13 ივლისს მოსარჩელემ, როგორც იპოთეკარმა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ მოპასუხეს 9000 აშშ დოლარი ასესხა ერთი წლის ვადით, 2012 წლის 13 ივლისამდე, ყოველთვიურად 5%-ის სარგებლით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი იპოთეკარისთვის უნდა გადაერიცხა სს „თ-ში“. აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;
2.2. მსესხებელმა ყოველთვიური პროცენტი გადაიხადა რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვა დანარჩენი პროცენტი და ძირითადი თანხა მსესხებელს არ გადაუხდია. იპოთეკარმა მსესხებელი რამდენჯერმე გააფრთხილა პროცენტის გადახდის თაობაზე, მაგრამ ამაოდ;
2.3. 2016 წლის 16 ივნისს მსესხებელმა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა თავის მეუღლეს - მეორე მოპასუხეს. იპოთეკარის მიერ მსესხებლის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებელმა არსებული დავალიანება არ დაფარა, მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვნად გადააცილა თანხის დაფარვის ვადებს;
2.4. მეორე მოპასუხემ გააჭიანურა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მის მიერ გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 15000 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს შესაგებლები არ წარუდგენიათ, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: №0-...) სარეალიზაციოდ მიქცევა.
4. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი თანდართული საბუთებით მოპასუხეებს ჩაბარდათ სარჩელში მითითებულ მისამართზე, მაგრამ მათ შესაგებელი არ წარუდგენიათ, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის და არც წარდგენის ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ.
5. საქალაქო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2011 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ასესხა 9000 აშშ დოლარი ყოველთვიური 5% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდებოდა ამ ქონების რეალიზაცია სსკ-ის მე-300 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
5.2. 2016 წლის 16 ივნისს მსესხებლის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე;
5.3. მოპასუხეები თავს არიდებენ ხელშეკრულების პირობების შესრულებას.
6. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, მე-400, 286.1, 301.1 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
7. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი, რომლითაც სადავოდ გახადეს როგორც შესაგებლის წარუდგენლობის არასაპატიო მიზეზის არსებობა, ასევე საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. მოპასუხეებმა შესაგებელი სასამართლოს არ წარუდგინეს არასაპატიო მიზეზით;
11.2. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, თუმცა რა თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს ქონების რეალიზაცია, საქმის მასალებით (სარჩელით) დაუდასტურებელია, რადგან სასარჩელო მოთხოვნას არ შეადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და აღნიშნულის შემდგომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 286.1 და 301.1 მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას ანუ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან იპოთეკა (იპოთეკის ხელშეკრულება) აქცესორული უფლებაა და ის გამომდინარეობს სხვა ძირითადი უფლებისაგან. ის გარემოება, თუ რა მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა კრედიტორს (მოსარჩელეს) მოპასუხეთა ქონების რეალიზაციით, სარჩელით არ დგინდებოდა, უფრო მეტიც, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი გაუმართავი და იურიდიულად გაუმართლებელი იყო, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით მის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა 2011 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა და სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ასევე 2016 წლის 16 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონების ჩუქება მეორე მოპასუხისთვის. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 286-ე, 301-ე, მე-400, 316-ე, 361-ე, 623-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე და, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები;
14.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არეულია მოსარჩელისა და მოპასუხის გვარები და გაუგებარია, ვისზე საუბრობს სასამართლო.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმ დასაბუთებას ემყარება, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
22. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალური წინაპირობების არსებობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შესაგებელი სასამართლოს არ წარუდგინეს არასაპატიო მიზეზით.
23. თუმცა, გარდა ფორმალური წინაპირობებისა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული (სარჩელში მითითებული) ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
24. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ა-2-ში, საჯარო აუქციონზე იძულებით რეალიზაცია (იხ. ტ. 1. ს. ფ. 5).
25. ზემოაღნიშნული მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 286.1 [უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)] და 301.1 [თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული] მუხლები.
26. საკასაციო პალატის განმარტებით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ მოვალე არ ასრულებს ანდა არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებათა არსებობა დამოკიდებულია რაიმე ვალდებულების არსებობაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც ისინი არსებობენ. ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, წარმოადგენს მთავარ (ძირითად) ვალდებულებას, ხოლო მისი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები დამატებით (აქცესორულ) ვალდებულებებს.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკა არის აქცესორული ხასიათის სანივთო უფლება [სსკ-ის 153-ე მუხლი: აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს] და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველსაყოფი მოთხოვნის არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს დამოუკიდებელი სახის მატერიალურ მოთხოვნას და იგი დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა იპოთეკა. სხვაგვარად რომ ითქვას, მოსარჩელის მოთხოვნის (იპოთეკის საგნის რეალიზაცია) დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის (ძირითადი მოთხოვნა) დაკმაყოფილების შემთხვევაში.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელით არ არის მოთხოვნილი ძირითადი (სესხის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და, გამომდინარე აქედან, სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია იურიდიულად გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სსკ-ის 623-ე [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], 625.1. [მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი], 317.1 [ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან], 316.1 [ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება] და 361.2 [ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] მუხლების საფუძველზე მოითხოვდა პირველი მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულებას.
29. გარდა ამისა, სარჩელის შინაარსიდან არც ის ირკვევა, რა მოცულობის იყო მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ანუ სარჩელში არ არის მითითებული ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
30. სარჩელიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.4. ქვეპუნქტები) ირკვევა, რომ მეორე მოპასუხემ გააჭიანურა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მის მიერ გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 15 000 აშშ დოლარი. გამომდინარე იქედან, რომ სარჩელის თანახმად, მოსარჩელის პირად მოვალეს წარმოადგენს პირველი მოპასუხე და სწორედ ეს უკანასკნელია მოსარჩელის წინაშე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდაზე ვალდებული პირი, ამასთან, სარჩელში არც ის არის მითითებული, რომ მეორე მოპასუხემ იკისრა პირველი მოპასუხის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების შესრულება, დადგენილად ვერ იქნება მიჩნეული, რომ პირველი მოპასუხის მიერ გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 15000 აშშ დოლარი.
31. ამდენად, სარჩელში არ არის მითითებული ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, უფრო მეტიც, სარჩელით არც ძირითადი ვალდებულების შესრულებაა მოთხოვნილი, რის გამოც მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
32. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არეულია მოსარჩელისა და მოპასუხის გვარები და გაუგებარია, ვისზე საუბრობს სასამართლო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული რამდენიმე ტექნიკური ხასიათის უსწორობა არ წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევას, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.
34. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
35. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება; სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი ანგარიშიდან), მთლიანობაში „14“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 179-192).
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზ----- ა------------ის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს №545 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარისა და 2017 წლის 9 ნოემბერს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 322 (სამას ოცდაორი) ლარისა და 50 თეთრის, ჯამში 622 (ექვსას ოცდაორი) ლარისა და 50 თეთრის 70% – 435 (ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი და 75 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. შ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ქ. შ-ს (პ/ნ: 6-...) დაუბრუნდეს ზ. ა-ის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს №545 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარისა და 2017 წლის 9 ნოემბერს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 322 (სამას ოცდაორი) ლარისა და 50 თეთრის, ჯამში 622 (ექვსას ოცდაორი) ლარისა და 50 თეთრის 70% – 435 (ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი და 75 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს ქ. შ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება; სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი ანგარიშიდან), მთლიანობაში „14“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 179-192);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე