საქმე №ას-1771-2018 28 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. თ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), გ. თ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა (ძირითად სარჩელში) თანასაკუთრების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლის ნახევრის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. მ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) და გ. თ-ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობის, მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის წინააღმდეგ თანასაკუთრების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლის ნახევრის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში 2013 წლის 28 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქ., საკადასტრო კოდი: №0-.... ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე: მცხეთა, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი: №7..; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქ., საკადასტრო კოდი: №0-..., ½ ნაწილის მესაკუთრედ. მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი: №7-..., ½ ნაწილის მესაკუთრედ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობის, მათი პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე. პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, წ-ის განკარგვით მიღებული სარგებლის 33800 აშშ დოლარის ½ ნაწილის, 16900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, წ--ზე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან (დადებული - 18.11.2014 წელს; 21.09.2012 წელს) გამომდინარე. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, წ-ის განკარგვით მიღებული სარგებლის − 25000 აშშ დოლარის ½ ნაწილის, 12500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანა მ-ის განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლის − 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელსა და პირველი მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტით და 273-ე მუხლის პირველი ნაწილით.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დამტკიცდა მორიგების შუამდგომლობა და შეწყდა საქმის წარმოება;
10.2. მხარეთა შორის შემდგარი მორიგების თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადათ 7000 ლარი და მისი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად − 400 ლარი. თუმცა მოპასუხეებმა მოსარჩელე მოატყუეს, მას არც ადვოკატმა გაუწია სათანადო დახმარება და, როგორც აღმოჩნდა, ხელი ისეთ დოკუმენტზე მოაწერინეს, რომლითაც მხოლოდ 7000 ლარის გადახდაა გათვალისწინებული;
10.3. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის 5 ნოემბერს, ერთი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მოპასუხეებმა უარი განაცხადეს შეთანხმების შესრულებაზე. ამდენად, საქმე გვაქვს მოტყუებით დადებულ გარიგებასთან, რომელიც მოსარჩელის ნებას არ გამოხატავს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, მიუთითეს, რომ საქმესთან დაკავშირებით მათ შორის შედგა შეთანხმება, უარი განაცხადეს სასარჩელო მოთხოვნებსა და სააპელაციო საჩივრებზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 123).
15. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელსა და პირველი მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ტ. 2. ს.ფ. 126-128).
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია პირადად მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადება, საიდანაც უტყუარად ირკვევა, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 123).
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს ზემოაღნიშნული დოკუმენტის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
19. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ მხარეთა შორის შემდგარი მორიგება არ გამოხატავს მის ნებას და წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის განხილვისას ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეთა შორის შეთანხმება არ დაუმტკიცებია. საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო არა შეთანხმების ტექსტი (ან მხარეთა შორის მორიგების ფაქტი), არამედ − მხარეთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ და მოპასუხეებმა უარი თქვეს თავიანთ სარჩელებზე.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს ცალკე სარჩელის საგანს და მოსარჩელეს შეუძლია იდავოს მის ბათილობაზე ახალი სასარჩელო წარმოების ფარგლებში.
22. ამგვარად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, თითოეული მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით, სარჩელზე ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოსარჩელის/აპელანტის საპროცესო უფლებაა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მოთხოვნიდან გამომდინარე მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე